Home Blog Page 2116

” საქართველოში ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს.

„თქვენ იცით, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტზე“ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ავიაკომპანიის მიერ უკვე ამოღებულია.

მისივე თქმით, ოკუპაცია საქართველოს უდიდესი გამოწვევაა და ქვეყნის ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს შესაბამის ფრენებს. ამას სწავლობენ შესაბამისი უწყებები. ის კონკრეტული ფაქტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, აფხაზეთი ამოღებულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია, დაბრუნება მოვახერხოთ. ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკური განვითარებით, გონიერებით, წინსვლით, განათლებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.

თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის – Fix Tbilisi – ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, Fix Tbilisi, როგორც მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.

მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.

„ბევრი მოქალაქე დარეგისტრირებულია მერიის სხვადასხვა პროგრამაში და იმავე მონაცემებით შეუძლიათ აღნიშნული აპლიკაციის მოხმარება, ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ შევნიშნეთ რაიმე დაზიანება, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვიღებთ ფოტოს, ვუთითებთ მისამართს, ასევე ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული და ეს ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება. მოქალაქეს, ვინც გაგზავნა ინფორმაცია, უბრუნდება პასუხი, თუ რა ეტაპზეა მის მიერ გადაგზავნილი პრობლემის მოგვარება და რამდენ ხანში გაკეთდება. როდესაც დასრულდება, ასევე მიიღებს შეტყობინებას. აპლიკაციაში არის ორი დაფა – ჩემი დაფიქსირებული საკითხები და ჩემი მოგვარებული საკითხები. ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას „ფეისბუქის“ და ცხელი ხაზის საშუალებიდან, თუმცა, დღეიდან შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ ეს კომუნიკაცია, ვითანამშრომლოთ Fix Tbilisi-ს საშუალებით და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ვანდალიზმის პრობლემაზეც ისაუბრა.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია. საზოგადოებას მივაწოდეთ კონკრეტული ფაქტები და ვიდეოები, თუ როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად კონკრეტულ ინფრასტრუქტურას. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ და ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომ ის, რაც კეთდება დედაქალაქში – პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები, პირველ რიგში კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და ასე გადავცეთ მომავალ თაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვისი მეშვეობით და რა გზებით ხვდება რუსეთში დასავლური წარმოების სანქცირებული პროდუქცია

ამერიკული ცენტრალური პრესა ყურადღებას უთმობს აკრძალული პროდუქციის რუსეთში შეტანის პრობლემას – ვისი მეშვეობით და როგორი გზებით ხვდება რუსეთში დასავლური წარმოების ის პროდუქცია, რომლებზეც სანქციებია გამოცხადებული.

გთავაზობთ რამდენიმე მასალას.

„გასული წლის აგვისტოში რუსეთის მოქალაქემ, რომელიც აშშ-ში, ფლორიდაში, მაიამის ახლოს ცხოვრობდა, რუსეთის ავიაკომპანიას, რომელსაც სანქციებით აკრძალული ჰქონდა დასავლური ტექნოლოგიებით სარგებლობა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მაცდურ წინადადებიანი წერილი გაუგზავნა – იგი ავიაკომპანიას სთავაზობდა, რომ სანქციების გვერდის ავლით, იმ ავიანაწილებით და ელექტრონიკით მოამარაგებდა, რომელიც მას ესოდენ სჭირდებოდა. პროდუქციის მიწოდების ოპერაცია განხორციელდებოდა რიგი ამერიკული, თურქული და რუსული ფირმების დახმარებით“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სანქციების მიუხედავად, ამერიკულ ტექნოლოგიებს და პროდუქციას რუსული ავიაკომპანიები მაინც იღებენ“ (ავტორები – ანა სვენსონი და ნირაჯ ჩოქში).

ოლეგ ფაცულია და მისი პარტნიორი გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების თანახმად, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემისა, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო.

სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის – იუწყება გამოცემა The New York Times-ი, რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით.

ამ მონაცემების თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის “აეროფლოტს”, “რასიას”, “პაბედას”, „ურალს”, “UTair”-ს და “S7 Airlines”-ს. გამოცემის თანახმად, მიწოდება ხორციელდებოდა ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით – პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები.

