Home Blog Page 2178

პირველი ქართული მობილური ოპერატორი mobineX დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად გაიხსნა

პირველი ქართული მობილური ოპერატორი mobineX -ის გახსნის ღონისძიება 2023 წლის 19 მაისს ქალაქ ლონდონში გაიმართა.

mobineX–ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო.

როგორც  „ჯორჯიან თაიმსს“, კომპანია Mobinex-იდან აცნობეს ლონდონში პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნის   ღონისძიებას  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მივესალმები პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმატება მინდა ვუსურვო mobineX-ის დამფუძნებლებს მათ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებასა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას,“ – აცხადებს  გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.

mobineX–ი მომხმარებლებს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს – იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი.

კომპანია იყენებს დიდ ბრიტანეთში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელი EE-ს ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს სრულყოფილი დაფარვა, იდეალური ტექნიკური აღჭურვილობა და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი.

mobineX–ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები – Inex Group თუ ტელეკომუნიკაცია – InexPHONE და ღვინის კომპანია – გიუაანი

.

“ვფიქრობ mobineX–ის გაშვება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიისთვის, ისე საქართველოს ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. მჯერა mobineX–ის წარმატების და ვიმედოვნებ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა გასცდება დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც შევძლებთ მობილურ ოპერატორად ფუნქციონირებას“ – აცხადებს mobineX–ის თანადამფუძნებელი რატი ახლედიანი.

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

კომპანიის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე – 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიკა ომანიძე – CMO

ტელეფონი: +995 555 109 193

ელ.ფოტა: m.omanidze@mobinex.uk ან marketing@mobinex.uk

(R)

“საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?”- გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

ანალიტიკოსის თქმით, საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში.

მისივე თქმით, არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო.

„რაღაც არ ისმის ეგზალტირებული ფსევდოების პროტესტი მოსკოვში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიზიტის გამო. ეტყობა, ყალბი მედასავლეთეებისთვის მიხეილ სააკაშვილის სულიერი მოძღვრობა ერთგვარი ინდულგენციაა რიგი ქვეყნების მიერ სანქცირებულ პატრიარქ კირილესთან შესახვედრად. საინტერესოა, რა გზავნილი გაატანა სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზს რუსეთში?.. მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სააკაშვილის მოძღვრის მოსკოვში ვიზიტზე“, – წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

როგორია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის უკრაინის სახელმწიფოებრივი მოდელი – უცხოური პრესა

თურქული გაზეთი „ენი საფაკი“ (Yeni Safak) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კორეული მოდელი“ უკრაინისთვის“ (ავტორი – აბდულა მურადოღლუ), რომელშიც განხილულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ასევე ომის შემდგომი უკრაინის სახელმწიფოებრივი ფორმის მოდელი. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადააქციოს, რომელიც წლობით და ათწლელობით გაგრძელდება – კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მსგავსად. კორეაში „სამოქალაქო ომის“ ცხელი ფაზა, რომელმაც ქვეყანა ჩრდილოეთად და სამხრეთ კორეად გაჰყო, 1950 წელს დაიწყო, სამი წელი გრძელდებოდა და 1953 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა, მაგრამ არ დასრულებულა. მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ მხარეებს შორის (ჩრდილოეთ კორეას – კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას – კორეის რესპუბლიკას) ომის საბოლოო დასრულების ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ჯერაც არ დადებულა.

ამერიკელი სპეციალისტების მიერ უკრაინისათვის მომზადებული „კორეული მოდელი“ ვაშინგტონში უპირატესობით სარგებლობს. არავინ არ იფიქროს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დღედაღამ წუხდა უკრაინელთა მძიმე მდგომარეობაზე და ამიტომ იძულებული გახდა ასეთ მოდელს დათანხმებულიყო. პირიქით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სწორედ ეს უნდა.

