“სასამართლომ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე”

134
spot_img

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაშია აღნიშნული.

როგორც სასამართლო აღნიშნავს, კონსტიტუციური ჩანაწერიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრებს სრული დისკრეცია გააჩნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური დასკვნის შემთხვევაში, მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება – დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტს და, სამართლებრივად, არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა ამავდრულად, დასკვნაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურა, ერთგვაროვანი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც შესაბამისი პრეცედენტების დროს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პოლიტიკოსები არიან, მომავალშიც დაეხმარება, რომ მათ იმპიჩმენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენონ იმპიჩმენტის ინსტიტუტის არსისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით და კონსტიტუციურად გამართლებული მიზნებით.

„პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტა, კონსტიტუციის 48-ე მუხლის გაგებით, მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრთა მხრიდან სწორი, იმპიჩმენტის დანიშნულებისათვის შესატყვისი, პოლიტიკური კრიტერიუმები იქნეს შერჩეული და გამოყენებული, რათა პარლამენტის იმპიჩმენტური ვერდიქტი მხოლოდ ადეკვატურ შემთხვევებს დაუკავშირდეს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებაში ნაგულისხმები პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტა თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე ხმის მიცემისას, უნდა განიმარტოს იმპიჩმენტის ინსტიტუტის დანიშნულებისა და მიზნების ჭრილში. ეს იმას გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრებმა ხმის მიცემამდე უნდა განსაზღვრონ, მართლაც შეეხება თუ არა საქმე იმგვარ შემთხვევას, როდესაც შესაბამისი თანამდებობის პირის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვება, ჩადენილი ქმედების გამო, გამართლებული აღარ არის და მიზანშეუწონელია; საჯარო ინტერესის თვალსაზრისით, რა უფრო სწორია, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება თუ თანამდებობაზე დატოვება. პარლამენტის წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ თანამდებობის პირმა თავისი ქმედებით დაადასტურა თანამდებობასთან მისი შეუფერებლობა და ის, რომ მან აღარ შეიძლება გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ თანამდებობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას, იმპიჩმენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება და პოლიტიკური მიხედულობით მოქმედების შესაძლებლობა პარლამენტის წევრების მიერ გამოყენებულ იქნეს გონივრულად და ადეკვატურად, იმპიჩმენტის იდეის გააზრებით და შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ იმპიჩმენტის პროცედურის კონსტიტუციურობაზე შემდგომი სასამართლო კონტროლი გათვალისწინებული არ არის და ამ მხრივ რაიმე სამართლებრივი მისაგებელი არ არსებობს“,- ნათქვამია დასკვნაში.