„როგორ, ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე?! უკეთესი იქნება, რომ ეს არ მოხდეს“ – Die Zeit

133
spot_img

გერმანული ყოველკვირეული გაზეთი „დი ცეიტი“ («Die Zeit» – „დრო“) 25 მაისის ნომერში სათაურით „ყველა სახელმწიფოს ლიდერი რომ ბრძნულად მოქმედებდეს…“ // „როგორ, ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე?! უკეთესი იქნება, რომ ეს არ მოხდეს“, ბეჭდავს ინტერვიუს აშშ-ის ყველაზე ცნობილ დიპლომატთან და პოლიტოლოგთან ჰენრი კისინჯერთან, რომელსაც საიუბილეო ასაკი უსრულდება – იგი ასი წლის წინ, 1923 წლის 27 მაისს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ფიურტში, რელიგიურ ებრაულ ოჯახში. გერმანელი ფაშისტების დევნისაგან თავის დაღწევის მიზნით ოჯახმა, 1938 წელს, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა მოახერხა.

ლეგენდარულ დიპლომატს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, რომელიც სხვადასხვა წლებში აშშ-ის სამი პრეზიდენტის მრჩეველი და სახელმწიფო მდივანი იყო, «Die Zeit»-ის ჟურნალისტები მათიას ნასი და ჰენრიხ ვეფინგი ესაუბრებიან.

ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი პასუხობს კორესპონდენტების მიერ დასმულ კითხვებზე, რომლებიც ეხება მის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტთან, რუსეთ-უკრაინის ომს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას – ჩინეთთან ურთიერთობას, აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის შესაძლებლობას (ჰიპოთეზურად), ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პერსპექტიულ საფრთხეს და სხვა საკითხებს.

არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე და რამდენად გამართლებულია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა, რომელიც რუსეთის ლიდერის დაპატიმრებას ითვალისწინებს? ამ კითხვაზე ჰენრი კისინჯერი ასე პასუხობს:

„როგორ, ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე?! უკეთესი იქნება, რომ ეს არ მოხდეს. ძალიან რთულია ისეთი კონფლიქტის დასრულება, როცა პოლიტიკური ლიდერის პირადი ბედი წინასწარ არის განსაზღვრული. მე არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინია ყველაფერში დამნაშავე. რა თქმა უნდა, ომი ძალიან დაუნდობელია და საშინელებას წარმოადგენს. თავდასხმა მოგერიებული უნდა იქნას და ამიტომაც მხარს ვუჭერ უკრაინის წინააღმდეგობას და დასავლეთის მხარდაჭერას კიევის მიმართ“.

როგორც ჰენრი კისინჯერი აღნიშნავს, მართალია, რუსეთის შეჭრას უკრაინაში არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ მოვლენები, რომლებმაც ომის დაწყება გამოიწვია, შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო – 2008 წლიდან, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიღების შესაძლებლობა იხილებოდა.

„მე ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვხატე სერიოზული ეჭვი იმ განზრახვის წინააღმდეგ, რომელიც ნატოში უკრაინის მიწვევას ითვალისწინებს. სწორედ იმ დროიდან დაიწყო მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც ომში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ომის გამართლება არ შეიძლება, თუმცა მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი: არ იყო გონივრული გადაწყვეტილება ის, რომ ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოების ნატოში მიღების პროცესში უკრაინაც ჩართულიყო. მე მაშინ ვამბობდი, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უნდა შენარჩუნებულიყო. უმჯობესი იქნებოდა, რომ მას „ორმხრივი მოძრაობის“ მქონე ხიდის როლი უნდა შეესრულებინა. ახლა როცა ნატოსა და რუსეთს შორის უკვე აღარ არსებობს ნეიტრალური ზონა, დასავლეთისთვის უკეთესია, რომ უკრაინა ნატოს წევრად მიიღოს. ეს იმის გარანტია იქნება, რომ კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება ომის შემდეგ შეიძლება ისევ გაჩნდეს, უკვე ვეღარ გადაიჭრება ცალმხრივად, ძალის გამოყენებით. უკრაინის ზურგს უკან ალიანსი იქნება“.

ომში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე კითხვის პასუხად, ჰენრი კისინჯერი ამბობს: „მე არ მჯერა, რომ ომში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუმცა რაც უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება კონფლიქტი რუსული იდენტობის არსს და მას საფრთხეს შეუქმნის, მით უფრო დიდი ალბათობა იქნება მისი გამოყენებისა“.

აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაზე, კერძოდ, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ომის ჰიპოთეზურ დაწყებაზე ჰენრი კისინჯერის თვალსაზრისი ასეთია:

„სამხედრო კონფრონტაცია ორ ბირთვულ სახელმწიფოს – აშშ-სა და ჩინეთს- შორის კატასტროფული შედეგების გამომწვევი იქნება – უფრო უარესის, როგორიც პირველი და მეორე მსოფლიო ომის შედეგები იყო. ორივე სახელმწიფო ფლობს მაღალ ტექნოლოგიებს და განუსაზღვრელი ძალის მქონე ნგრევის იარაღს. ამიტომ ტაივანის გამო ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული უთანხმოება შეიძლება ისეთ ესკალაციაში გადაიზარდოს, რომელსაც შემდეგ ვერცერთი მხარე ვეღარ გააკონტროლებს. ვფიქრობ, ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ამიტომ ამერიკამაც და ჩინეთმაც ესკალაციის შემკავებელი შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ“.

წყარო