Home Blog Page 2097

„პირველЯდ შემეცოდა მადამ პღეზიდანი” – დავით ქართველიშვილი

რა ბენეფიტებს მოიხვეჭს ამ პროცესიდან ყოფილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი ჩუგოშვილი, მართლაც საეჭვოა ჩემთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტს ორი გზა ჰქონდა – ან დაეიგნორებინა ეს სასამართლო პროცესი, ან ისეთი “კამიკაძე” იურისტები ეპოვა, ვინც ყველაფერზე იყო წამსვლელი.

„პირველЯდ შემეცოდა მადამ პღეზიდანი მისი ორივე წარმომადგენლის მოსმენისას. აქამდე ჯერ კიდევ ზედაპირზე ტივტივს ახერხებდა, ხოლო ამათმა ხომ საბოლოოდ ჩაძირეს. პრინციპში, ამ ჩიხურ და თავიდანვე წამგებიან პოზიციაში, სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ?

ან საერთოდ იგნორი უნდა გამოეცხადებინა სასამართლო მოსმენისადმი, იქ თავის წარმომადგენლობაზე უარის თქმის ჩათვლით. ან ისეთი “კამიკაძე” იურისტები მოეძებნა, ვინც გარკვეული ფინანსური პრეფერენციის სანაცვლოდ ამ სუიციდურ სიტუაციაში შევიდოდა თუნდაც საკუთარი სარეპუტაციო ზიანის ხარჯზე.

რა ბენეფიტებს მოიხვეჭს ამ პროცესიდან ყოფილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი ჩუგოშვილი, მართლაც საეჭვოა ჩემთვის. მაგრამ ერთი და იგივე საგანში, ერთსა და იგივე უმაღლეს სასწავლებელში (თუ არ ვცდები?) ორი ლექტორის – კობახიძის და კოპალეიშვილის სტუდენტები ამ “დუელს” ხომ ადევნებენ თვალყურს? თსუ-ს ბაზაზე ამ სტუდენტებს შორის რაიმე “ბატლი” რომ შედგეს, გავანებოთ თავი მოგებულს, რაც ჩემში ეჭვსაც არ იწვევს, უნივერსიტეტი ორივე მხარეს ერთნაირ დიპლომს გადასცემს?” – წერს ქართველიშვილი.

უცხოური ვალუტის კურსი 5 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6806 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6806 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8154 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8097 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 23-მა წევრმა.

კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

“შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით?” – მოსამართლე ჩუგოშვილს

შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით? ჰიპოტეტურად, ზოგადად. მაშინ, რა მიმართება აქვს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სასიკეთოდ საქმიანობდა?- ამ შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს.

მოსამართლე დაინტერესდა, რა კეთილი განზრახვა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას.

„ამბობთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ეს შეხვედრები განახორციელა, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ. იმაზე მეტს რას გვეუბნება, რომ მას ჰქონდა კეთილი განზრახვა? ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია? ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ამ ორ ფაქტს შორის? რადგან მან 12 პუნქტზე არ ისაუბრა, რადგან ზოგადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ეს თავისთავად, რაზე მეტყველებს, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია საგარეო ურთიერთობებში და პოლიტიკის საკითხებზე არ გამოუთქვამს აზრი, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ განუხორციელებია? ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოს საზიანოდ განზრახ მოქმედებს. ძალიან რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ამ ორ გარემოებას შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას? შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით? ჰიპოტეტურად, ზოგადად. მაშინ, რა მიმართება აქვს იმას, რომ საქართველოს სასიკეთოდ საქმიანობდა?. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სასამართლო და უნდა დაგვეხმაროთ, დავადგინოთ – არის თუ არა დარღვევა“, – მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელს თამარ ჩუგოშვილს შეკითხვით ევა გოცირიძემ.