ლონდონი და ვაშინგტონი ერთად უშლიდნენ ხელს მოსკოვს და კიევს იმაში, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მათ შორის თურქეთის მიერ დაწყებული შუამავლობის დროსაც. ამერიკა ეჭვის თვალით უყურებს ჩინეთის წინადადებასაც და პეკინს ზურგი აქცია. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმის რწმენას, რომ ამერიკა უკრაინელტა ხელით ომს რუსეთთან აწარმოებს და იმედოვნებს, რომ კრემლისათვის უკრანაში ომი „მეორე ავღანეთად“ გადაიქცევა. როგორც სხვადასხვა ინფორმაციებით ირკვევა, დღეს ვაშინგტონი მეომარ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე და სადემარკაციო ხაზის გავლებაზე ფიქრობს, რომელსაც ორივე მხარე დაიცავს და „არ გადააბიჯებს“. თეთრი სახლის აზრით, „ომის გაყინვა“ დღეს დღეობით პოლიტიკურად ყველაზე მისაღებ გრძელვადიან შედეგს წარმოადგენს.

ამერიკელები ხაზს უსვამენ, რომ კიევს გაყინული ომის დროსაც მიაწვდიან შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, ტექნიკას, მათ შორის ავიაგამანაგურებელ „ფანტომ-16“-ის (F-16) ჩათვლით. „ითვალისწინებს რა იმას, რომ უკრაინას ვერ შეძლებს დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებას, ამერიკას სურს რომ კონფლიქტი დიდი ხნით გაიყინოს, რუსეთი დასუსტედება და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება რინგზე კაპიტულაციის თეთრი დროშა გამოფინოს“.

წყარო

“ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის” – ევროკომისია

ევროკომისიის პრესსპიკერის, ტიმ მაკფის განცხადებით, გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის.

„ბოლო წლის განმავლობაში ევროპამ განახორციელა ამბიციები გეგმის მიხედვით, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეწყვეტას გულისხმობს. ახლა ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ“, – განაცხადა მაკფიმ.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტიც, ხოლო ნავთობი რუსეთის ფედერაციიდან წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მოცულობის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებამდე იყო. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევით, გაზის მოხმარება მიმდინარე წლის მარტამდე სულ მცირე 15%-ით უნდა შემცირებულიყო.

ერთი დოლარის ღირებულება 2.5876 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5876 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ საქართველოში ჩამოასვენებენ

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ საქართველოში ჩამოასვენებენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძის ღვაწლზე ისაუბრა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავის მოძიებაში შეტანილი წვლილისთვის უზბეკეთში საქართველოს ელჩს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მუშაობა, რომ საქართველოში გადმოგვესვენებინა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მაშინდელი თავმჯდომარე – ნიკოლოზ, კარლო ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარედ დაუსწრებლად. ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, დიპლომატიური მისიით  იმყოფებოდა ევროპაში და მაშინდელი თავმჯდომარე დაბრუნდა 1920 წლის ბოლოს, იმ პერიოდში ფაქტობრივად ალექსანდრე ლომთათიძე ხელმძღვანელობდა პარლამენტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო, ის დარჩა საქართველოში, მათ შორის ჩართული იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობებში, რის გამოც 1921 წელსვე დააკავეს. შემდეგ გადაასახლეს, ჯერ მარიის რესპუბლიკაში, შემდეგ ჩუაშეთში იყო, ბოლოს, 1924 წელს უზბეკეთში, ტაშკენტში გარდაიცვალა ციხეში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს, რომელმაც შეძლო და მოიძია მისი საფლავი ტაშკენტში, ქრისტიანულ სასაფლაოზე. სრულად უზრუნველყო, შესაბამისი დოკუმენტაცია, ნებართვები გაცემულიყო. იყო გადმოსვენების ინიციატორიც. ამიტომ, მინდა, მას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო გია ვოლსკის, რომელიც პარლამენტის მხრიდან ამ საკითხის თანაორგანიზატორი, თანაინიციატორი და ასე ვთქვათ, განმახორციელებელი იყო. საკითხი რამდენიმე ხნის წინ იყო გარკვეული, თუმცა პანდემიამ შეაჩერა გადმოსვენების პროცესი. დღეს არის ალექსანდრე ლომთათიძის დაბადების დღე და ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს მოხდება მისი გადმოსვენება. შემდეგ დაასვენებენ სამების ტაძარში და 28 მაისს, 12:00 საათზე იქნება პანაშვიდი, რის შემდეგაც დიდუბის სასაფლაოზე გადავასვენებთ. ალექსანდრე ლომთათიძე მისი შვილის გვერდით შესაბამისი პატივით დასაფლავდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რონ დესანტისს პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად დიდი გზის გავლა მოუწევს“ – უცხოური პრესა

