რისთვის სჭირდება სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი – უცხოური პრესა

751
spot_img

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ (Комсомольская правда) გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ერევანი, მოსკოვის ჯიბრზე, დასავლეთისაკენ დრეიფს აგრძელებს“ (ავტორი – ალექსანდრე კოცი).

სტატიაში კომენტირებულია სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს – მიმართულია როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე ილჰამ ალიევის წინააღმდეგ, მათი დაკავების მიზნით: პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთის პარლამენტმა, რომელშიც უმეტესობა ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები არიან, მაინც გადადგა ანტირუსული ნაბიჯი და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე წასვლა გადაწყვიტა – სამ ოქტომბერს რატიფიკაცია გაუკეთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს (ხელშეკრულება//წესდებას), რაც სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ერევანსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულებაში.

დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვაიას დაპატიმრების მიზნით ორდერი აქვს გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი, ვთქვათ, სომხეთში ჩავლენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია „ეჭვმიტანილი სტუმრები“ დააკავოს და საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.

ერევანში, რასაკვირველია, თავს იმართლებენ და იტყვიან, რომ რატიფიცირების პროცესი ორდერების გაცემამდე დაიწყო და ეს ყოველივე ინიცირებულია ბაქოსა და ანკარის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებმაც არცახში [მთიან ყარაბაღში] სომხების გენოციდი მოაწყესო… მაგრამ რა აზრი აქვს სტატუტის რატიფიცირებას მაშინ, როცა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა (ანუ მთლიანად დაკარგა), ამას ერევანში არ ამბობენ. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანის და ილჰამ ალიევის სამართლებრივი დევნის პერსპექტივა სამ ოქტომბრამდეც მიზერული იყო, ახლა კი ამის ალბათობა ნულზე ოდნავ მეტია. ამის მიზანი, ალბათ, უფრო გეოპოლიტიკური სიტუაციაა და არა კონკრეტული გარემოება. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სასამართლო საკმაოდ ცნობილია თავისი კონიუნქტურული გადაწყვეტილებებით.

აზერბაიჯანი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით და სომხეთის თვალსაზრისითაც, თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ამიტომაც, რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევის ან რეჯეფ ერდოღანის მიმართ? მით უმეტეს, რომ რომის სტატუტი არც რუსეთს, არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს რატიფიცირებული არ აქვთ (სხვათა შორის, არც ამერიკას და ჩინეთს). მაგრამ არის ზოგიერთი მომენტი: რუსი მოქალაქე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდება, გარკვეული საფრთხის წინაშე დგება – თუ იგი საერთაშორისო სასამართლოს წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმეშია დადანაშაულებული, სომეხი სამართალდამცველები მას დააკავებენ და ჰააგაში გაგზავნიან. ვთქვათ, ისინი, რომლებიც სასამართლომ დაუსწრებლად სცნო დამნაშავეებად დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში 2014 წელს, თუ სომხეთში სევანის ტბის სილამაზით დატკბობის მიზნით ან წაჰკაძორში თხილამურებით სასრიალოდ ჩავლენ, დიდი ალბათობით, ბოლოს ჰააგაში აღმოჩნდებიან.

კაცმა რომ თქვას, სტატუტის რატიფიკაციისაგან ერევანი არავითარ სარგებელს არ იღებს. ეს უფრო იმ დრეიფის მაჩვენებელი ელემენტია, რომელსაც სომხეთი დასავლეთისაკენ აგრძელებს, ვიდრე ლოგიკური მოქმედების ნაყოფი. ასე ვთქვათ, მოსკოვის ჯიბრზე სომხეთმა რუსეთს სუვერენიტეტი შეუზღუდა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმები“ 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 22 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდან („სომხეთი“ და „მაქვს პატივი“). „ამ გადაწყვეტილებას სომხეთისათვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია“, – განაცხადა ოპოზიციურმა დეპუტატმა ჰაიკ მამაჯანიანმა, რომელიც ერთი კვირის წინათ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტსაც ითხოვდა.

რომის სტატუტის რატიფიცირებამ ძალიან მკაფიო დემონსტრირება მოახდინა ნიკოლ ფაშინინიანისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების პერსპექტივაზე: ვოტუმის გამოცხადების იმედი მიზერულია – ისევე როგორც ალიევის დაკავება და მისი გაგზავნა ჰააგაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთი, უკრაინის მსგავსად, იმ გზას აგრძელებს, რომელზეც „ფერდობზე გადავარდნა“ უწერია.

წყარო