მოსამართლეს თამარ ჩუგოშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„კონკრეტულად ამ ვიზიტებში, საქართველოს პრეზიდენტი, 49-ე მუხლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა საქართველოს. ის არ წარმოადგენდა მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. ის წარმოადგენდა საქართველოს სამივე მნიშვნელოვან პირებთან შეხვედრაში. საფრანგეთი და გერმანია, ფაქტობრივად, გადამწყვეტი ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა აზრსაც უდიდესი გავლენა აქვს [სტატუსის მინიჭების] გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში” – თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში, ქვეყნის დეკლარირებულ, მთავრობის საგარეო პოლიტიკას მხარდამჭერები მოუმრავლოს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

„ჩამოყალიბდა ამგვარი პრაქტიკა, რომ 52-ე მუხლის საფუძველზე მიმართვა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი ტოვებდა ქვეყანას და ვიზიტით მიემგზავრებოდა უცხოეთში. ჩემი აზრით, წარდგინებაში სწორედ ამიტომ არის უცხოეთზე აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გეოგრაფიასთან საერთოდ არ არის კავშირში და შესაძლებელია, მაგალითად, თბილისში გარკვეული ქმედებების თუ ღონისძიებების განხორციელებითაც შესრულდეს, მაგრამ პრაქტიკა ამდაგვარად ჩამოყალიბდა. მგონი, ვხდებით, რომ რა პრაქტიკაც იყო შექმნილი, სულ მცირე, მას გადახედვა სჭირდება, მაგრამ არის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ერთი – გარდა ცერემონიული ხასიათის ვიზიტებისა, ნახავთ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ასევე თან ახლავს ინფორმაცია პარალელურად, სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვის შესახებ, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. როდესაც პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის, ესწრება, ქვეყანა უნდა იყოს წარმოდგენილი, ცერემონიული არის თუ როგორიც არის. უამრავი სხვა ქვეყანაა წარმოდგენილი. ასეთ დროს, ბუნებრივია, პრეზიდენტი იყენებს შესაძლებლობას, თავისი მანდატის ფარგლებში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს დაელაპარაკოს. ყველა ასე მოიქცეოდა, ეს არის მისი საქმე, ეს უნდა აკეთოს და რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი დაარწმუნოს, რომ ქვეყნის მიერ დეკლარირებულ, მთავრობის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკას მოუმრავლოს მხარდამჭერები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. რატომ აკეთებდა პრეზიდენტი ამას? რადგან მისი გადმოსახედიდან, ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების ორი შტოს წარმომადგენლებთან ერთად განეხორციელებინა შეხვედრები. მისი სურვილი არ იყო, უბრალოდ, ჩასულიყო და ვიღაცას პირადად დალაპარაკებოდა, არამედ უნდოდა, წარმოდგენილი ვყოფილიყავით როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე აღმასრულებელი. შესაბამისად, ამ ტიპის კომუნიკაციები შემდგარიყო ამ ფორმით. ამის მისაღწევად ითხოვდა თანხმობას. ჩემი აზრით, არასწორად მოხდა 52-ე მუხლის განმარტება. პარლამენტიც ამბობს, რომ ეს პრაქტიკა იყო არასწორი. ისინი სხვა კუთხით ფიქრობენ, რომ შეზღუდვის ხარისხი უნდა გაიზარდოს, მაგრამ პრაქტიკა რომ არასწორი იყო, ამას ჩვენც და ისინიც ამბობენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

“კარვების რევოლუციას ელოდებით?!” – რომან გოცირიძე უმრავლესობას

კარვების რევოლუციას ელოდებით?! – თუ გინდათ, რომ რევოლუცია არ მოხდეს, მეტი იფიქრეთ ხალხზე, ნაკლები იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშები გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, კარვის აკრძალვით ქვეყანაში მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ამას ავტორიტარული ქვეყნები, პირველ რიგში, მიიღებდნენ.

