“რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი” – არჩილ თალაკვაძე

59
spot_img

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, ამიტომ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს საქართველომ ამ პროცესში რაიმე ტიპის მონაწილეობა მიიღო, სპეკულაციაა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს სანქციები დაუწესოს, თუმცა ხელისუფლება ამგვარი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ისინი ხელისუფლებას გვთხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები და თანამემამულეები. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველო ძალიან მშვიდად, პრაგმატულად, თავის პარტნიორებთან კოორდინაციით განაგრძობს საკუთარი მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ რეგიონში, სადაც ისედაც არაერთი გამოწვევა იყო და ახლა ძალიან რთული ომი მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკა და არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას, თუ ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილ ძალებს იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე პროვოკაცია დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც სანქციები დაუწესა ჩვენ მოქალაქეებს და ახლაც, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, სპეკულაციებია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ რაიმე მონაწილეობა მივიღეთ ამ გადაწყვეტილების შემუშავებაში.

ეს არის სიგნალი, ასევე ევროკავშირის და ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. ნებისმიერი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რა თქმა უნდა, რისკებს და გამოწვევებს ზრდის საქართველოსთვის და ბუნებრივია, ააქტიურებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს პასუხისმგებლობიანი და დროული გადაწყვეტილება. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ისევე, როგორც ევროპას სჭირდება რეგიონში საქართველო, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი. ეს პასუხისმგებლობა საქართველომ არაერთხელ გამოხატა და დაადასტურა თავისი მოკავშირეების, სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ახლა, დროა, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.