Home Blog Page 2115

“მოლდოვის ფრთხილ პოლიტიკას, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება” – ირაკლი კობახიძე

გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამიტომ ხშირად გვსაყვედურობენ რატომ ვართ ფრთხილები და პრაგმატულები. ეს ყველაფერი სინამდვილეში რომ „გადაითარგმნოს“, გულისხმობს იმას, რომ გვსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, თუმცა, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ქვეყანა და საზოგადოება.

მისი თქმით, მოლდოვა, რომელიც საქართველოს მსგავს სიტუაციაშია, რუსეთთან მიმართებით ასევე ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, თუმცა, მისი მისამართით კრიტიკა არ ისმის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოსგან სხვა როლის შესრულებას ელოდება.

„ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა.

მოლდოვა არის დაახლოებით ჩვენს მსგავს ვითარებაში, არის დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რას ლაპარაკობენ- ათას სისულელეს, ათას აბსურდს და ტყუილს.

მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა როცა ყველას ესმის და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს რა არის ამის მიზეზი. მგონი, მიზეზი არის ერთი რაღაც: საქართველოსგან, სამწუხაროდ, ელოდებიან სხვა რამეს, მოლდოვისგან განსხვავებით. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

,,ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს წევრ ქვეყნებს – უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას”- ტინი კოქსი

ჩვენი ორგანიზაციის წევრების პოზიცია უცვლელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას აგრესორ ქვეყანას დაანგრიოს სისტემატური მულტილატერალიზმი ევროპაში, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს წევრ ქვეყნებს – უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა. „ვფიქრობ, კრემლში მიღებული გზავნილი მკაფიო იქნება, რომ არ არსებობს გზა, რომელიც პოზიციის ცვლილებას გვაიძულებს. რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია ევროპაში, რადგან რუსეთისთვის ეს არის მსოფლიო საზოგადოებაში ოდესმე დაბრუნების ერთადერთი გზა. ვფიქრობ, ძლიერი განცხადება გვექნება სოლიდარობაზე და იმ კუთხით, რომ ვინც დაიწყო აგრესიული ომი, ადრე თუ გვიან პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე და მათ შორის რუსეთის ლიდერები. მაგრამ როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვითანამშრომლოთ რუსეთთან. რადგან რუსეთი არსად გაქრება. რუსეთში მილიონობით მოქალაქეა, რომლებიც იმსახურებენ დაცვას ევროსაბჭოს მექანიზმებით“, – განაცხადა კოქსმა.

,,სჯობს თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას” -კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, დატოვეს საქართველოში. მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და სჯობს თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას. „ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბილბორდები იყო ადგილზე გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია მარტივად ხდება ეს ყველაფერი 2 კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები და საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში. არ ვიცი ახლა, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მე მგონი ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა, გავიდა 30 წელი და ამაზე სამწუხაროდ საუბარიც არ არის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საქართველო მუშაობს წინსვლისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად” – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტეს განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული საშინელი აგრესია გავლენას ახდენს მთელს რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე და მოლდოვაზე. რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს“, – ამბობს მარკ რუტე. მედიის კითხვას – რა იქნება შეხვედრაზე მისი მთავარი გზავნილი, ნიდერლანდების პრემიერი ასე პასუხობს: „ცხადია, ყველა საკითხზე ერთ მოსაზრებაზე არ ვართ, მაგრამ მთლიანობაში რაც შეეხება საქართველოს ევროპულს ორიენტაციას, ფაქტია, რომ საქართველო მუშაობს წინსვლისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკომისიაზეა დამოკიდებული რეკომენდაციის გაცემა. ცხადია, ამ თემებს განვიხილავთ“. მარკ რუტემ ასევე უპასუხა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. „მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ყოველთვის ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის გასცემს რეკომენდაციას, თუ რა შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას. გასული წლის ივნისში მივიღეთ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოლდოვასა და უკრაინისთვის, მაგრამ გვქონდა საქართველოზე სიღრმისეული განხილვა. საქართველომ იცის, რომ ჩვენ მივყვებით პროცესს და დიდი იმედი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გადასვლის“, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.

“იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი”- ანდჟეი დუდა

“იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი,” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის გახსნის ცერემონიაზე, მედიასთან განაცხადა.

„ქრონიკის“ კითხვას – დაუჭერს თუ არა მხარს წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, პოლონეთის პრეზიდენტი ასე პასუხობს:

დიახ, დიახ. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. 2004 წელს გაწევრიანდა პოლონეთი ევროკავშირში და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო ერთ-ერთია მათ შორის. მთლიანობაში მე მხარს ვუჭერ საქართველოს. მე წლებია საქართველოს მხარდამჭერი ვარ“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

 

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

,,ოპოზიციის წარმომადგენლები აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ” – კობახიძე

ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ამ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ვერ არჩევა, აქედან გამომდინარე, ერთი წელია, არ გვეუბნებიან, ვის დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. კობახიძის თქმით, საკითხი კენჭისყრაზე დადგება და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვის რა დამოკიდებულება აქვს პროცესის მიმართ, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ოკუპანტი ქვეყნის მიერ ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი და აღდგენილი პირდაპირი ფრენები. მმართველი გუნდის პოზიცია და ხედვები. სტუმარი: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მსგავსი: ოკუპანტი ქვეყნის მიერ ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი და აღდგენილი პირდაპირი ფრენები. მმართველი გუნდის პოზიცია და ხედვები. სტუმარი: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „დაახლოებით ერთი წელია, ვართ ამ რეჟიმში, ასარჩევი გვყავს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ხუთი წევრია ასარჩევი 90 ხმით, შესაბამისად, საჭიროა ოპოზიციის წარმომადგენელთა ხმებიც მათ ასარჩევად. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის მისაღებია 15-მდე კანდიდატი, ეს არაერთგზის ითქვა საჯაროდ ჩვენი მხრიდან. ესენი არიან ის კანდიდატები, რომლებიც, ჩვენი აზრით, აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენციის კრიტერიუმს, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რომლებმაც სათანადოდ წარმოაჩინეს თავი გასაუბრებაზე. ასეთი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კვალიფიციური იურისტები არიან წარმოდგენილი და მათ შორის შესაძლებელია ხუთი წევრის არჩევა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ხუთ კანდიდატს. ჩვენი აზრით, ხუთზე მეტიც არის ისეთი, რომელიც იმსახურებს იუსტიციის საბჭოს წევრობას. კონსულტაციების საფუძველზე მზად ვართ, 15 –დან ხუთს დავუჭიროთ მხარი.ასევე ვთქვით, რომ არ გვინდა ამ გვარების ჩვენგან დასახელება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას დარჩეს მაქსიმალური სივრცე, არ შეიზღუდოს ზედმეტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ მათი დასახელებისგან. იმის რისკიც არის, რომ ჩვენ რომ ვიტყვით 15-ს, მაინცდამაინც ამ 15-ის მიღმა დაასახელონ სხვები და ა.შ. მართალია, არ ესწრებოდა მათი უმეტესობა გასაუბრებებს, მაგრამ არსებობს ჩანაწერები, ჩართონ, ნახონ ჩანაწერები, მათ შორის ბიოგრაფიებს გადახედონ და ნახონ, ვის ეკუთვნის მათგან იუსტიციის საბჭოს წევრობა. ისინი ხომ ამბობენ, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი, კომპეტენტური ადამიანი, ვინც უნდა აირჩეს ამ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რა აბრკოლებთ ასეთი კანდიდატების დასახელების დროს? ვფიქრობ, აბრკოლებთ ერთადერთი რამ, მათ აქვთ ერთგვარი თვითმიზანი, როგორც არ უნდა შეეძლოთ, ხელი შეუშალონ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას და უზრუნველყონ ამ პუნქტის არშესრულება. ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ამ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ვერ არჩევა, აქედან გამომდინარე, ერთი წელია, არ გვეუბნებიან, ვის დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა კობახიძემ

17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეა

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ,,ოჯახი სახელმწიფოს და კაცობრიობის საფუძველია, თუ ოჯახები იქნებიან მყარი, მყარი და შეუდრეკელი იქნება სახელმწიფოც”, — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღესასწაულის გამოცხადების დღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში,  აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, ასევე ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით ტარდება საყოველთაო ჯვრისწერები.

