Home Blog Page 2106

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5310 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5310 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5347 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7358 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა”

პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა კლინიკისკენ, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა. „გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო, – ამის შესახებ გორში გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის ბებიამ განაცხადა.

ლამარა ლაფერაშვილის თქმით, პედიატრ ნინიაშვილთან ვიზიტისას, ბავშვისთვის არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ და გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმს არც სტაციონარული მკურნალობა შეუთავაზებია.

„ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მესამე დღეს უკვე ძალიან ჰქონდა და მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან, ნინიაშვილთან. შეიცხადა, ვაიმე, როგორი გართულებულია, ასეთი რამ არ მინახავსო. მოუსმინა ფილტვებზე, არაფერი აქვსო, მალამო და ბეტადინის ხსნარი გამოუწერა, დაუმუშავეთ, შევხედოთ ორი დღეო. ვუთხარით, რომ ტემპერატურა 39 გრადუსამდე ჰქონდა ბავშვს, პარაცეტამოლი მიეცითო. წამოვიყვანეთ, შევასრულეთ რა დანიშნულებაც მოგვცა, მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო. მეორე დღე რომ გათენდა, ექიმს ისევ დავურეკეთ და მდგომარეობა ვუთხარით. ბავშვის დედამ ისიც უთხრა, რომ ბავშვს ფეხის კუნთი გაუმაგრდა, დაუსივდა და ვეღარ ადგამდა. ამაზე მოგვცა რეკომენდაცია, რომ გამაყუჩებელი მიგვეცა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, სეფსისის ნიშანი ყოფილა. როცა ექიმთან გვყავდა, გამონაყარის ბუშტუკებსაც სილურჯე დაჰკრავდა, ეგეც სეფსისის მანიშნებელი ყოფილა. როგორ ვერ გაიგო ექიმმა, როგორ არ გაუჩნდა ეჭვი ან შემოეთავაზებინა მაინც, რომ ანალიზები გაგვეკეთებინა – არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ, არც სისხლის ანალიზი, არც რენტგენი გადაუღიათ. ის მაინც ეთქვა, საავადმყოფოში დავაწვინოთო.

რომ მივხვდით შედეგი არ იყო, ბავშვის თბილისში წაყვანას ვგეგმავდით, მაგრამ შევატყვეთ, რომ ბავშვი ვერ იყო კარგად, მდგომარეობა რთულდებოდა, შეგვეშინდა, თბილისამდე უარესად არ გამხდარიყო და შევიყვანეთ ისევ „გორმედში“. შესასვლელში სკამზე დავსხედით, გამოვიდა ექიმი, ვუთხარი, ბავშვი ცუდადაა-მეთქი, დახედა თომას და – „უი, ჩუტყვავილა აქვს, ამას ვერ მივიღებთო, ერთ პალატაში სხვა ბავშვი წევს და იქ ვერ შევიყვანთო, მეორეშიც სხვა წევს და ვერც იქო“. მერე გააღო რომელიღაც ოთახის კარი და იქ შევიყვანეთ, დააწვინა ბავშვი დედამ, ვეუბნები, სასწრაფოდ, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი. სად არის ნეტა ექთანი, ექთანს არ სცალიაო…

მივხვდით, რომ ბავშვის მდგომარეობისთვის სხვაგან გადაყვანა სჯობდა და ვუთხარით, იქნებ რეანიმობილი გამოიძახოთ-მეთქი. მიპასუხა, ასე მალე ვერ იქნებაო, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთ, მერე რეანიმობილსაც დრო უნდაო. ვუთხარი, რა დროს ისტორიაა, ხომ ხედავთ, ბავშვი ძალზე ცუდადაა, რამდენი ხანი დასჭირდება რეანიმობილის თბილისიდან ჩამოსვლას და არ დაგვიანდეს-მეთქი. გადავწყვიტეთ, ჩვენ წაგვეყვანა თბილისში, მხოლოდ დრო დავკარგეთ „გორმედში“ და ის დრო რომ არ დაგვეკარგა, იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი, სულ 5 წუთი დაგვაკლდა კლინიკამდე, ვიდრე მივედით, დაიღუპა ბავშვი. რომ მივუახლოვდით თბილისს, გზიდან დავრეკეთ სასწრაფოში, გვითხრეს, ადგილმდებარეობა გვითხარით, გაჩერდით და ახლავე გამოვდივართო. დრო რომ არ დაგვეკარგა, არც გავჩერებულვართ, დავინახეთ პატრული, გავაჩერეთ და დახმარება ვთხოვეთ, პატრული წინ ჩაგვიდგა, მაგრამ ბავშვი უკიდურესად ცუდად გაგვიხდა…

სულ ცოტა მანძილი იყო დარჩენილი კლინიკამდე. პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა. „გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო. „გორმედიდან“ წაყვანისას არც კი გვითხრეს, სად მიგყავთ, ცუდად არის ბავშვი და აქ ჩავუტარებთ პირველად დახმარებასო. ღმერთის წინაშე დავიფიცებ, არაფერი უთქვამთ“, – აღნიშნა გარდაცვლილი თომა წიქარიძის ბებიამ.

