“გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ” – ირაკლი კობახიძე

183
spot_img

გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ – უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ „15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენაზე და 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ გასცა თანხმობა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა კი ამ დრომდე არ გაუცია“.

კობახიძე აღნიშნულ განცხადებას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს.

„პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი სპეკულირებს. ეს ყველაფერი დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტს არ მისცეს ვიზიტზე თანხმობა. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში, როდესაც მოხსენება ჰქონდა და დამეთანხმებით, ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას დღემდე შეიძლება არ გაუცია ნებართვა, შეიძლება მოგვიანებით გასცეს – ეს მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას ეშინია (ეშინია პირობითი სიტყვაა) პრეზიდენტის არასწორი განცხადებების. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც დამაზიანებელია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის მიღების პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.

„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.

27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.