“პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა”

172
spot_img

პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა კლინიკისკენ, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა. „გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო, – ამის შესახებ გორში გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის ბებიამ განაცხადა.

ლამარა ლაფერაშვილის თქმით, პედიატრ ნინიაშვილთან ვიზიტისას, ბავშვისთვის არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ და გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმს არც სტაციონარული მკურნალობა შეუთავაზებია.

„ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მესამე დღეს უკვე ძალიან ჰქონდა და მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან, ნინიაშვილთან. შეიცხადა, ვაიმე, როგორი გართულებულია, ასეთი რამ არ მინახავსო. მოუსმინა ფილტვებზე, არაფერი აქვსო, მალამო და ბეტადინის ხსნარი გამოუწერა, დაუმუშავეთ, შევხედოთ ორი დღეო. ვუთხარით, რომ ტემპერატურა 39 გრადუსამდე ჰქონდა ბავშვს, პარაცეტამოლი მიეცითო. წამოვიყვანეთ, შევასრულეთ რა დანიშნულებაც მოგვცა, მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო. მეორე დღე რომ გათენდა, ექიმს ისევ დავურეკეთ და მდგომარეობა ვუთხარით. ბავშვის დედამ ისიც უთხრა, რომ ბავშვს ფეხის კუნთი გაუმაგრდა, დაუსივდა და ვეღარ ადგამდა. ამაზე მოგვცა რეკომენდაცია, რომ გამაყუჩებელი მიგვეცა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, სეფსისის ნიშანი ყოფილა. როცა ექიმთან გვყავდა, გამონაყარის ბუშტუკებსაც სილურჯე დაჰკრავდა, ეგეც სეფსისის მანიშნებელი ყოფილა. როგორ ვერ გაიგო ექიმმა, როგორ არ გაუჩნდა ეჭვი ან შემოეთავაზებინა მაინც, რომ ანალიზები გაგვეკეთებინა – არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ, არც სისხლის ანალიზი, არც რენტგენი გადაუღიათ. ის მაინც ეთქვა, საავადმყოფოში დავაწვინოთო.

რომ მივხვდით შედეგი არ იყო, ბავშვის თბილისში წაყვანას ვგეგმავდით, მაგრამ შევატყვეთ, რომ ბავშვი ვერ იყო კარგად, მდგომარეობა რთულდებოდა, შეგვეშინდა, თბილისამდე უარესად არ გამხდარიყო და შევიყვანეთ ისევ „გორმედში“. შესასვლელში სკამზე დავსხედით, გამოვიდა ექიმი, ვუთხარი, ბავშვი ცუდადაა-მეთქი, დახედა თომას და – „უი, ჩუტყვავილა აქვს, ამას ვერ მივიღებთო, ერთ პალატაში სხვა ბავშვი წევს და იქ ვერ შევიყვანთო, მეორეშიც სხვა წევს და ვერც იქო“. მერე გააღო რომელიღაც ოთახის კარი და იქ შევიყვანეთ, დააწვინა ბავშვი დედამ, ვეუბნები, სასწრაფოდ, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი. სად არის ნეტა ექთანი, ექთანს არ სცალიაო…

მივხვდით, რომ ბავშვის მდგომარეობისთვის სხვაგან გადაყვანა სჯობდა და ვუთხარით, იქნებ რეანიმობილი გამოიძახოთ-მეთქი. მიპასუხა, ასე მალე ვერ იქნებაო, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთ, მერე რეანიმობილსაც დრო უნდაო. ვუთხარი, რა დროს ისტორიაა, ხომ ხედავთ, ბავშვი ძალზე ცუდადაა, რამდენი ხანი დასჭირდება რეანიმობილის თბილისიდან ჩამოსვლას და არ დაგვიანდეს-მეთქი. გადავწყვიტეთ, ჩვენ წაგვეყვანა თბილისში, მხოლოდ დრო დავკარგეთ „გორმედში“ და ის დრო რომ არ დაგვეკარგა, იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი, სულ 5 წუთი დაგვაკლდა კლინიკამდე, ვიდრე მივედით, დაიღუპა ბავშვი. რომ მივუახლოვდით თბილისს, გზიდან დავრეკეთ სასწრაფოში, გვითხრეს, ადგილმდებარეობა გვითხარით, გაჩერდით და ახლავე გამოვდივართო. დრო რომ არ დაგვეკარგა, არც გავჩერებულვართ, დავინახეთ პატრული, გავაჩერეთ და დახმარება ვთხოვეთ, პატრული წინ ჩაგვიდგა, მაგრამ ბავშვი უკიდურესად ცუდად გაგვიხდა…

სულ ცოტა მანძილი იყო დარჩენილი კლინიკამდე. პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა. „გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო. „გორმედიდან“ წაყვანისას არც კი გვითხრეს, სად მიგყავთ, ცუდად არის ბავშვი და აქ ჩავუტარებთ პირველად დახმარებასო. ღმერთის წინაშე დავიფიცებ, არაფერი უთქვამთ“, – აღნიშნა გარდაცვლილი თომა წიქარიძის ბებიამ.

შეგახსენებთ, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

რაც შეეხება „გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს.

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა“, – აცხადებს „გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.