შეგახსენებთ, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

რაც შეეხება „გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს.

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა“, – აცხადებს „გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი, ამავე საფეხბურთო კლუბის არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„ნაცმოძრაობა“ სრულიად ჩამოშლილია უკვე და პატრონი აღარ ჰყავს” – მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“ სრულიად ჩამოშლილია უკვე და პატრონი აღარ ჰყავს. ბევრი პატრონი გამოუჩნდათ და ამასობაში პატრონი აღარ დარჩათ, როგორც უნდათ ისე გაიგონ, რადგან მართლა ასეა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი ღირებული და ღირსეული „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არსებობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება ლევან ბეჟაშვილი არჩეული არ იქნეს.

„რეალურად მათი ტელევიზიები, მათი მოპარული ფულით დაფინანსებული ტელევიზიები რომ არ არსებობდნენ „ნაცმოძრაობა“ ბუნებაში არ იარსებებს. ამას დაემატა ევროპელი პენსიონერების ძარცვით მიღებული შემოსავალი და მათი ტელევიზიები კვლავ არსებობენ და განაგრძობენ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდირებას. არანაირი ღირებული და ღირსეული ამ პარტიაში აღარ არსებობს, არც ამ პარტიაში და არც მის კლასტერებში დანამატების სახით რომ ჰყავთ წარმოდგენილი. (ლევან ბეჟაშვილს) ავირჩევთ თუ არა ეს გარკვეულწილად ყოველთვის მიიჩნეოდა ფორმალურ საკითხად, მაგრამ უკვე ისე იქცევიან, ისე მტრულად არიან საკუთარი ქვეყნის წინაშე განწყობილები, რომ შეიძლება თავი შევიკავოთ, იმაზეც კი რაც აქამდე ფორმალურ საკითხად მოიაზრებოდა ხოლმე. ჩვენ წარსულში ყოველთვის ვცდილობდით, რომ ნაბიჯები გადაგვედგა, ფორმალიზმთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგვექმნა, მაგრამ ასე მარტივად აღარ არის. დღეს ისინი როგორც იქცევიან, უკვე მათი კლასტერის წარმომადგენლები როგორც იქცევიან, ჟურნალისტებიც კივილს და შეურაცხყოფის მიყენებას არ ერიდებიან საქართველოს პარლამენტში დეპუტატების მიმართ, ალბათ ფორმალიზმზეც უარი უნდა ითქვას და სავარაუდოდ, უფრო მეტად მე ვუშვებ, რომ შეიძლება არ იქნეს არჩეული“, – განაცხადა მდინარაძემ.

“მშვიდობა იწვევს ისეთ პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე და კეთილდღეობა” – ზაალ ანჯაფარიძე

„პოზიტიური მშვიდობის ხანგძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია, 14 -ი ერთეულით გაიუმჯობესა, 53 – ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

„პოზიტიური მშვიდობის ხანგძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებული ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP).

გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

ანგარიშის თანხმად, პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას.
კვლევის საკვანძო მიგნებების თანხმად:

მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა.

პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის.
მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს.

პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:
1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო
3. კორუფციის დაბალი დონე
4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
7. ინფორმაციის თავისუფლება
8. რესურსების სამართლიანი განაწილება
პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ,“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

“მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისკენ და მკურნალობისკენ” – ზურაბ აზარაშვილი

„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მოვუწოდო ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ, რათა ერთად შევძლოთ, 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის – C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა საქართველოში“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა, დეპუტატებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები გააცნო და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად, უკვე განიკურნა 80 000-ზე მეტი ადამიანი.

„გასულ წელს, კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. 

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა 100%-ით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

“2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება დაფინანსდა”

ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით დაფინანსდა 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა, ყურადღება დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ 10 წლის წინ, პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, 2023 წლისთვის, თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა და 30 მლნ ლარს გადააჭარბა.

„2022 წლიდან, გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თუ გასულ წლებში პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული, დღეს, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში.

2022 წლის მაისიდან, დაიწყო 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების (CGM) გადაცემა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტში გამოყოფილია 6 მილიონ ლარამდე. პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით, ამჟამად, სარგებლობს 700-ზე მეტი ბავშვი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია იშვიათი დაავადებების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი, გასული 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ლარიდან 30 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

მისი თქმით, პროგრამა ფარავს აუცილებელ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, მკურნალობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს.

„იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, ჩამოყალიბდა იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ ექიმები, სახალხო დამცველის აპარატის და ფინანსთა სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. მზადდება იშვიათი დაავადებების სტრატეგია, რომელიც იქნება ქვეყნისთვის პირველი გზამკვლევი იშვიათი დაავადებების მქონე პირების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ტრანსპლანტაციის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა.

„2 მლნ. ლარზე მეტით უკვე დაფინანსდა ძვლის ტვინის 16 ტრანსპლანტაცია, ხოლო 400 000 ლარზე მეტით დაფინანსდა ღვიძლის 6 ტრანსპლანტაცია, თირკმლის 51 ტრანსპლანტაცია დაფინანსდა, 1მლნ ლარით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა, გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევად დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება დაასახელა. მისი თქმით, დიალიზის სერვისი უკვე 39 დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, იგეგმება კიდევ 12 ცენტრის დამატება.

„2022 წელს, სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მაღალმთიან რეგიონებში ხელმისაწვდომობის მიმართულებით გაკეთდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

“როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან და ალბათ პარტიიდანაც გადინება კიდევ იქნება” – ვახტანგ ძაბირაძე

გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს, კენჭისყრის დროს, მხარი ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა დაუჭირა.

დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, „ნაციონალურ მოძრაობის” მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. სამი მათგანი ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არჩეული წევრებისთვის ხმის მიცემას ადასტურებს. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა მათ ვინაობას არ აზუსტებს. ქარდავა ასევე, უარყოფს „ქართულ ოცნებასთან” გარიგებას და აღნიშნავს, რომ შეგნებული პოლიტიკური საქმიანობა მიუძღვნა ბრძოლას იმასთან, ვინც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებს. ამავე ბლოკით არჩეული დეპუტატი დილარ ხაბულიანი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ცნობით, მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს არჩეულ არამოსამართლე წევრებს, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა.

ამასთან, გუშინვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.

აღნიშნულ ფაქტს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, მანამდე ფრაქცია და პარტია რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დატოვა.

„დუღილის პროცესი მიდის, ნიკა მელიას განცხადებები ვნახეთ, საპირისპირო განცხადებებიც მოვისმინეთ, მაგრამ ეს თანაფარდი ნამდვილად არ არის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც დაიწყო, ჯერჯერობით გრძელდება. სადამდე მივა საქმე რთული სათქმელია, მაგრამ პროცესი რომ ჯერ არ დასრულებულა, ეს ნამდვილად ჩანს. მაჭუტაძე, ქარდავა და ჩხეიძეები პარტიის წევრები არ ყოფილან, ისინი ფრაქციის წევრები იყვნენ. ფრაქცია კი ისე არ დაიშლება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ჯგუფი არ დარჩეს. როგორც ჩანს გადინება კიდევ იქნება ფრაქციიდანაც და ალბათ პარტიიდანაც,“– განაცხადა ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაკარგვა ან შენარჩუნება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური იქნება ეს პროცესი და შეიქმნება თუ არა ცალკე პოლიტიკური ძალა.

„ამ ოთხ ადამიანს დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ისინი ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან, მაგრამ პარლამენტში მათი ელექტორატის ხარჯზე შევიდნენ. დამოუკიდებლად რომ ეყარათ კენჭი, პარლამენტში ვერცერთი ვერ მოხვდებოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ დეპუტატების გასვლა ფრაქციიდან ელექტორატზე ნაკლებად იმოქმედებს. მაგრამ, თუ პროცესი გაგრძელდა და პარტიის გახლეჩამდე მივიდა საქმე, ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ელექტორატზე,” – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. გუშინ კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი.

კერძოდ, მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.

ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც მესამე ტური გაიმართება.

“საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს”- კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იქნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან შეზღუდვები დაწესებული იყო ცალმხრივად.

„თქვენ იცით, რომ ეს შეზღუდვა ცალმხრივად იყო დაწესებული. მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ის, რომ უვიზოდ მიმოსვლა და ფრენებიც შესაძლებელია, ცუდი ამაში არაფერია. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. სანქციებს არ ვუერთდებით”.

პირდაპირი ფრენები მარტო საქართველოშია? არ გაქვთ ინფორმაცია, რომელ ქვეყნებში დაფრინავს რუსეთიდან თვითმფრინავები? მარტო საქართველოშია ანალოგიური ფრენები?!” – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, კეთდება  განცხადებები, რომ სარკინიგზო მიმოსვლა შეიძლება აღდგეს, წავა თუ არა ხელისუფლება ამ დათმობაზე?  – „პირველად მესმის ამის შესახებ. რა დათმობაზე და საქართველოს ნაბიჯებზეა ზოგადად საუბარი, ეს იყო ცალმხრივი სანქცია, რომელიც იყო რუსეთის მხრიდან დაწესებული, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სანქციის გაუქმებაზე. საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იქნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ” – ირაკლი კობახიძე

გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ – უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ „15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე და 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ გასცა თანხმობა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა კი ამ დრომდე არ გაუცია“.

