რუსეთ-უკრაინის ომის 436-ე დღე
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 193 210-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 620 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 710 ტანკს, 7 224 ჯავშანტექნიკას, 2 978 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 916 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 540 უპილოტო საფრენ აპარატს, 373 ერთეულ სპეცტექნიკას და 947 ფრთოსან რაკეტას.
უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, სამი მიმართულებით რუსული ძალების 60-მდე შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე.
„რუსეთის ფედერაციამ, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიური დარტყმა განახორციელა. დამცველებმა 24-დან 18 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 10 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ კრამატორსკსა და ზაპოროჟიეში, ჩვენი ჯარების პოზიციებზე და მშვიდობიან დასახლებებს 75 საჰაერო დარტყმა მიაყენა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია კერძო სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამასთან, ბახმუტის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ბოგდანოვკასა და მარკოვოს დასახლებების მიმართულებით.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ლიმანის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ბელოგოროვკას და სპირნის სამხრეთ-დასავლეთ შემოგარენში.
რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს, ტაქტიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით არაერთი შეტევა მოიგერიეს. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს ერთ დღეში 6 დარტყმა მიაყენა. გარდა ამისა, უკრაინელებმა გაანადგურეს 4 უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტი“. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიასა და საბრძოლო მასალის ორ საცავს დაარტყეს.
შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა განაგრძოს. ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებმა შეძლეს რუსული ძალების მიერ ბოლო 48-72 საათის განმავლობაში ნასროლი ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომლებიც მათ არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს. ”ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას”, – აღნიშნა კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინელებმა მიიღეს თითქმის ყველაფერი, რაც კონტრშეტევისთვის ითხოვეს. საუბარია, ჯავშანტექნიკაზე, არტილერიაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საბრძოლო მასალაზე, ასევე უკრაინელი სამხედროების წვრთნების ორგანიზებაზე.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შევჩერდებით, ეს არ ნიშნავს რომ დავასრულეთ. თქვენ ნახავთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას, მაგრამ რაც შეეხება ნებისმიერი სახის კონტრშეტევის რეალურ განხორციელებას, ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.