„დღეს დააპატიმრეს სეიშელის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერი პატრიკ ელიმინია და ბრალი წაუყენეს მას ჯადოქრობასა და არაბუნებრივი და ცრუმორწმუნეობრივი ქმედებების მუხლით. თურმე ეს კაცი მთავრობის წინააღმდეგ შელოცვებს აწარმოებდა და მტკიცებულების სახით მას ტელეფონში უპოვეს ბრჭყვიალა ქვები და ჯადოს გასაკეთებელი ფხვნილები. ეს საწყალი კაცი შელოცვით რევოლუციის მოხდენის ბრალდებით ზის ციხეში. დაახლოებით ასეთი სულელური და სასაცილო განცხადებაა, რაც გააკეთეთ თქვენ და არცხვენთ ქვეყნის სპეცსამსახურებს. ისინიც საწყლად იმეორებენ, რასაც ეუბნებით. თურმე რაღაც რევოლუციები ხდება, თურმე რაღაც “ოტპორი” ყოფილა. არადა ეს “ოტპორი” მილოშევიჩის წინააღმდეგ მოქმედებდა და მან სად დაამთავრა სიცოცხლე… მოკვდა ჰააგის ციხეში. ლანძღავთ, რომ რაღაცა ჯგუფები არისო, ასეთი იყო „პორა“ უკრაინაში, „კმარა“ საქართველოში და თურმე საკუთარ თავს აიგივებთ იანუკოვიჩთან, მილოშევიჩთან, ლუკაშენკოსთან, შევარდნაძესთან და დესტრუქციულ ძალებად მოგყავთ ის ანტირუსული ძალები, რომლებიც ავტორიტარიზმს ებრძოდნენ. რა ზღაპრებსაც ამ 11 წლის განმავლობაში ამბობთ, საბურავებს აგროვებდნენ ვიღაცები და ბოლოს მიხვედით იქამდე, რომ რევოლუციის მთავარი ინსტრუმენტი ყოფილა კარავი. თურმე ამ კარავში ბომბების შენახვა შეიძლება.

რასაც აკეთებთ, ეს არის დეგრადაციის უკანასკნელი სტადია. ყველა რევოლუციური თეორიები წავიკითხე, მაგრამ კარავი ვერ აღმოვაჩინე. თუ გინდათ, რომ რევოლუცია არ მოხდეს, მეტი იფიქრეთ ხალხზე, ნაკლები იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშები გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ.

არ შეიძლება ეს კანონპროექტი 15 დეკემბერს წარმოგედგინათ? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვამდე. რატომ ამთხვევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტში? ეს ყველაფერი ხომ ქრონოლოგიურად ავტომატურად ხდება. როცა საქართველოს ბედი წყდება, აქ თქვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უყრით კენჭს. რატომ? რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას, პრორუსულ ქმედებებს და პრორუსული კანონების ინიცირებას მაშინ, როცა წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი? თქვენ დეკემბრამდე კიდევ ერთ საშინელებას ჩაიდენთ, ამის პროგნოზს ვაკეთებ. ისეთ რამეს, რომელიც იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გამაღიზიანებელი. თქვენ გაქვთ ყოველთვიური ამოცანა გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ევროკავშირს დაგვაშორებს. თუ გაქვთ სეზონური გამწვავებები, ხან საგაზაფხულოდ და ხან საშემოდგომოდ ბოლოსდაბოლოს გადაიტანეთ 2024 – ში. ერთი თვის განმავლობაში გაჩერდით, ხმა არ ამოიღოთ, არაფერი გააკეთოთ და მოგვცემენ ამ სტატუსს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დროში არასწორია.

„შინაარსითაც არის არასწორი. კარვის აკრძალვით ქვეყანაში მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ამას ავტორიტარული ქვეყნები, პირველ რიგში, მიიღებდნენ. ძალიან სასაცილოდ იქეცით, ძალიან შეშინებულები ხართ. ის რაც სასაცილო გახდება, საშიში არაა, არავის ეშინია თქვენი კანონების და სუს-ის განცხადებების. მოსახდენი მოხდება! თუ რევოლუციას დაიმსახურებთ, მოხდება! თუ წესიერად მოიქცევით, ნორმალური ტრანსფორმაცია მოხდება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ვადები და სხვა საკითხები, რაც ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხება, განისაზღვრება კოლეგებთან ერთად” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ვადებს ბაქოსთან ერთად განსაზღვრავენ.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„ვადები და სხვა საკითხები, რაც რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხება, განისაზღვრება კოლეგებთან ერთად, როგორც ეს მანამდეც ვთქვით. თუ ვსაუბრობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაშინ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა ზახაროვამ.

