“როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან და ალბათ პარტიიდანაც გადინება კიდევ იქნება” – ვახტანგ ძაბირაძე

118
spot_img

გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს, კენჭისყრის დროს, მხარი ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა დაუჭირა.

დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, „ნაციონალურ მოძრაობის” მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. სამი მათგანი ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არჩეული წევრებისთვის ხმის მიცემას ადასტურებს. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა მათ ვინაობას არ აზუსტებს. ქარდავა ასევე, უარყოფს „ქართულ ოცნებასთან” გარიგებას და აღნიშნავს, რომ შეგნებული პოლიტიკური საქმიანობა მიუძღვნა ბრძოლას იმასთან, ვინც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებს. ამავე ბლოკით არჩეული დეპუტატი დილარ ხაბულიანი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ცნობით, მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს არჩეულ არამოსამართლე წევრებს, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა.

ამასთან, გუშინვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.

აღნიშნულ ფაქტს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, მანამდე ფრაქცია და პარტია რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დატოვა.

„დუღილის პროცესი მიდის, ნიკა მელიას განცხადებები ვნახეთ, საპირისპირო განცხადებებიც მოვისმინეთ, მაგრამ ეს თანაფარდი ნამდვილად არ არის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც დაიწყო, ჯერჯერობით გრძელდება. სადამდე მივა საქმე რთული სათქმელია, მაგრამ პროცესი რომ ჯერ არ დასრულებულა, ეს ნამდვილად ჩანს. მაჭუტაძე, ქარდავა და ჩხეიძეები პარტიის წევრები არ ყოფილან, ისინი ფრაქციის წევრები იყვნენ. ფრაქცია კი ისე არ დაიშლება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ჯგუფი არ დარჩეს. როგორც ჩანს გადინება კიდევ იქნება ფრაქციიდანაც და ალბათ პარტიიდანაც,“– განაცხადა ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაკარგვა ან შენარჩუნება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური იქნება ეს პროცესი და შეიქმნება თუ არა ცალკე პოლიტიკური ძალა.

„ამ ოთხ ადამიანს დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ისინი ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან, მაგრამ პარლამენტში მათი ელექტორატის ხარჯზე შევიდნენ. დამოუკიდებლად რომ ეყარათ კენჭი, პარლამენტში ვერცერთი ვერ მოხვდებოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ დეპუტატების გასვლა ფრაქციიდან ელექტორატზე ნაკლებად იმოქმედებს. მაგრამ, თუ პროცესი გაგრძელდა და პარტიის გახლეჩამდე მივიდა საქმე, ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ელექტორატზე,” – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. გუშინ კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი.

კერძოდ, მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.

ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც მესამე ტური გაიმართება.