„არახამიას ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე დღეს საუბარი არ არის“ – ნაყოფია

„გული შესტკივა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ის, როგორც ძალიან წარმატებული ქართველი, იბრძვის უკრაინელებისა და ქართველებისთვის, ქართულ პოლიტიკაში მის მოსვლაზე დღეს საუბარი არ არის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ ქართულ პოლიტიკაში უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო მოსვლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, არახამია უკრაინულ პოლიტიკაში ძალიან გავლენიანი პირია, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდას მიზანმიმართულად ეწევა.

„ჩვენ ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მის მოსვლაზე საუბარი არ ყოფილა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. გარკვეულწილად ის ჩართულია პროცესებში, აღშფოთებულია უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებით. იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი უკრაინულ პოლიტიკაში, ეს ადამიანი არის ქართველი, ქართულს სწავლობს, მას მართლა უნდოდა ამის გაკეთება და თავისუფალ დროს ამაზე მუშაობს. უყვარს თავისი ენა, სამშობლო და თავისი ხალხი და იმის მაგივრად, რომ გვიხაროდეს და მის შესაძლებლობებს სწორად ვიყენებდეთ, მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ჩართო საშინელი პროპაგანდა“, – განაცხადა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

„უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად საკმარისი აღჭურვილობა არ აქვს“ – ზელენსკის მრჩეველი

„უკრაინას არ აქვს საკმარისი სამხედრო ტექნიკა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად“, – ამის შესახებ ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას ტერიტორიების გასათავისუფლებლად ჯავშანტექნიკა და ტანკები სჭირდება.

„სამწუხაროდ, აღჭურვილობის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი კონტრშეტევის დასაწყებად. კონტრშეტევის დასაწყებად, რომლის შედეგიც იქნება უკრაინის ტერიტორიების განთავისუფლება, საჭიროა საკმარისი საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა, გვჭირდება ჯავშანტექნიკა და ტანკები. ჩვენ გვინდა, რომ ეს კონტრშეტევა წარმატებული იყოს, წარმატება კი იქნება უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიის გათავისუფლება“, – განაცხადა ჟოვკვამ.

,,ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია” – Georgian Airways-ის თანამშრომლები

ავიაკომპანია Georgian Airways-ის თანამშრომლები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ საზოგადოებისგან მიღებული კრიტიკის ფონზე ღია წერილს ავრცელებენ. „ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად „გვამკობენ“ მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით. „ჯორჯიან ეარვეისი“ ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები ახდენდნენ აფხაზეთის ომის დროს ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული. 2008 წლის ომის დროს ჯორჯიან ეარვეისი იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვოკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი. აქვე ხაზგასასმელია, რომ „ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები.სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ. ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია – „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია.მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მით უმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს“, – აღნიშნულია კომპანიის თანამშრომლების განცხადებაში.

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ემოციურად დაძაბული ხართ. მომხდარის დრამატიზაცებას და ნებისმიერი საუბრის ჩხუბად ქცევას ცდილობთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა შეიძლება მუშაობაზე უარყოფითად აისახოს და კოლეგებთან ურთიერთობა დააზიანოს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და სამუშაოს შესრულებაზე კონცენტრირდეთ.

კურო

თუ ყურადღებას საკუთარი საზრუნავიდან სხვა ადამიანების პრობლემებზე გადაიტანთ, კოლეგებისა თუ ნაცნობების თვალში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად ამაღლდება. ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ექსპერიმენტები არ უნდა დაგეგმოთ. დროა სახლის საფუძვლიან დალაგებას შეუდგეთ. ეცადეთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ.

