“19 მაისს კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად” – ელენე ხოშტარია

88
spot_img

რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს თვითმფრინავებთან და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, თუ სად დგას და ამისთვის, ხოშტარიას განცხადებით, 19 მაისს აქცია გაიმართება.

როგორც „დროას“ ლიდერმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კოლონებით გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, სადაც საქართველოში „აზიმუტის“ ჩამოფრენას გააპროტესტებენ.

„ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის – ავიაკომპანია „აზიმუტი“ ვერ დაფრინავს ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში და არის აკრძალული, იმიტომ, რომ ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომლებიც დღეს ბომბავენ უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ „აკრძალულია შენი ფრენა“. აი, ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა „მობრძანდით და იფრინეთო“. ასევე, ავიაკომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც, ერთ-ერთი მეწილეც არის ჩახუტებული პუტინთან, მოღალატე,სისხლში ამოსვრილი ადამიანი, სწორედ ისევე ამოსვრილი, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ იფრინოს საქართველოში. ჩვენ ვნახეთ გუშინ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ უწერია როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით ანუ პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, „ოკუპაციის შესახებ“ კანონს. რა გააკეთა მთავრობამ, გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა ?! სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და 2 საათში მოხსნეს საიტიდან ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან ანუ ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც ჩვენ გვაყენებს მორიგი ამოცანის, ვალდებულების, პასუხისმგებლობის წინაშე. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩავაბარეთ 24 თებერვალს, როდესაც უკრაინას დავუდექით გვერდში, ჩავაბარეთ ივნისში, როდესაც დავიცავით ევროპული არჩევანი და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება და სუვერენიტეტი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, მისი განცხადებით, „დროა“ შეუერთდება ყველა თვითორგანიზებულ აქციას.

„ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება დღეს პარლამენტის უკან, კანცელარიასთან, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფრენის პირველ დღეს, საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე, ამიტომ ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება, მშვიდად ვერ ჩამოფრინდება . ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. ამიტომ, 19 რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, მაგრამ ჩვენ რუსეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ საქართველოში არ ხვდებიან ტაშით ამ თვითმფრინავს, გარდა „ქართული ოცნებისა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.