გასულ წელს „აეროფლოტის“ საწყობებში შევიდა სათადარიგო ნაწილების ათობით პარტია, რომელიც მარკირებული იყო როგორც ამერიკული ავიაკონცერნ „ბოინგის“ პროდუქცია.
რუსეთის საბაჟოს მონაცემების გამოკვლევაზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს, რომელიც 290 ათასი დოლარი ღირს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან და სანქციების დაწესებიდან რუსეთში შეტანილი იქნა 14,4 მილიონი დოლარის ამერიკული წარმოების ავიასათადარიგო ნაწილები, – იუწყება „ნიუ-იორკ თაიმსი“

წყარო

“ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს” – დიმიტრი მედვედევი

ნატო იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით, – ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

ამ სიტყვებით მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მაკრონმა უკრაინასთან ომში რუსეთის გეოპოლიტიკური დამარცხებისა და ჩინეთის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევის შესახებ განაცხადა.

„2002 წელს, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, ნატო უხალისოდ გვიშორებდა, ახლა კი იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით“, – აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ სიტუაციაში თუ ვინმე წაგებულია, ეს ნატოა.

“სკოლის დამთავრების პირველივე დღეს, ე.წ. ბანკეტზე ჩანს, რას ვერ ვასწავლით ბავშვებს 12 წლის განმავლობაში” – მეგი კავთუაშვილი

“გამოდიან სკოლიდან ბავშვები დაგუბებული ენერგიით, უკვე იციან რომ გაიზარდნენ, შეუძლიათ მოწიონ, დალიონ, ქუსლებზე შედგნენ, ტუჩსაცხი წაისვან. მოასხდებიან ნათხოვარ თუ საკუთარ ძვირადღირებულ მანქანებს და მიდის ქართული გრიალი, თავისი “გონშიკი” ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით. 18 წლის ასაკში იმდენად ვერ იაზრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას, რომ თითო კლასს თითო საპატრულო ეკიპაჟი აცილებს და მშობლების თუ მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ნორმალური ჰგონია”- წერს სოციალურ ქსელში  ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

“სკოლის დამთავრების პირველივე დღეს, ე.წ. ბანკეტზე ჩანს, რა არ ვიცით და შესაბამისად, რას ვერ ვასწავლით ბავშვებს 12 წლის განმავლობაში”

1. ინდივიდუალობას

2. სხვათა შესაძლებლობების გათვალისწინებას

3. კრიტიკულ აზროვნებას

4. თავისუფლების გამოხატვას

5. საკუთარ და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

6. საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას.

18 წელი ხომ მშობლებმა და მასწავლებლებმა უკეთ იციან, ბავშვებს რა მოსწონთ, რა უხდებათ, რა უნდა გააკეთონ, როდის რისი დროა, ვისთან იმეგობრონ, რა ჭამონ, ვის რა აჩუქონ ა.შ. ამ ყველაფრის გვირგვინია ეს ბანკეტი.

გამოდიან სკოლიდან ბავშვები დაგუბებული ენერგიით, უკვე იციან რომ გაიზარდნენ, შეუძლიათ მოწიონ, დალიონ, ქუსლებზე შედგნენ, ტუჩსაცხი წაისვან. მოასხდებიან ნათხოვარ თუ საკუთარ ძვირადღირებულ მანქანებს და მიდის ქართული გრიალი, თავისი “გონშიკი” ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით. 18 წლის ასაკში იმდენად ვერ იაზრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას, რომ თითო კლასს თითო საპატრულო ეკიპაჟი აცილებს და მშობლების თუ მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ნორმალური ჰგონია.

ახლა მეორე – მშობლების საუბარს შევესწარი: 15 ბავშვი მოდის, მეტი ვერ ახერხებს, მაგრამ რა ვქნათო, უბანკეტოდ ხო არ დავტოვებთ ჩვენს შვილებს და უპატივცემულოდ მასწავლებლებსო. ხოდა, მეგობრებო, შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ იქაც ვთქვი და აქაც დავწერ. პატივისცემა, მაინცდამაინც, ჩაქაფულის თეფშთან ჯდომა და კოლექტიურად შეგროვებული ფულით ნაყიდი სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არ არის. გარდა ამისა, თუ კლასის სახელით გეგმავთ ღონისძიებას, კეთილი ინებეთ და კლასში მყოფი ბავშვების ოჯახების შესაძლებლობებს მოერგეთ. მცირე ბიუჯეტით დაგეგმოთ და ყველამ შეძლოს მონაწილეობა ჯობია, ვიდრე ბავშვების ნაწილი დღესასწაულის მიღმა დატოვოთ და თქვენ ლამაზ-ლამაზი კაბებით და ვიზაჟისტებთან გაკეთებული მაკიაჟით რესტორნის კიბეებზე გადაღებული ფოტოები გამოფინოთ ფეისბუქ-ინსტაგრამებზე. ბავშვებისაა სკოლაც და მისი დასრულების ზეიმიც, იქნებ შეგვეგნო ეს ამბავი და პრიორიტეტებიც ამის შესაბამისად დაგველაგებინა.” – წერს მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში.