“ვიზიტების მოთხოვნა ხდებოდა 52-ე მუხლით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იყო სავალდებულოდ შესასრულებელი” – მაია კოპალეიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლით ხდებოდა მოთხოვნა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო სავალდებულო წესით ასე შესასრულებელი და ასე მიაჩნდა ეს პრეზიდენტს, მე ამას დავარქმევდი წარმოების გაუმართაობას, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

კოპალეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდა ვიზიტების განხორციელებისთვის 52-ე მუხლის გამოყენება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა აუცილებლად სავალდებულო იყო.

„49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას. კონსტიტუციის მიზნებისთვის და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას საგარეო ურთიერთობებში, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი ამ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც მოყვანილია ამ წარდგინებაში, თავისივე განცხადებით, რომელიც ვებგვერდზე გამოქვეყნდა 30 აგვისტოს, აღნიშნავს, რომ ის იწყებს ვიზიტებს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით ან ახალი პოლიტიკის შესაქმნელად, შესაცვლელად, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკის. პრეზიდენტმა მხარდაჭერის მიზნით განახორციელა ის ვიზიტები და არა იმისთვის, რომ რაიმე ახალი პოლიტიკური შედეგი დაედო. პოლიტიკური შედეგი განსაზღვრა მთავრობამ, როდესაც მან 3 მარტს განაცხადი წარადგინა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

შპს „იმედის კლინიკაში“ ორ მცირეწლოვან პაციენტს ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს “იმედის კლინიკაში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

„შპს „იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევდორაკის გვირაბში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, დროებით შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

“არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს”

არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს და ღიად გვეუბნება ელემენტარულ ჭეშმარიტებებს, რომელიც ყველა ქართველისთვის ისედაც გასაგებია, რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციას არ აწყობს და აგრძელებს იმ დახმარებას, მისიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამ ქვეყანაში სულ ჰქონდა, ამის ნაცვლად ღებულობს შეურაცხყოფას და ამ შეურაცხყოფაზე პასუხს ვისმენთ, თან ამ ფორმით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები მცდარია და აშშ გააგრძელებს საქართველოში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ კონსტიტუციითა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

„ძალიან უხერხულია და მგონია, ქართველმა ხალხმა რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორთან და ჩვენს მთავარ უსაფრთხოების გარანტთან საქმეს გვიფუჭებს. თან საქმეს გვიფუჭებს ასე ცინიკურად, როგორც ჩვენ ამას ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, ხვიჩიას თქმით, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ამ ქვეყანაში რევოლუციას არავინ არ აწყობს.

„არაფერი გამოსაძიებელი არ არსებობს. ამ ქვეყანაში რევოლუციას არავინ არ აწყობს. რევოლუცია თუ მოეწყო, ეს იქნება არა ოპოზიციის დამსახურება, არამედ ხელისუფლების მიერ თავად მოწყობილი რევოლუცია, რადგან ისინი ყოველდღიურად დგამენ იმ ნაბიჯებს, რომ ქართველ ხალხს მოუნდეს ქუჩაში გამოვარდნა და ამათი გარეკვა. უბრალოდ, ოპოზიცია მათი დამხმარეა და ახლა ვითომ საკუთარი დამხმარეების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებით ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირ პროტესტში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ცუდად მოვიქცევით და მაშინაც კი, თუ დავკარგავთ დასავლეთთან ინტეგრაციის შანს. ყველანი ვხედავთ, რომ ანტიდასავლური კამპანია მიდის. უბრალოდ, ხალხის განწყობები ამის შესაბამისი არ არის. ის ხალხიც კი, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ამას არ ეთანხმება. ვნახოთ, ეს ისტერია სადამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია. „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რისთვის სჭირდება სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი – უცხოური პრესა

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ (Комсомольская правда) გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ერევანი, მოსკოვის ჯიბრზე, დასავლეთისაკენ დრეიფს აგრძელებს“ (ავტორი – ალექსანდრე კოცი).

