“არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს”

204
spot_img

არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს და ღიად გვეუბნება ელემენტარულ ჭეშმარიტებებს, რომელიც ყველა ქართველისთვის ისედაც გასაგებია, რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციას არ აწყობს და აგრძელებს იმ დახმარებას, მისიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამ ქვეყანაში სულ ჰქონდა, ამის ნაცვლად ღებულობს შეურაცხყოფას და ამ შეურაცხყოფაზე პასუხს ვისმენთ, თან ამ ფორმით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები მცდარია და აშშ გააგრძელებს საქართველოში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ კონსტიტუციითა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

„ძალიან უხერხულია და მგონია, ქართველმა ხალხმა რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორთან და ჩვენს მთავარ უსაფრთხოების გარანტთან საქმეს გვიფუჭებს. თან საქმეს გვიფუჭებს ასე ცინიკურად, როგორც ჩვენ ამას ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, ხვიჩიას თქმით, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ამ ქვეყანაში რევოლუციას არავინ არ აწყობს.

„არაფერი გამოსაძიებელი არ არსებობს. ამ ქვეყანაში რევოლუციას არავინ არ აწყობს. რევოლუცია თუ მოეწყო, ეს იქნება არა ოპოზიციის დამსახურება, არამედ ხელისუფლების მიერ თავად მოწყობილი რევოლუცია, რადგან ისინი ყოველდღიურად დგამენ იმ ნაბიჯებს, რომ ქართველ ხალხს მოუნდეს ქუჩაში გამოვარდნა და ამათი გარეკვა. უბრალოდ, ოპოზიცია მათი დამხმარეა და ახლა ვითომ საკუთარი დამხმარეების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებით ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირ პროტესტში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ცუდად მოვიქცევით და მაშინაც კი, თუ დავკარგავთ დასავლეთთან ინტეგრაციის შანს. ყველანი ვხედავთ, რომ ანტიდასავლური კამპანია მიდის. უბრალოდ, ხალხის განწყობები ამის შესაბამისი არ არის. ის ხალხიც კი, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ამას არ ეთანხმება. ვნახოთ, ეს ისტერია სადამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია. „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.