2022 წელს უმუშევრობა 3.4 პროცენტით შემცირდა

103
spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის მაჩვენებლებს (დასაქმება და უმუშევრობა) ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, უმუშევრობა 3.4 პროცენტით შემცირდა და და 17.3% შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (3.6 პროცენტი).

კვლევის მიხედვით, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. თუმცა, საქსტატში ასევე აღნიშნავენ, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში (2.1 და 3.1 პროცენტი).

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წელს
აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა.
წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.0 პროცენტული
პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 3.5 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამას გარდა, საქსტატის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

„წინა წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტული პუნქტით“, – აცხადებენ საქსტატში.

2022 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2010-2022 წლებში.