გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები

272
spot_img

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია ერთი კაცი, ხოლო – 2 დაჭრილია.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სროლა ორმხრივი იყო, ერთმა პირმა ორი ადამიანის მისამართით გაისროლა, რა დროსაც მათგან ერთი დაჭრა, დაჭრილის თანმხლებმა პირმა კი თავდამსხმელი მოკლა.

„ვიცი, რომ სამი ადამიანი დახვდა ერთმანეთს, ერთმა ესროლა მეორეს და დაჭრა. დაჭრილს ვინც ახლდა, იმან ამოიღო იარაღი და ესროლა ამ კაცს და მოკლა. სროლის ხმა მესმოდა, ძალიან ბევრი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო”, – აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე.

როგორც შემდეგ გაირკვა, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საბა გახოკიაა.

სწორედ საბა გახოკიას, შეიარაღებულ თავდამსხმელს იმ პირის დაცვამ, რომლის მისამართითაც გახოკიამ გაისროლა, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია.

ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ის დაჭრილის, გივი (გიჩო) მარგველაშვილის დაცვაში მუშაობდა.

მოგვიანებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული. კადრებში ჩანს თავდასხმის მომენტი.

“გიჩო”, იგივე გივი მარგველაშვილი ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი, გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, ვრცელდება მობილურით გადაღებული კადრებიც, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგაა გადაღებული. კადრებში ჩანს გარდაცვლილი საბა გახოკია და ასევე დაჭრილი გივი მარგველაშვილი იგივე გიჩო დაცვასთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მასალაში გარდაცვლილს გვერდით ის იარაღიც უდევს, რომლითაც რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.