“ბერძენიშვილს განსხვავებული აზრის გამო არავინ დევნის, ის ქართველ მეფეებს ესხმის თავს” – ალუდა ღუდუშაური

„ლევან ბერძენიშვილს განსხვავებული აზრის გამო არვინ დევნის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბერძენიშვილი ქართველ მეფეებს ესხმის თავს.

„ქალბატონ სამნიძეს და კორძაიას მინდა შევახსენო, საქართველოში დიდი ხანია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“, დღეს რომელ ბანაკშიც სხედხართ, აი როდესაც ის გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან, იმ დროს ჩაბარდა განსხვავებული აზრის დევნა. ბატონ ბერძენიშვილს სხვა პრობლემები აქვს. მას [ლევან ბერძენიშვილი] განსხვავებული აზრის გამო არავინ დევნის. მას აქვს სხვა პრობლემები, რომელიც ღიად და საჯაროდ არის ცნობილი. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის როგორ ესხმის ეს ადამიანი თავს ქართველ მეფეებს. ახლა კი დაწყნარდით“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

“ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში, ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუბლებს” – ირაკლი კობახიძე

ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად – ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა – სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია? – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე სპეკულირების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიას, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცა, ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ჰქონდა გამოყოფილი, აჟიოტაჟის შემდეგ კი ეს ჩანაწერი წაიშალა, კობახიძე ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი ჟესტია”.

„თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ვებ-გვერდიდან ეს ჩანაწერები ამოღებულია. სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს. ვინც ცდილობს, აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, სპეკულანტები არიან. ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც სპეკულაციის საბაბი არ არსებობს. კარგად გახსოვთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკურის ძალის წარმომდგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. აქედან ჩანს, რომ ისინი სპეკულირებენ და სპეკულანტები არიან. მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და თავს იწონებდა იმით, რომ პირადად მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს. ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს მიანიშნებს, რომ ისინი არის სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები. მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული ფრენების მიღება. ამას ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები საქართველოში მიღებული არ იქნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სოროსის ფონდი“ ჩართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში”

„სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდარის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა მმართველი გუნდის მხრიდან ალოგიკური იქნებოდა.

„სოროსის ფონდი“ თავიდანვე იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა პირდაპირ დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა. ანუ, ვიდრე კომისია, ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, მანამდე „სოროსის ფონდმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს. ასეთ დროს „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა. ახლაც იმავეს აკეთებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული ეს დასკვნაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს. ტყუილს როდესაც ავრცელებენ, თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები, ეს ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იცით, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს რადიკალურ ოპოზიციასა და „სოროსის ფონდს“ შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა, აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან მათ ღონისძიებებზე მისვლა აბსოლუტურად ალოგიკურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა და პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის თანახმად, შესრულებული რეკომენდაციებია: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა; შეუსრულებელია ხუთი რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

“ტურისტული პაკეტები საქართველოში, პირდაპირი რეისებით, შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს” – რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

ტურისტული პაკეტები რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენით რუსული ტუროპერატორების ასორტიმენტში, შესაძლოა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდეს, – ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

„იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ტურები პირდაპირი ფრენებით, ავიაბილეთები დაჯავშნის გლობალურ სისტემებში (GDS) უნდა გამოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, – განმარტავენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 15 მაისს განაცხადა, რომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ 17 მაისიდან საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის შესახებ.

“19 მაისს კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად” – ელენე ხოშტარია

რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს თვითმფრინავებთან და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, თუ სად დგას და ამისთვის, ხოშტარიას განცხადებით, 19 მაისს აქცია გაიმართება.

როგორც „დროას“ ლიდერმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კოლონებით გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, სადაც საქართველოში „აზიმუტის“ ჩამოფრენას გააპროტესტებენ.

„ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის – ავიაკომპანია „აზიმუტი“ ვერ დაფრინავს ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში და არის აკრძალული, იმიტომ, რომ ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომლებიც დღეს ბომბავენ უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ „აკრძალულია შენი ფრენა“. აი, ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა „მობრძანდით და იფრინეთო“. ასევე, ავიაკომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც, ერთ-ერთი მეწილეც არის ჩახუტებული პუტინთან, მოღალატე,სისხლში ამოსვრილი ადამიანი, სწორედ ისევე ამოსვრილი, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ იფრინოს საქართველოში. ჩვენ ვნახეთ გუშინ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ უწერია როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით ანუ პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, „ოკუპაციის შესახებ“ კანონს. რა გააკეთა მთავრობამ, გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა ?! სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და 2 საათში მოხსნეს საიტიდან ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან ანუ ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც ჩვენ გვაყენებს მორიგი ამოცანის, ვალდებულების, პასუხისმგებლობის წინაშე. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩავაბარეთ 24 თებერვალს, როდესაც უკრაინას დავუდექით გვერდში, ჩავაბარეთ ივნისში, როდესაც დავიცავით ევროპული არჩევანი და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება და სუვერენიტეტი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, მისი განცხადებით, „დროა“ შეუერთდება ყველა თვითორგანიზებულ აქციას.

„ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება დღეს პარლამენტის უკან, კანცელარიასთან, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფრენის პირველ დღეს, საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე, ამიტომ ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება, მშვიდად ვერ ჩამოფრინდება . ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. ამიტომ, 19 რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, მაგრამ ჩვენ რუსეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ საქართველოში არ ხვდებიან ტაშით ამ თვითმფრინავს, გარდა „ქართული ოცნებისა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“სხვა ქვეყნის მიერ ჩვენგან დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ” – ვატო შაქარიშვილი

„ყველა სხვა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს გააჩნდეს საკუთარი ინტერესები, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კონკრეტული ძალები ცდილობენ, რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს დააკისრონ და შავი თეთრად წარმოაჩინონ.

„რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს… სხვა ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს გააჩნდეს საკუთარი ინტერესები! და თუ ასეთის არსებობა გამოვლინდება, მაშინ ხდება ამერიკული კანონი – რუსული; კონსერვატიზმი – ანტიდასავლური; მშვიდობა – დასჯადი; ქველმოქმედი – შურისმაძიებელი და სისხლიანი დამნაშავე – მსხვერპლი…

ამით არ სრულდება პარადოქსების ჩამონათვართული და ახლა უკვე, სხვა ქვეყნის მიერ, ჩვენგან დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ. ცხადია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში არ არსებობს რაიმე რაციონალური არგუმენტი, ისინი უბრალოდ რთავენ უტიფრობის რეჟიმს და აგრძელებენ თეთრის შავად წარმოჩენას. ფრენების აღდგენამ და უვიზო რეჟიმის გაუქმებამ, მისი პოზიტიური შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ აგენტურას, უტიფრობის ახალი მწვერვალები დააპყრობინა და სრულ სიგიჟეში გადაზარდა მათი რიტორიკა. იქამდე დავიდნენ, რომ „გარაჟების მბრძანებელმა“ ქალბატონმა კელიმ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, რკინის არგუმენტი შემოგვთავაზა – ფრენების აღდგენა იმით არის სახიფათო საქართველოსთვისო, რომ რუსებს, თვითმფრინავების запчасти არ აქვთ და შესაბამისად ყველა გაუმართავია, ამიტომ მგზავრობას არ გირჩევთო…