როგორც ცნობილია, 25 მაისს აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა ამერიკის ფედერალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად შეიტანა განცხადება, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით. თუმცა ფლორიდელ გუბერნატორს იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურის პოსტზე ნომინანტი გახდეს, ჯერ თავის მშობლიურ რესპუბლიკურ პარტიაში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეტოქეობა მოუწევს.

რონ დესანტისის გადაწყვეტილებასტან დაკავშირებით ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სტატიაა სათაურით „რონ დესანტისს პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად დიდი გზის გავლა მოუწევს“ (ავტორი – ფრედი გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა – იმიტომ, რომ მის ალტერნატივას დონალდ ტრამპის კიდევ ოთხწლიანი მმართველობა წარმოადგენდა. თუ რონალდ დიონ დესანტისი, რომელმაც უკვე განაცხადა თავისი კანდიდატურის თაობაზე 2024 წლის არჩევნებისათვის, გაიმარჯვებს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში, ეს იმიტომ მოხდება, რომ… მისი ალტერნატივა ახლაც ის არის, ვინც თქვენ ეს-ესაა გაიფიქრეთ. დონალდ ტრამპის დაღლილობა უკვე რეალურია – მისი მხარდამჭერებიც კი თვლიან, რომ პარტია წინ უნდა წავიდეს, მეტი პოპულარობა უნდა მოიპოვოს და ამის გასაღები სწორედ 44 წლის ახალგაზრდა და მიმზიდველი პოლიტიკოსი რონ დესანტისია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დონალდ ტრამპი ის კაცია, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს და რომ მეორე ვადით არჩევას, ალბათ, ის მართლაც შეძლებს.

მართლაცდა, რონ დესანტისის ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ იგი დონალდ ტრამპს უპირისპირდება – 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პოლიტიკურ აგიტატორს. რონ დესანტისის სამსახურებრივი მიღწევები გუბერნატორის პოსტზე შთამბეჭდავია – იგი მრავალ კონფლიქტში მონაწილეობდა და იმარჯვებდა, განსაკუთრებით კოვიდის ეპიდემიასთან დაკავშირებით. მან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 20%-ით აჯობა და გუბერნატორის პოსტი ისევ დაიკავა.
ფლორიდის მზიურ შტატში, რომელიც ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ესპანურენოვანი მოსახლეობით – „ცხელსისხლიანებით“ – მდიდრებსა და ღარიბებს შორის მიმდინარე „კულტრული ომებით“, მმართველობა იოლი არ არის. რონ დესანტისმა ლიდერობა ნამდვილად შეძლო. სწორედ ამიტომ მას ეროვნული პოლიტიკის გატარებაში წინამძღოლის შესრულება მეტ-ნაკლებად შეუძლია. მაგრამ მხოლოდ ერთი შტატის, თუნდაც ისეთი მჭიდროდ დასახლებულის, როგორც ფლორიდაა, გუბერნატორის მიღწევებს აშშ-ში ძალიან ცოტა თუ გაითვალისწინებს. უფრო მეტიც – მისი სოლიდური ადმინისტრაციული გამოცდილება სულაც არ არის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ წარმატებული საარჩევნო კამპანიისათვის. ეს ფაქტორი მუშაობდა ყოფილი გუბერნატორებისათვის – ჯორჯ ბუშ-უფროსისათვის, ბილ კლინტონისათვის, რონალდ რეიგანისა და ჯიმი კარტერისათვის, მაგრამ არ მოუხდენია პოზიტიური გავლენა ჯებ ბუშის, მაიკ ხაკაბის, რიკ პერის, მიტ რომნის ან მაიკლ დუკაკისის საარჩევნო კამპანიაზე.

