მე ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის თქმით, მას ესმის, რატომ აქვს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს კითხვის ნიშნები, რადგან კითხვა უნდა დაისვას იმაზე, რატომ აღადგინა პუტინმა პირდაპირი ფრენები და გააუქმა სავიზო რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო საქართველოსთვის მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
„მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან გაეხმო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა ნამდვილად ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის. პუტინი უბრალოდ არაფერს გასცემს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასცემს ის ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, -განაცხადა კელი დეგნანმა.
კითხვაზე, აშშ თავის მხრივ განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია.
„საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოც“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.