შემდეგი მადისკრედიტირებელი თემები ალბათ ასეთი იქნება – კავკასიონის თავზე ტურბულენტური საფრენი ზონაა; პილოტები ლოთები არიან; საჭმელი არ უვარგათ; სტუარდესას ჟანა ქვია და ა.შ. როდესაც საქმე რუსეთს ეხება, იქვეა ყველაზე „ფაქიზი ეროვნული თავმოყვარეობის“ მქონე ლяკა ხოშტარია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიმარჯვა ანტისაოკუპაციო ყელ-თვალსახვევი და დასჭექა – „სისხლში ამოსვრილ თვითმფრინავებს“ საქართველოში არ შემოვუშვებო… თქვა და წავიდა „სისხლიანი რუბლების“ გადასახურდავებლად… აქვე არიან ქვეყნის სინდისისა და ღირსების მცველები – ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის პრესმდივანი მაქარაშვილი, რუსული სერიალების ვარსკვლავი ქაცარავა… ახალგაზრდა(ტვ პირველის ინტონაციით) სამოქალაქო აქტივისტები(კოტიკა ყუბანეიშვილიც აქ შედის, ცალკე აღარ დავწერ) და კიდევ ვინ მოთვლის მხურვალე ურაპატრიოტებს… ჯოს! ჯოს! ჯოს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

“ლუჰანსკი მაგრად გაცხელდა ბოლო დღეებში” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“დღეს გამთენიას ურდომ სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე და კიევის ოლქზე. ასეთი რაოდენობის რაკეტები დიდი ხანია არ გამოუშვია ურდოს! კალიბრები, ხ-55 ხ -101, ასევე ამბობენ, რომ კინჟალებიც – მოკლედ რაც კი რამე ჰქონდათ ჰაერიდან და ზღვიდან ყველაფერი ისროლეს! ამ წუთის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გამოშვებული რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდეს! პრობლემა იყო ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები, რომელმაც დააზიანა ავტომანქანები და 1-2 შენობა ნაგებობა! მოკლედ, ინფორმაცია ჩამოგდებულ რაკეტებზე ზუსტდება და მალე გახდება ცნობილი! ყოჩაღ უკრაინის ჰსთ ძალებს! გაიხარონ მოკავშირეებმა! ამერიკული პატრიოტები და გერმანული ირისები მუშაობს მხეცივით!

ახლა ამას ფრანგულ-იტალიური სამპ-ტ დაემატა (ამერიკული პატრიოტის ევროპული ანალოგია); პლუს გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 4 ირის-ტ უკრაინისთვის მოწოდების თაობაზე! დანქე შონ! ჯამში გერმანული დახმარება 17 მილიარდ ევროზე ავა და მეორე ადგილზე იქნება აშშ-ს შემდეგ (36 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების მოცულობის მიხედვით;

სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით ნამდვილად “უხვმოსავლიანი” გამოდგა პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტები იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში;

გერმანელები უზარმაზარ პაკეტს ხომ ამზადებენ; კარლოს დიდის პრიზიც გადასცეს ზელენსკის და უკრაინელ ხალხს; მაკრონმა გაგვახარა – ათეულობით დამატებითი ჯავშანმანქანა და მსუბუქი ტანკი ამქს-110რს გადაეცემა უკრაინას; ამას დაემატა ბრიტანული შტორმ შედოუს ფრანგული ანალოგი – სკალპის რაკეტები; გადაწყვეტილება, რომ უკრაინელ პილოტებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავების “რაფალების” ათვისება და ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის გზას ნატოსკენ;

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მშვიდობის ფორმულა უნდა გახდეს საფუძველი ომის დასრულებაზე შეთანხმებისთვის! ასევე, ფრაუ ლეიენმა განაცხადა, რომ სანქციების ახალ პაკეტში გათვალისწინებული იქნება მესამე ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესება, რათა არ მიეხმარონ რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდებაში;

დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი როგორც ღვიძლ ძმას ისე დახვდა ზელენსკის. საჩუქრებიც დაახვედრა – 200 კილომეტრიან რადიუსზე მოქმედი უპილოტო დრონები და დამატებით რაკეტები. აგრეთვე, ბრიტანელებიც დაიწყებენ ზაფხულში უკრაინელი პილოტების მომზადებას და გააქტიურებენ სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობას (ნიდერლანდები და დანია) უკრაინისთვის ფ-16 ების გადმოცემის მიმართულებით!

ხომ გეუბნებოდით, უკრაინის ცაში ფ-16 ები, ტაიგფუნები და რაფალები აფრინდებიან თქო!