რონალდ რეიგანი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში (შედარებით უფრო ნაკლებად) ქარიზმატული მაგიის მფლობელები იყვნენ, რონ დესანტისი კი „ინტროვერტია ექსტრავერტებს შორის“ (ანუ „გულჩათხრობილი“ ფსიქიკური წყობის ადამიანი „გულღიებს“ შორის). მას საკმაოდ ხშირად მიაჩნია უხერხულად სხვა ადამიანებისადმი მიმართვა. მას ზოგჯერ სიცილიც კი არ უხდება, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა აიოვას შტატში გამართული საჯარო შეხვედრის დროს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი რონ დესანტისს რიჩარდ ნიქსონს ადარებს, რომელსაც მაინცდამაინც მიმზიდველი ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ თეთრ სახლში მაინც შევიდაო. მაგრამ განა რიჩარდ ნიქსონი ინტერნეტის ეპოქაში ცხოვრობდა, როცა ყოველ ადამიანს შეუძლია პრეზიდენტობის კანდიდატის ყოველი მოუხერხებელი მომენტის დაფიქსირება და გლობალურ ქსელში განთავსება?

რონ დესანტისის გადაწყვეტილება, რომ მან პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად Twitter-ის მეშვეობით გამოაცხადა, ილონ მასკის თანადგომით, საინტერესო მოვლენას წარმოადგენს. სოციალური ქსელი თანდათან ხდება ერთ-ერთ მთავარ სააგიტაციო საშუალებად. ამას წინათ ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ წამყვანმა თაკერ კარლსონმაც განაცხადა, რომ თავის საარჩევნო კამპანიას Twitter-ის მეშვეობით წაიყვანს. ილონ მასკმა „ტვიტერი“ დონალდ ტრამპსაც შესთავაზა, მაგრამ ექს-პრეზიდენტი უპირატესობას თავის პლატფორმას Truth Social-ს ანიჭებს.

ამჟამად, რონ დესანტისის განცხადების ირგვლივ დაწყებული პოლიტიკური ხმაურის მიუხედავად, გამოკითხვებში ფლორიდის შტატის გუბერნატორი პოპულარობა ჯერ კიდევ დაბალია, რაც სავსებით აწყობს დემოკრატებს: რონ დესანტისი ხომ დონალდ ტრამპი არ არის, მისი დამარცხება უფრო იოლია, ვიდრე დონალდ ტრამპისა.

აარიდებს თუ არა რონ დესანტისი 2024 წელს ამერიკელებს ისეთ არასასიამოვნო არჩევნებს, როგორიც 2020 წელს იყო? ჯერ-ჯერობით ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ფლორიდის გუბერნატორის საპრეზიდენტო შანსები ამ ეტაპზე მაინცდამაინც მტკიცედ არ გამოიყურება.

წყარო

„როგორ, ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე?! უკეთესი იქნება, რომ ეს არ მოხდეს“ – Die Zeit

გერმანული ყოველკვირეული გაზეთი „დი ცეიტი“ («Die Zeit» – „დრო“) 25 მაისის ნომერში სათაურით „ყველა სახელმწიფოს ლიდერი რომ ბრძნულად მოქმედებდეს…“ // „როგორ, ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე?! უკეთესი იქნება, რომ ეს არ მოხდეს“, ბეჭდავს ინტერვიუს აშშ-ის ყველაზე ცნობილ დიპლომატთან და პოლიტოლოგთან ჰენრი კისინჯერთან, რომელსაც საიუბილეო ასაკი უსრულდება – იგი ასი წლის წინ, 1923 წლის 27 მაისს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ფიურტში, რელიგიურ ებრაულ ოჯახში. გერმანელი ფაშისტების დევნისაგან თავის დაღწევის მიზნით ოჯახმა, 1938 წელს, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა მოახერხა.