კობახიძე აღნიშნულ განცხადებას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს.

„პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი სპეკულირებს. ეს ყველაფერი დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტს არ მისცეს ვიზიტზე თანხმობა. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში, როდესაც მოხსენება ჰქონდა და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას დღემდე შეიძლება არ გაუცია ნებართვა, შეიძლება მოგვიანებით გასცეს – ეს მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას ეშინია (ეშინია პირობითი სიტყვაა) პრეზიდენტის არასწორი განცხადებების. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც დამაზიანებელია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის მიღების პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.

„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.

27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„კეზერაშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელიც ძარცვავდა ბიზნესმენებს, ჯარსა და პენსიონერებს“ – კობახიძე

კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, ცნობილი ყაჩაღი, შარაგზის ყაჩაღი, რომელიც ძარცვავდა ჯერ ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს და შემდეგ ევროპელ პენსიონერებს. ახლა გაკადნიერდა და „ბიბისის“ უჩივლა, როცა ის ამხილეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილს იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც „ბიბისის“ საქმეს განიხილავს.

„კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. ადრესატი მისი კუთვნილი ტელევიზია რომ ყოფილიყო, აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა, რამდენჯერაც სარჩელი შევიტანეთ კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, როცა საქმე ეხებოდა სიცრუის გავრცელებას და ა.შ., იმდენჯერ კეზერაშვილის ტელევიზიამ ამას უწოდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას და ეს არის „ბიბისი“.

კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, ცნობილი ყაჩაღი, შარაგზის ყაჩაღი, რომელიც ძარცვავდა ჯერ ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს და შემდეგ ევროპელ პენსიონერებს. ახლა გაკადნიერდა და „ბიბისის“ უჩივლა, როცა ის ამხილეს. მას იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც „ბიბისის“ საქმეს განიხილავს. ფული საკმაოდ ბევრი აქვს, მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პატრონების იმედი, რომლებიც მას ეხმარებიან თავისუფალ მიმოსვლაში ევროპაში. თუ პატრონებიც დაეხმარებიან და დიდი ფულიც იმოქმედებს, შეიძლება, კეზერაშვილმა „ბიბისიც“ დაამარცხოს, როგორც თავის დროზე ამარცხებდა ბიზნესმენებს, ჯარს ძარცვავდა და ამარცხებდა ევროპელ პენსიონერებს. ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა „ბიბისის“, თავისუფალ მედიას“, – განაცხადა კობახიძემ.

“მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს” – გიორგი ცუცქირიძე

2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

ცუცქირიძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს.

მისივე თქმით, ამ კვლევითაც კარგად ჩანს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, და მისი მიღწევის გზები პირდაპირ გადის გლობალური შოკების პრევენციაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ჯანსაღ ბიზნეს გარემოზე და ინფორმაციის თავისუფლებზე, ანუ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც საქართველოს მთავრობას მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიცია თუ ცალკეული უცხოური პოლიტიკური წრეები, ხოლო ალტერნატივას ვერ ვერაფერს სთავაზობენ.

„დღევანდელ გლობალური გამოწვევების ეპოქაში, სულ უფრო იზრდება ქვეყნების მშვიდობიანი განვითარების პარადიგმა ანუ თუ როგორია პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესი, რაც მოიცავს არა უშუალოდ ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება ისეთ პოზიტიურ მახასიათებლებს, როგორებიცაა-ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასება.
2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

ნიშანდობლივია, რომ პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). თუმცა გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს. კერძოდ, პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა ისეთ მნიშვნელოვან საყრდენს, როგორიცაა: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა, ჯანსაღი ბიზნეს გარემო, კორუფციის დაბალი დონე, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა, თუ კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.

ნიშანდობლივია, რომ მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს.
პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ. ამ კვლევითაც კარგად ჩანს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, და მისი მიღწევის გზები პირდაპირ გადის გლობალური შოკების პრევენციაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ჯანსაღ ბიზნეს გარემოზე და ინფორმაციის თავისუფლებზე, ანუ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც საქართველოს მთავრობას მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიცია თუ ცალკეული უცხოური პოლიტიკური წრეები, ხოლო ალტერნატივას ვერ ვერაფერს სთავაზობენ…

რადგან კვლევის საკვანძო მიგნებების თანახმად: მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის.“-წერს გიორგი ცუცქირიძე.