უკრაინის ავიაციის ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა როსტისლავ ლაზარენკომ სარეკორდო, 300 საბრძოლო გაფრენა განახორციელა! ღირსეული მემკვიდრე კიევის აჩრდილის! კიდევ ჰყავთ მაგარი პილოტები ჩვენ ძმებს, მაგრამ გული მიგრძნობს, ამერიკელი და ევროპელი მოხალისე მფრინავებიც გამოჩნდებიან!

სანამ მფრინავები წამოგვეწევიან, გერმანიაში 31 ერთეული ამერიკული აბრამსის ტანკი ჩავიდა, რომ უკრაინელებმა დაიწყონ მომზადება! ყველაფერში ისეთი სისწრაფე და ნიჭები გამოავლინეს, რომ აბრამსებსაც მალე აითვისებენ!

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტერ პაველი მოუწოდებს მოკავშირეების მაისის ბოლომდე დაპირებული დახმარება სრულად მიაწოდონ უკრაინელებს, რათა დროულად და წარმატებით განხორციელდეს უკრაინის კონტრიერიში!

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, სათანადო და საკმარისი შეიარაღების მიწოდების შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს წლის ბოლომდე 1991 წლის საზღვრებზე გასვლას!

მოლდოვამ დაიწყო პროცედურები დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლის მიზნით! მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას მერე, რაც ორგანიზაციის ერთი დამფუძნებელი მეორე დამფუძნებელს თავს დაესხა, ის ორგანიზაცია ვერ ჩაითვლება თანამეგობრობად. არც დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანის მიმართულებით გაუკეთებია რამე რუსეთს ამდენი ხნის მანძილზე. ასე რომ, ოღუა პუტანა. (მე თუ მკითხავ აქამდეც უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ თვითონ იციან უკეთ – საფრთხეები აქვთ სერიოზული რუსეთიდან);

ლუკაშა ლუგაბე გამოჩნდა რავარც იქნა! ახლა მეორე ხელი ჰქონდა შეხვეული და მაინცდამაინც კაი ფერზე ნამდვილად არ იყო! თან რაღაც სევდიანი ჩანდა!

ლუჰანსკი მაგრად გაცხელდა ბოლო დღეებში. გუშინ ლუჰანსკის მითამ შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დალაქთა მივიდა და კინაღამ საკუბოვე ვარცხნილობა გაიკეთა! ნუ საავადმყოფოში მიახოხიალეს და როგორც ამბობენ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა;

დღეს სავარაუდოდ დამრგვალდება საკობზონე სარეკორდო მასალა – 200 ათასს გუშინ 500 კაცამდე აკლდა!
ფრონტის ხაზებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლები და არტილერიული დუელები იყო! ავდეევკაშიც და ზემოთკენ კრემინნაშიც იყო შეტაკებები და მუშაობდა არტილერია ორივე მხრიდან! ყველაზე მძიმე მდგომარეობა კვლავ ბახმუტშია! ფლანგებზე კი აქვთ ჩვენებს წარმატებები, მაგრამ თვითონ ბახმუტის შიგნით არტილერია ანადგურებს ყველა შენობას და მერე მოიწევს წინ ვაგნერის ელიტური ნაწილები! ჩვენები თავგანწირვით იბრძვიან თითოეული მეტრის და სანტიმეტრისთვის, უბრალოდ არტილერია და ჭურვები აქვს ურდოს ულევად (მარტო ბახმუტში ნატო-ს რამდენიმე წევრი ქვეყნის ჭურვების წლიურ მარაგს ხარჯავს ყოველდღიურად ურდო); ძალიან დიდ მისიას ასრულებენ ჩვენები ბახმუტში! 40 ათასამდე ვაგნერელი იბრძვის პაწაწინა ბახმუტის ასაღებად! აი მაგათი ალყაში მოქცევა იქნება დიდებული წარმატება ჩვენების მხრიდან! ვნახოთ! ჯერჯერობით ვითარება ბახმუტში ძალიან კრიტიკულია!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო – რა აზიმუტი, რა სუხოის ჯეტი (ცვივა პანტაპუნტით ყოველ წელს აეროფლოტმა საერთოდ აუკრძალა დისპეტჩერებს რუსული თვითმფრინავების ხარვეზების დარეგისტრირება. შარის მეტს არაფერს მოიტანს ამ ფრენების აღდგენა) – გონს მოდი საქართველო 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.