ლეგენდარულ დიპლომატს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, რომელიც სხვადასხვა წლებში აშშ-ის სამი პრეზიდენტის მრჩეველი და სახელმწიფო მდივანი იყო, «Die Zeit»-ის ჟურნალისტები მათიას ნასი და ჰენრიხ ვეფინგი ესაუბრებიან.

ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი პასუხობს კორესპონდენტების მიერ დასმულ კითხვებზე, რომლებიც ეხება მის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტთან, რუსეთ-უკრაინის ომს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას – ჩინეთთან ურთიერთობას, აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის შესაძლებლობას (ჰიპოთეზურად), ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პერსპექტიულ საფრთხეს და სხვა საკითხებს.

არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე და რამდენად გამართლებულია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა, რომელიც რუსეთის ლიდერის დაპატიმრებას ითვალისწინებს? ამ კითხვაზე ჰენრი კისინჯერი ასე პასუხობს:

„როგორ, ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე?! უკეთესი იქნება, რომ ეს არ მოხდეს. ძალიან რთულია ისეთი კონფლიქტის დასრულება, როცა პოლიტიკური ლიდერის პირადი ბედი წინასწარ არის განსაზღვრული. მე არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინია ყველაფერში დამნაშავე. რა თქმა უნდა, ომი ძალიან დაუნდობელია და საშინელებას წარმოადგენს. თავდასხმა მოგერიებული უნდა იქნას და ამიტომაც მხარს ვუჭერ უკრაინის წინააღმდეგობას და დასავლეთის მხარდაჭერას კიევის მიმართ“.

როგორც ჰენრი კისინჯერი აღნიშნავს, მართალია, რუსეთის შეჭრას უკრაინაში არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ მოვლენები, რომლებმაც ომის დაწყება გამოიწვია, შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო – 2008 წლიდან, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიღების შესაძლებლობა იხილებოდა.

„მე ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვხატე სერიოზული ეჭვი იმ განზრახვის წინააღმდეგ, რომელიც ნატოში უკრაინის მიწვევას ითვალისწინებს. სწორედ იმ დროიდან დაიწყო მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ომში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ომის გამართლება არ შეიძლება, თუმცა მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი: არ იყო გონივრული გადაწყვეტილება ის, რომ ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოების ნატოში მიღების პროცესში უკრაინაც ჩართულიყო. მე მაშინ ვამბობდი, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უნდა შენარჩუნებულიყო. უმჯობესი იქნებოდა, რომ მას „ორმხრივი მოძრაობის“ მქონე ხიდის როლი უნდა შეესრულებინა. ახლა როცა ნატოსა და რუსეთს შორის უკვე აღარ არსებობს ნეიტრალური ზონა, დასავლეთისთვის უკეთესია, რომ უკრაინა ნატოს წევრად მიიღოს. ეს იმის გარანტია იქნება, რომ კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება ომის შემდეგ შეიძლება ისევ გაჩნდეს, უკვე ვეღარ გადაიჭრება ცალმხრივად, ძალის გამოყენებით. უკრაინის ზურგს უკან ალიანსი იქნება“.

ომში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე კითხვის პასუხად, ჰენრი კისინჯერი ამბობს: „მე არ მჯერა, რომ ომში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუმცა რაც უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება კონფლიქტი რუსული იდენტობის არსს და მას საფრთხეს შეუქმნის, მით უფრო დიდი ალბათობა იქნება მისი გამოყენებისა“.

აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაზე, კერძოდ, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ომის ჰიპოთეზურ დაწყებაზე ჰენრი კისინჯერის თვალსაზრისი ასეთია:

„სამხედრო კონფრონტაცია ორ ბირთვულ სახელმწიფოს – აშშ-სა და ჩინეთს- შორის კატასტროფული შედეგების გამომწვევი იქნება – უფრო უარესის, როგორიც პირველი და მეორე მსოფლიო ომის შედეგები იყო. ორივე სახელმწიფო ფლობს მაღალ ტექნოლოგიებს და განუსაზღვრელი ძალის მქონე ნგრევის იარაღს. ამიტომ ტაივანის გამო ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული უთანხმოება შეიძლება ისეთ ესკალაციაში გადაიზარდოს, რომელსაც შემდეგ ვერცერთი მხარე ვეღარ გააკონტროლებს. ვფიქრობ, ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ამიტომ ამერიკამაც და ჩინეთმაც ესკალაციის შემკავებელი შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ“.

