“ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში, ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუბლებს” – ირაკლი კობახიძე

98
spot_img

ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად – ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა – სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია? – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე სპეკულირების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიას, რომელსაც ფრენის ნებართვა მიეცა, ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ჰქონდა გამოყოფილი, აჟიოტაჟის შემდეგ კი ეს ჩანაწერი წაიშალა, კობახიძე ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი ჟესტია”.

„თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ვებ-გვერდიდან ეს ჩანაწერები ამოღებულია. სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს. ვინც ცდილობს, აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, სპეკულანტები არიან. ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც სპეკულაციის საბაბი არ არსებობს. კარგად გახსოვთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკურის ძალის წარმომდგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. აქედან ჩანს, რომ ისინი სპეკულირებენ და სპეკულანტები არიან. მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და თავს იწონებდა იმით, რომ პირადად მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს. ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს მიანიშნებს, რომ ისინი არის სპეკულანტები და სახელმწიფოს მტრები. მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული ფრენების მიღება. ამას ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები საქართველოში მიღებული არ იქნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.