ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

179
spot_img

ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის სარგებლიანობის შესახებ, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი – ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” სამედიცინო ბლოგში წერს.

ექიმი, ვარჯიშის ექვს სასარგებლო თვისებას გამოარჩევს:

“ყველასთვის ცნობილი ფაქტებია, რომ ვარჯიში გვიხსნის დაძაბულობას, ზრდის კუნთებს, აუმჯობესებს გულის და ფილტვების მუშაობას და აძლიერებს ტვინის მიერ ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების გამომუშავებას. თუმცა, ვარჯიშს სხვა სარგებელიც აქვს, რომლის შესახებაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს:

1. ვარჯიში გვეხმარება მუცლისა და კანქვეშა ქსოვილში კონცენტრირებული თეთრი ცხიმის გარდაქმნაში ყავისფერი ცხიმის მსგავს სუბსტანციად. ჩვენი სხეულის ცხიმის უმეტესი ნაწილი თეთრი ცხიმისგან შედგება, რომელიც ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს. ყავისფერი ცხიმი აძლიერებს მეტაბოლიზმს. ის ძირითადად მდებარეობს კისერსა და მხრებზე, ანაწევრებს სისხლში არსებულ შაქრის და ცხიმის მოლეკულებს, გამოიმუშავებს სითბოს და წვავს კალორიებს.

2. ვარჯიში ცვლის ათასობით გენის გამოხატულებას. გენები, როგორიცაა მაგალითად, ADRB2, ვარჯიშის საპასუხოდ არეგულირებენ წონას. როდესაც კვირაში სამ საათზე მეტს ვვარჯიშობთ, ხდება APOA1 გენის “ჩართვა”, რომელიც მონაწილეობს HDL-ის ანუ კარგი ქოლესტერინის წარმოებაში. ვარჯიში “გამორთავს” FTO გენს, რაც ეხმარება ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის ნორმალიზებას.

ეპიგენეტიკა არის სწავლება, რომლის მიხედვით, ჩვენი გარემო, ცხოვრების წესი და დიეტა გავლენას ახდენენ ჩვენი გენების მუშაობაზე და შეუძლიათ სპეციფიური გენების “ჩართვა” ან “გამორთვა” დნმ-ის ცვლილების გარეშე.

3. ვარჯიში ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და კარგი ქოლესტერინის, HDL-ის დონეს სისხლში. ვარჯიშის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია “გამოვრთოთ” დიაბეტის გენები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აქტიურ ქალებს, რომლებსაც აქვთ LIPC-ის გენის ერთ-ერთი ვარიანტი, უუმჯობესდებათ HDL-ის დონე და ინფარქტის უფრო ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე აღნიშნული გენის იგივე ვარიანტის მქონე არააქტიურ ქალებს.

4. აუმჯობესებს მეთილაციას. მეთილაცია არის უჯრედში მიმდინარე ქიმიური პროცესი, რომელიც ეპიგენეტიკის საფუძველია და გადამწყვეტ როლს ასრულებს გენის ექსპრესიისა და სხვადასხვა ბიოლოგიური ფუნქციის რეგულირებაში. მეთილაცია უმჯობესდება ერთჯერადი ვარჯიშის შედეგადაც კი. რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში, მით მეტ ცვლილებებს იწვევს მეთილაციის და ეპიგენეტიკური თვალსაზრისით, რაც კუნთებს ეხმარება უკეთ აითვისონ სისხლში არსებული შაქარი და გაძლიერდნენ.

5. ვარჯიში აქვეითებს არტერიულ წნევას. მე მაქვს მაღალი წნევის ოჯახური ისტორია. თუმცა, ჩემთვის გამოსავალი არის ვარჯიში. გენი, სახელად ენდოთელინ-1 ( EDN1 ) სისხლძარღვების ძლიერ შევიწროვებას იწვევს, რაც წნევის მომატებასთანაა კავშირში.

EDN1 გენის ჩემი ვარიანტი ჰიპერტენზიის მაღალი რისკის ქვეშ მაყენებს თუ ფიზიკურად არააქტიური ვიქნები; სანამ რეგულარულად ვვარჯიშობ, ჩემი წნევა არ მოიმატებს.

6. ვარჯიში ზრდის ჰორმონ ირისინის დონეს, რომელიც კუნთების მიერ ვარჯიშის საპასუხოდ გამომუშავდება და რომელსაც, ვარჯიშის ჰორმონსაც უწოდებენ.
ირისინი “ატყუებს” თეთრ ცხიმს, მოიქცეს ყავისფერი ცხიმის მსგავსად, აყალიბებს კუნთებს, ააქტიურებს წონის კლებას და ბლოკავს დიაბეტს.

მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ინტერვალურ შიმშილთან კომბინაცია ზრდის ჰორმონის დონის მომატებასაც უწყობს ხელს”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.