წყარო

“სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო”

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მცდელობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და აქციებზე გამოიყვანოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, მათ შორის – არარსებული სტუმრების დევნა და კრიმინალების გამართლება.

„ოპოზიციას მოეწონა წაუკითხავ კანონზე, ანუ ტყუილზე მობილიზებული აქცია და ცდილობს მსგავსი სატყუარა მეორედ გადაუგდოს საზოგადოებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ის სიცოცხლისუნარიანი არ არის.

სამწუხაროა, რომ წაუკითხავი კანონის პროტესტის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო დეპარტამენტი, და თუკი ამის აღიარება ვინმეს პროდასავლურობის გამო არ სურს, ეს უფრო პროტყუილისტობას ნიშნავს, ვიდრე პროდასავლურობას, რაც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას აზიანებს.

მათთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება, არარსებული სტუმრების დევნა, კრიმინალების გამართლება.

„მოლოტოვის კოქტეილიანი“ დამნაშავეების ქმედებას, აქციებზე პოლიციასა და საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას, სამშობლოსთვის თავდადებად წარმოაჩენენ. სინამდვილეში კი, სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე” – ოპოზიციონერი დეპუტატები შალვა პაპუაშვილს

წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება – მოგიწოდებთ, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, 26 მაისის აღსაღნიშნად გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის კიდევ ერთი ჩვენებაა.

„ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი.

წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები.

მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია.

ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

“არ ვფიქრობ, რომ ეს ომი მხოლოდ პუტინის ბრალია, უკრაინის ალიანსში მიპატიჟება არ იყო გონივრული” – ჰენრი კისინჯერი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის ბრალი არ არის. მისი თქმით, ომი ნაწილობრივ იმის გამო დაიწყო, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა განიხილებოდა. ეს განცხადება კისინჯერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ომი მხოლოდ პუტინის ბრალია. თავად ომი არის სასტიკი, თავდასხმას უნდა უპასუხო და მე მხარს ვუჭერ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგობას, მაგრამ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩემს ესეიში გამოვთქვი სერიოზული ეჭვები, რომლებიც მქონდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით. ამით დაიწყო მოვლენების სერია, რომელიც ომით დასრულდა. ეს არ გახლავთ ომის გამართლება, მაგრამ მე მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ, აღმოსავლეთის ბლოკის ყოფილი წევრი სახელმწიფოების ნატო-ში მიღებასთან ერთად, უკრაინის ალიანსში მიპატიჟება არ იყო გონივრული“, – განაცხადა კისინჯერმა.

მისივე თქმით, მაშინ ის გამოდიოდა ინიციატივით, რომ უკრაინას ჰქონოდა ნეიტრალური სტატუსი, რათა ის გადაქცეულიყო მხარეებს შორის ხიდად.

ამჟამად კი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში მიღება აუცილებელია.

„ახლა, როდესაც ნატო-სა და რუსეთს შორის უკვე აღარ არის ნეიტრალური ზონები, დასავლეთისთვის უმჯობესია, უკრაინა ნატო-ში მიიღოს. ეს იქნება გარანტია, რომ კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას ომის დასრულების შემდეგ ან სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, არ შეიძლება იყოს, გადაჭრილი რუსეთის ან უკრაინის ცალმხრივი თავდასხმების გზით“, – განაცხადა კისინჯერმა.

“Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს” – რუსული მედია

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, – რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიას ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.

„დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, – განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.

„ბუნებრივია, შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს“, – დასძინა თამაზ გაიაშვილმა.