სტატიაში კომენტირებულია სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს – მიმართულია როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე ილჰამ ალიევის წინააღმდეგ, მათი დაკავების მიზნით: პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთის პარლამენტმა, რომელშიც უმეტესობა ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები არიან, მაინც გადადგა ანტირუსული ნაბიჯი და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე წასვლა გადაწყვიტა – სამ ოქტომბერს რატიფიკაცია გაუკეთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს (ხელშეკრულება//წესდებას), რაც სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ერევანსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულებაში.

დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვაიას დაპატიმრების მიზნით ორდერი აქვს გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი, ვთქვათ, სომხეთში ჩავლენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია „ეჭვმიტანილი სტუმრები“ დააკავოს და საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.

ერევანში, რასაკვირველია, თავს იმართლებენ და იტყვიან, რომ რატიფიცირების პროცესი ორდერების გაცემამდე დაიწყო და ეს ყოველივე ინიცირებულია ბაქოსა და ანკარის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებმაც არცახში [მთიან ყარაბაღში] სომხების გენოციდი მოაწყესო… მაგრამ რა აზრი აქვს სტატუტის რატიფიცირებას მაშინ, როცა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა (ანუ მთლიანად დაკარგა), ამას ერევანში არ ამბობენ. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანის და ილჰამ ალიევის სამართლებრივი დევნის პერსპექტივა სამ ოქტომბრამდეც მიზერული იყო, ახლა კი ამის ალბათობა ნულზე ოდნავ მეტია. ამის მიზანი, ალბათ, უფრო გეოპოლიტიკური სიტუაციაა და არა კონკრეტული გარემოება. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სასამართლო საკმაოდ ცნობილია თავისი კონიუნქტურული გადაწყვეტილებებით.

აზერბაიჯანი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით და სომხეთის თვალსაზრისითაც, თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ამიტომაც, რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევის ან რეჯეფ ერდოღანის მიმართ? მით უმეტეს, რომ რომის სტატუტი არც რუსეთს, არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს რატიფიცირებული არ აქვთ (სხვათა შორის, არც ამერიკას და ჩინეთს). მაგრამ არის ზოგიერთი მომენტი: რუსი მოქალაქე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდება, გარკვეული საფრთხის წინაშე დგება – თუ იგი საერთაშორისო სასამართლოს წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმეშია დადანაშაულებული, სომეხი სამართალდამცველები მას დააკავებენ და ჰააგაში გაგზავნიან. ვთქვათ, ისინი, რომლებიც სასამართლომ დაუსწრებლად სცნო დამნაშავეებად დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში 2014 წელს, თუ სომხეთში სევანის ტბის სილამაზით დატკბობის მიზნით ან წაჰკაძორში თხილამურებით სასრიალოდ ჩავლენ, დიდი ალბათობით, ბოლოს ჰააგაში აღმოჩნდებიან.

კაცმა რომ თქვას, სტატუტის რატიფიკაციისაგან ერევანი არავითარ სარგებელს არ იღებს. ეს უფრო იმ დრეიფის მაჩვენებელი ელემენტია, რომელსაც სომხეთი დასავლეთისაკენ აგრძელებს, ვიდრე ლოგიკური მოქმედების ნაყოფი. ასე ვთქვათ, მოსკოვის ჯიბრზე სომხეთმა რუსეთს სუვერენიტეტი შეუზღუდა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმები“ 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 22 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდან („სომხეთი“ და „მაქვს პატივი“). „ამ გადაწყვეტილებას სომხეთისათვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია“, – განაცხადა ოპოზიციურმა დეპუტატმა ჰაიკ მამაჯანიანმა, რომელიც ერთი კვირის წინათ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტსაც ითხოვდა.

რომის სტატუტის რატიფიცირებამ ძალიან მკაფიო დემონსტრირება მოახდინა ნიკოლ ფაშინინიანისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების პერსპექტივაზე: ვოტუმის გამოცხადების იმედი მიზერულია – ისევე როგორც ალიევის დაკავება და მისი გაგზავნა ჰააგაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთი, უკრაინის მსგავსად, იმ გზას აგრძელებს, რომელზეც „ფერდობზე გადავარდნა“ უწერია.

წყარო