პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ენტონი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობისა და მეგობრობის უფრო გაღრმავებას -რობინ დანიგანი

99
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

„ძალიან ვაფასებ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით – განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი, ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველოდები, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის წინსვლას. მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.