“რეიკიავიკის სამიტზე ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, საქართველომ მიიღოს დამსახურებული სტატუსი”-ღარიბაშვილი

145
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ექნება ორმხრივი შეხვედრები.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრებზე მისი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. ჩვენ წარვდგებით ჩვნი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო ათი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე, საუბარი გვექნება ჩვენს შიდა გამოწვევებზე. სიტყვით მიმართვის გარდა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით, ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.