„გული შესტკივა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ის, როგორც ძალიან წარმატებული ქართველი, იბრძვის უკრაინელებისა და ქართველებისთვის, ქართულ პოლიტიკაში მის მოსვლაზე დღეს საუბარი არ არის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ ქართულ პოლიტიკაში უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო მოსვლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, არახამია უკრაინულ პოლიტიკაში ძალიან გავლენიანი პირია, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდას მიზანმიმართულად ეწევა.
„ჩვენ ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მის მოსვლაზე საუბარი არ ყოფილა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. გარკვეულწილად ის ჩართულია პროცესებში, აღშფოთებულია უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებით. იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი უკრაინულ პოლიტიკაში, ეს ადამიანი არის ქართველი, ქართულს სწავლობს, მას მართლა უნდოდა ამის გაკეთება და თავისუფალ დროს ამაზე მუშაობს. უყვარს თავისი ენა, სამშობლო და თავისი ხალხი და იმის მაგივრად, რომ გვიხაროდეს და მის შესაძლებლობებს სწორად ვიყენებდეთ, მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ჩართო საშინელი პროპაგანდა“, – განაცხადა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში.