„რონ დესანტისს პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად დიდი გზის გავლა მოუწევს“ – უცხოური პრესა

112
spot_img

როგორც ცნობილია, 25 მაისს აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა ამერიკის ფედერალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად შეიტანა განცხადება, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით. თუმცა ფლორიდელ გუბერნატორს იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურის პოსტზე ნომინანტი გახდეს, ჯერ თავის მშობლიურ რესპუბლიკურ პარტიაში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეტოქეობა მოუწევს.

რონ დესანტისის გადაწყვეტილებასტან დაკავშირებით ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სტატიაა სათაურით „რონ დესანტისს პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად დიდი გზის გავლა მოუწევს“ (ავტორი – ფრედი გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა – იმიტომ, რომ მის ალტერნატივას დონალდ ტრამპის კიდევ ოთხწლიანი მმართველობა წარმოადგენდა. თუ რონალდ დიონ დესანტისი, რომელმაც უკვე განაცხადა თავისი კანდიდატურის თაობაზე 2024 წლის არჩევნებისათვის, გაიმარჯვებს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში, ეს იმიტომ მოხდება, რომ… მისი ალტერნატივა ახლაც ის არის, ვინც თქვენ ეს-ესაა გაიფიქრეთ. დონალდ ტრამპის დაღლილობა უკვე რეალურია – მისი მხარდამჭერებიც კი თვლიან, რომ პარტია წინ უნდა წავიდეს, მეტი პოპულარობა უნდა მოიპოვოს და ამის გასაღები სწორედ 44 წლის ახალგაზრდა და მიმზიდველი პოლიტიკოსი რონ დესანტისია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დონალდ ტრამპი ის კაცია, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს და რომ მეორე ვადით არჩევას, ალბათ, ის მართლაც შეძლებს.

მართლაცდა, რონ დესანტისის ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ იგი დონალდ ტრამპს უპირისპირდება – 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პოლიტიკურ აგიტატორს. რონ დესანტისის სამსახურებრივი მიღწევები გუბერნატორის პოსტზე შთამბეჭდავია – იგი მრავალ კონფლიქტში მონაწილეობდა და იმარჯვებდა, განსაკუთრებით კოვიდის ეპიდემიასთან დაკავშირებით. მან გასული წლის ნოემბერში ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 20%-ით აჯობა და გუბერნატორის პოსტი ისევ დაიკავა.
ფლორიდის მზიურ შტატში, რომელიც ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ესპანურენოვანი მოსახლეობით – „ცხელსისხლიანებით“ – მდიდრებსა და ღარიბებს შორის მიმდინარე „კულტრული ომებით“, მმართველობა იოლი არ არის. რონ დესანტისმა ლიდერობა ნამდვილად შეძლო. სწორედ ამიტომ მას ეროვნული პოლიტიკის გატარებაში წინამძღოლის შესრულება მეტ-ნაკლებად შეუძლია. მაგრამ მხოლოდ ერთი შტატის, თუნდაც ისეთი მჭიდროდ დასახლებულის, როგორც ფლორიდაა, გუბერნატორის მიღწევებს აშშ-ში ძალიან ცოტა თუ გაითვალისწინებს. უფრო მეტიც – მისი სოლიდური ადმინისტრაციული გამოცდილება სულაც არ არის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ წარმატებული საარჩევნო კამპანიისათვის. ეს ფაქტორი მუშაობდა ყოფილი გუბერნატორებისათვის – ჯორჯ ბუშ-უფროსისათვის, ბილ კლინტონისათვის, რონალდ რეიგანისა და ჯიმი კარტერისათვის, მაგრამ არ მოუხდენია პოზიტიური გავლენა ჯებ ბუშის, მაიკ ხაკაბის, რიკ პერის, მიტ რომნის ან მაიკლ დუკაკისის საარჩევნო კამპანიაზე.

რონალდ რეიგანი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში (შედარებით უფრო ნაკლებად) ქარიზმატული მაგიის მფლობელები იყვნენ, რონ დესანტისი კი „ინტროვერტია ექსტრავერტებს შორის“ (ანუ „გულჩათხრობილი“ ფსიქიკური წყობის ადამიანი „გულღიებს“ შორის). მას საკმაოდ ხშირად მიაჩნია უხერხულად სხვა ადამიანებისადმი მიმართვა. მას ზოგჯერ სიცილიც კი არ უხდება, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა აიოვას შტატში გამართული საჯარო შეხვედრის დროს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი რონ დესანტისს რიჩარდ ნიქსონს ადარებს, რომელსაც მაინცდამაინც მიმზიდველი ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ თეთრ სახლში მაინც შევიდაო. მაგრამ განა რიჩარდ ნიქსონი ინტერნეტის ეპოქაში ცხოვრობდა, როცა ყოველ ადამიანს შეუძლია პრეზიდენტობის კანდიდატის ყოველი მოუხერხებელი მომენტის დაფიქსირება და გლობალურ ქსელში განთავსება?

რონ დესანტისის გადაწყვეტილება, რომ მან პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად Twitter-ის მეშვეობით გამოაცხადა, ილონ მასკის თანადგომით, საინტერესო მოვლენას წარმოადგენს. სოციალური ქსელი თანდათან ხდება ერთ-ერთ მთავარ სააგიტაციო საშუალებად. ამას წინათ ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ წამყვანმა თაკერ კარლსონმაც განაცხადა, რომ თავის საარჩევნო კამპანიას Twitter-ის მეშვეობით წაიყვანს. ილონ მასკმა „ტვიტერი“ დონალდ ტრამპსაც შესთავაზა, მაგრამ ექს-პრეზიდენტი უპირატესობას თავის პლატფორმას Truth Social-ს ანიჭებს.

ამჟამად, რონ დესანტისის განცხადების ირგვლივ დაწყებული პოლიტიკური ხმაურის მიუხედავად, გამოკითხვებში ფლორიდის შტატის გუბერნატორი პოპულარობა ჯერ კიდევ დაბალია, რაც სავსებით აწყობს დემოკრატებს: რონ დესანტისი ხომ დონალდ ტრამპი არ არის, მისი დამარცხება უფრო იოლია, ვიდრე დონალდ ტრამპისა.

აარიდებს თუ არა რონ დესანტისი 2024 წელს ამერიკელებს ისეთ არასასიამოვნო არჩევნებს, როგორიც 2020 წელს იყო? ჯერ-ჯერობით ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ფლორიდის გუბერნატორის საპრეზიდენტო შანსები ამ ეტაპზე მაინცდამაინც მტკიცედ არ გამოიყურება.

წყარო