“სუსტი პუტინი დიდი საფრთხეა” – ჯოზეფ ბორელი

109
spot_img

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აჯანყებამ კრემლის მეთაურის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეასუსტა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს ახალი რისკებისთვის, რომელიც რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობისგან წარმოიქმნება.

„ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის. მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ შედეგები… პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, 23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.