Home Blog Page 2097

“სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი” – ალეკო ელისაშვილი

სტრასბურგმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი, რომელსაც საქართველო და მისი ინტერესები საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „დადასტურდა კიდეც და სააკაშვილი ამ თავის აფერისტობაში დაიხლართა“.

„წელიწად-ნახევარი ის და მისი დამქაშები აწვალებდნენ საქართველოს ტყუილით, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, დემენცია ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ხელები უკანკალებდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია. მთელი მედია ამას იყო აყოლილი და წელიწად-ნახევარი სხვა არაფერი არ იყო, რომ თურმე კოსმოსიდან ასხივებდნენ, ასე უშვრებოდნენ, ისე უშვრებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი თაღლითია. ამ სიტუაციიდან ვინ მოიგო? ქართულმა ოცნებამ. იმიტომ, რომ მეტი სალაპარაკო არ იყო. წელიდად-ნახევარი იყო სააკაშვილი, სააკაშვილი. კარგი დიეტოლოგივით დამდევდნენ ჟურნისტები, რომ რა სჭირს. მე რა ვიცოდი, სააკაშვილს რა სჭირდა. მსაყვედურობდნენ, რატომ არ შედიხარ, რომ მომენახულებინა, რა დიაგნოზი უნდა დამესვა? ჩამოვიდა ჯგუფი სტრასბურგიდან, შეისწავლეს და ნახეს, რომ არაფერი არ სჭირს ამ კაცს და მშვენიერ პირობებშია. კიდევ ერთხელ დასტურია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერი როგორი მავნებლები არიან ამ ქვეყნის მიმართ. ეს ქვეყანა როგორ ფეხებზე ჰკიდიათ. ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ოღონდ თავისუფლებაზე გამოვიდეს სააკაშვილი, ქვა-ქვაზე არ დარჩენილა საქართველოში. წელიწად-ნახევარი ვერაფერზე ვერ ვილაპარაკეთ იმის გარდა, ვაიმე, რა სჭირს სააკაშვილს, ჯანდაბა სჭირდა და დოზანა, ახია. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც სააკაშვილმა, ორგზის პრეზიდენტმა და ორგზის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, როგორც კი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, ქართული პასპორტი გადახია, დაიხურა ქუდი და დაიწყო აფერისტობა უკრაინის ჰიმნზე, რომ მღეროდა და ცრემლები რომ მოსდიოდა. ასეთი რაღაც როგორ შეიძლება, ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. ახლა დადასტურდა კიდეც და სააკაშვილი ამ თავის აფერისტობაში დაიხლართა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო

კონსტანცადან ფოთის მიმართულებით 27 ივნისს E60 Shipping Line-ის მიერ პირველი რეისის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია E60 Shipping Line ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ ექვსი საათი დასჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი მხოლოდ 42 საათს დაიკავებს, რა დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით. 190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის – E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან. ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის. E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები“, – ნათქვამია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიშა მშვილდაძე პოლიციაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე პოლიციაში დაიბარეს.

როგორც მშვილდაძემ „ფორმულასთან“ განაცხადა, მასზე მოხდა ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურები და სუს-ი მონაწილეობენ.

ამასთან, მისივე თქმით, შეეცდე ბა, რომ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიებას სრული სურათის დანახვაში დაეხმაროს.

„მთავარი მოტივაციაა დავეხმაროთ გამოძიებას, რომ დანაშაული სრულად დაინახოს. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მტკიცებულებებს, სადაც ვხედავთ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურები და სუსი მონაწილეობენ.

ყველა სუბიექტის და ყველა ჩართულო აქტორის დაწვრილებით იდენტიფიცირება კიდევ მოხდება. ფაქტია, რომ ეს ამბავი არ არის ის, რადაც უნდათ რომ მოგვასაღონ. არავინ დაიჯეროს, რომ ვიღაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც შეიძლება არარსებულ ამბავზე გაბრაზდეს, მოვიდეს და საციხოდ გაიხადოს საქმე.

ამ ამბავში ყველაფერი გაირკვევა, ვის როგორ იყენებს, ვის რით აშინებენ, ვის რა მოტივაცია აქვს“, – განაცხადა მშვილდაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ.

მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.

“ვასწავლით დასავლელ ამპარტავნებს, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება” – ერდორანი

შვედეთში ყურანის დაწვა, ისევე როგორც ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ვინც ამას უშვებს აზრის თავისუფლების საფარქვეშ, ვინც თვალს ხუჭავს ამ სისულელეზე, ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი არასოდეს მოიხრის ქედს პროვოკაციული ან მუქარის პოლიტიკის წინაშე.

„ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას უძლიერესი ფორმით, ვიდრე ვებრძვით ტერორისტულ ორგანიზაციებს და ისლამის მტრებს. ჩვენ საბოლოოდ ვასწავლით დასავლელ ამპარტავნებს, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის სარგებლიანობის შესახებ, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი – ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” სამედიცინო ბლოგში წერს.

ექიმი, ვარჯიშის ექვს სასარგებლო თვისებას გამოარჩევს:

“ყველასთვის ცნობილი ფაქტებია, რომ ვარჯიში გვიხსნის დაძაბულობას, ზრდის კუნთებს, აუმჯობესებს გულის და ფილტვების მუშაობას და აძლიერებს ტვინის მიერ ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების გამომუშავებას. თუმცა, ვარჯიშს სხვა სარგებელიც აქვს, რომლის შესახებაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს:

1. ვარჯიში გვეხმარება მუცლისა და კანქვეშა ქსოვილში კონცენტრირებული თეთრი ცხიმის გარდაქმნაში ყავისფერი ცხიმის მსგავს სუბსტანციად. ჩვენი სხეულის ცხიმის უმეტესი ნაწილი თეთრი ცხიმისგან შედგება, რომელიც ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს. ყავისფერი ცხიმი აძლიერებს მეტაბოლიზმს. ის ძირითადად მდებარეობს კისერსა და მხრებზე, ანაწევრებს სისხლში არსებულ შაქრის და ცხიმის მოლეკულებს, გამოიმუშავებს სითბოს და წვავს კალორიებს.

2. ვარჯიში ცვლის ათასობით გენის გამოხატულებას. გენები, როგორიცაა მაგალითად, ADRB2, ვარჯიშის საპასუხოდ არეგულირებენ წონას. როდესაც კვირაში სამ საათზე მეტს ვვარჯიშობთ, ხდება APOA1 გენის “ჩართვა”, რომელიც მონაწილეობს HDL-ის ანუ კარგი ქოლესტერინის წარმოებაში. ვარჯიში “გამორთავს” FTO გენს, რაც ეხმარება ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის ნორმალიზებას.

ეპიგენეტიკა არის სწავლება, რომლის მიხედვით, ჩვენი გარემო, ცხოვრების წესი და დიეტა გავლენას ახდენენ ჩვენი გენების მუშაობაზე და შეუძლიათ სპეციფიური გენების “ჩართვა” ან “გამორთვა” დნმ-ის ცვლილების გარეშე.

3. ვარჯიში ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და კარგი ქოლესტერინის, HDL-ის დონეს სისხლში. ვარჯიშის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია “გამოვრთოთ” დიაბეტის გენები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აქტიურ ქალებს, რომლებსაც აქვთ LIPC-ის გენის ერთ-ერთი ვარიანტი, უუმჯობესდებათ HDL-ის დონე და ინფარქტის უფრო ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე აღნიშნული გენის იგივე ვარიანტის მქონე არააქტიურ ქალებს.

4. აუმჯობესებს მეთილაციას. მეთილაცია არის უჯრედში მიმდინარე ქიმიური პროცესი, რომელიც ეპიგენეტიკის საფუძველია და გადამწყვეტ როლს ასრულებს გენის ექსპრესიისა და სხვადასხვა ბიოლოგიური ფუნქციის რეგულირებაში. მეთილაცია უმჯობესდება ერთჯერადი ვარჯიშის შედეგადაც კი. რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში, მით მეტ ცვლილებებს იწვევს მეთილაციის და ეპიგენეტიკური თვალსაზრისით, რაც კუნთებს ეხმარება უკეთ აითვისონ სისხლში არსებული შაქარი და გაძლიერდნენ.

5. ვარჯიში აქვეითებს არტერიულ წნევას. მე მაქვს მაღალი წნევის ოჯახური ისტორია. თუმცა, ჩემთვის გამოსავალი არის ვარჯიში. გენი, სახელად ენდოთელინ-1 ( EDN1 ) სისხლძარღვების ძლიერ შევიწროვებას იწვევს, რაც წნევის მომატებასთანაა კავშირში.

EDN1 გენის ჩემი ვარიანტი ჰიპერტენზიის მაღალი რისკის ქვეშ მაყენებს თუ ფიზიკურად არააქტიური ვიქნები; სანამ რეგულარულად ვვარჯიშობ, ჩემი წნევა არ მოიმატებს.

6. ვარჯიში ზრდის ჰორმონ ირისინის დონეს, რომელიც კუნთების მიერ ვარჯიშის საპასუხოდ გამომუშავდება და რომელსაც, ვარჯიშის ჰორმონსაც უწოდებენ.
ირისინი “ატყუებს” თეთრ ცხიმს, მოიქცეს ყავისფერი ცხიმის მსგავსად, აყალიბებს კუნთებს, ააქტიურებს წონის კლებას და ბლოკავს დიაბეტს.

მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ინტერვალურ შიმშილთან კომბინაცია ზრდის ჰორმონის დონის მომატებასაც უწყობს ხელს”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.

“რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება” – იენს სტოლტენბერგი

აჯანყება, რომელიც შაბათ-კვირას ვნახეთ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნების გაკეთება, რადგან ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ ვაგნერის ძალის რა ნაწილი აღმოჩნდება ბელარუსში ან სხვა ადგილებში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

„ნატოსთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. სამიტზე ველოდები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ახალ განცხადებებს, ჩვენ ასევე შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინა ნატოსთან სრული თავსებადი იყოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში“, – განაცხადა სტოლკტენბერგმა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს 08:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, მუხრანი. ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ქსოვრისი, ხილიანი, ცხვარიჭამია.

„11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ მომხმარებლებს ავჭალის მასივში, გლდანში, ავჭალაში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

12:00-დან 18:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ლაფანაანთკარი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, გოჯიაანები, კვერნაულა, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6177 ლარი ეღირება, ევრო – 2.8591 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3132 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6220 ლარი ღირდა, ევრო – 2.8727 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3326 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ივნისს ამოქმედდება.

ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული დრონების წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ დე ფაქტო საზღვრის დაცვის განხორციელებისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა.

ამიერიდან „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებას ქართული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეეძლება.

ახალი „დოკუმენტის“ თანახმად,ე.წ. უშიშროების ძალებს „საზღვრის დარღვევის მცდელობის აღსაკვეთად“ დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეეძლებათ.

„ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარია საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გაზრდილი გამოყენება“, – განაცხადა ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვალერი ალიხანტიმ.

“სუსტი პუტინი დიდი საფრთხეა” – ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აჯანყებამ კრემლის მეთაურის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეასუსტა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს ახალი რისკებისთვის, რომელიც რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობისგან წარმოიქმნება.

„ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის. მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ შედეგები… პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, 23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

“ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია” – ალეკო ელისაშვილი

ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს – ეს იქნება ღალატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას სურს ხვალ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს დაუსვას კითხვა, როცა პარლამენტში მოუსმენენ.

“ფრენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რკინიგზის ხომ მით უფრო, ფრენების და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ერთი და იგივე სიბრტყე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რასაც დავუსვამ ღარიბაშვილს და თუ მოვახერხე, ფორმატს გააჩნია, მინდა ეს ვკითხო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის გავლით, ამ ვითარებაში, რკინიგზის აღდგენა. აქ ყველაზე პრინციპული საკითხია, სად იქნება საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი – ენგურზე თუ ფსოუზე. ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ ენგურზე, ეს ნიშნავს, გვიღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ვითარებაში საერთოდ არაფერი იქნებოდა მისაღები. ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა რკინიგზის გახსნა მეტ-ნაკლებად მისაღები, თუ ქართული დროშა იქნებოდა ფსოუზე, თუ ფსოუზე იქნებოდა ქართული საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მართლა ღალატი ქართული სახელმწიფოს ინტერესების. მარია ზახაროვა რომ დღე და ღამე მთვრალია და ერთი ლოთი ქალია, “ლოთ ბაზარა”, დაბჟუტურობს რაღაცას და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს,” – განაცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

“თბილისის მერიას შეეძლო სატენდერო პირობები ისე დაეწერა, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა”

კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა – ახლა გამოდის, რომ კალაძე და თბილისის მერია პუტინის ომს უკრაინაში თბილისელების ფულით აფინანსებს, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში რუსულ კომპანია „კამაზის“ გამარჯვებას.

მისივე თქმით, ამის გაკეთება არის ყოვლად მიუღებელი იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

„კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსული კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა და მათთვის რამდენიმე მილიონი ლარი არ გადაერიცხა, რადგან ეს ფული, ფაქტობრივად, უკრაინაში რუსეთის ომის დასაფინანსებლად მიდის. „კამაზი“, სამოქალაქო ტრანსპორტის გარდა, ასევე სამხედრო ტექნიკას აწარმოებს, ეს არის ტექნიკა, რომლითაც სხვადასხვა რაკეტები, ჭურვები, აღჭურვილობა გადააქვთ და ამის გაკეთება არის ყოვლად მიუღებელი, იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ კახა კალაძე და თბილისი მერია პირდაპირ თბილისელების ფულით პუტინის ომს აფინანსებს,“ – განაცხადა ნადირაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.