„სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდარის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა მმართველი გუნდის მხრიდან ალოგიკური იქნებოდა.
„სოროსის ფონდი“ თავიდანვე იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა პირდაპირ დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა. ანუ, ვიდრე კომისია, ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, მანამდე „სოროსის ფონდმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს. ასეთ დროს „სოროსის ფონდის“ მიერ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლა ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა. ახლაც იმავეს აკეთებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული ეს დასკვნაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს. ტყუილს როდესაც ავრცელებენ, თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები, ეს ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იცით, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს რადიკალურ ოპოზიციასა და „სოროსის ფონდს“ შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა, აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან მათ ღონისძიებებზე მისვლა აბსოლუტურად ალოგიკურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა და პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის თანახმად, შესრულებული რეკომენდაციებია: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა; შეუსრულებელია ხუთი რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.