ტყუპები

ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და საზოგადოებას საკუთარ წარმატებებსა და ახალ იდეებზე უამბოთ. თქვენი ენთუზიაზმი გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს, რომლებიც შეიძლება კარიერულ განვითარებასა და პროფესიაში წინსვლაში დაგეხმარონ. გარშემო მყოფთა კრიტიკა მშვიდად, კამათის გარეშე მიიღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება დიდი ჩხუბით დასრულდეს.

კირჩხიბი

ამ დღის მოვლენები ისე განვითარდება, რომ თავად მიხვდებით, საით უნდა იმოძრაოთ და რაზე გაამახვილოთ ყურადღება. თუ ახლად დაწყებული პროექტი დიდ დროს და რესურსებს მოითხოვს, ჯობს მასზე საერთოდ უარი თქვათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, დასვენების და გართობის დრო გამონახოთ.

ლომი

დაძაბული დღე გელით. საქმე იმაზე მეტი გექნებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ამიტომ გირჩევთ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ეს დღე ხელსაყრელია სარისკო საქმეებისთვის.

ქალწული

დროა, მიზნებისა და პრიორიტეტების შეცვლაზე იფიქროთ. თქვენს ცხოვრებაში არის რაღაცები, რაზეც შეგიძლიათ უარი თქვათ და ადგილი ახალს და პერსპექტიულს დაუთმოთ. ძველი პრობლემის გადასაჭრელად ეცადათ, საკითხს ახლებურად მიუდგეთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე უნდა იზრუნოთ, ხოლო მეორეხარისხოვანი საკითხები შეგიძლიათ მომდევნო დღეებისთვის შემოინახოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სასურველია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი

სანამ ადამიანთან, რომელმაც გაწყენინათ, ურთიერთობას გაწყვეტთ, დაფიქრდით – ძალიან ხომ არ ჩქარობთ? დამატებითი ინფორმაციის ან ახალი გარემოებების შესწავლის შემდეგ შესაძლოა, აზრი შეგეცვალოთ. ეცადეთ ოჯახის წევრების კრიტიკას და შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ. დიდი შესყიდვებისთვის არახელსაყრელი დღეა.

მშვილდოსანი

დროა, წესები შეცვალოთ და მუშაობის მოძველებული ხერხები განაახლოთ. ასე სასურველი შედეგის მიღებასაც შეძლებთ და უფროსებზე შთაბეჭდილებასაც მოახდენთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გარემოებებს თქვენს სასარგებლოდ შეცვლის. ეცადეთ, პიროვნული მომხიბვლელობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

თხის რქა

საქმე, რომელზედაც ბოლო დროს მონდომებით მუშაობდით, ამ დღეს შეიძლება წარმატებით დასრულდეს. ეცადეთ, მთელი ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართოთ, ხოლო მეორეხარისხოვანი საკითხები სამომავლოდ გადადოთ. სავარაუდოდ, ახალი იდეა ფინანსური შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ.

მერწყული

დილიდან უხასიათოდ ხართ და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ. მიზეზი საყვარელ ადამიანთან კამათია, რომელმაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაართულოს. სირთულეების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და წყენა დაივიწყოთ.

თევზები

დღევანდელი წარმატება თქვენს გარემოცვასა და ნაცნობების წრეზეა დამოკიდებული. ეცადეთ, საჭირო კავშირები დაამყაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ და მთელი ყურადღება პარტნიორს დაუთმოთ.

“რეიკიავიკის სამიტზე ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, საქართველომ მიიღოს დამსახურებული სტატუსი”-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ექნება ორმხრივი შეხვედრები.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრებზე მისი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. ჩვენ წარვდგებით ჩვნი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო ათი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე, საუბარი გვექნება ჩვენს შიდა გამოწვევებზე. სიტყვით მიმართვის გარდა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით, ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.