“შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით?” – მოსამართლე ჩუგოშვილს

294
spot_img

შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით? ჰიპოტეტურად, ზოგადად. მაშინ, რა მიმართება აქვს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სასიკეთოდ საქმიანობდა?- ამ შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს.

მოსამართლე დაინტერესდა, რა კეთილი განზრახვა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას.

„ამბობთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ეს შეხვედრები განახორციელა, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ. იმაზე მეტს რას გვეუბნება, რომ მას ჰქონდა კეთილი განზრახვა? ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია? ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ამ ორ ფაქტს შორის? რადგან მან 12 პუნქტზე არ ისაუბრა, რადგან ზოგადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ეს თავისთავად, რაზე მეტყველებს, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია საგარეო ურთიერთობებში და პოლიტიკის საკითხებზე არ გამოუთქვამს აზრი, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ განუხორციელებია? ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოს საზიანოდ განზრახ მოქმედებს. ძალიან რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ამ ორ გარემოებას შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას? შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით? ჰიპოტეტურად, ზოგადად. მაშინ, რა მიმართება აქვს იმას, რომ საქართველოს სასიკეთოდ საქმიანობდა?. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სასამართლო და უნდა დაგვეხმაროთ, დავადგინოთ – არის თუ არა დარღვევა“, – მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელს თამარ ჩუგოშვილს შეკითხვით ევა გოცირიძემ.

მოსამართლეს თამარ ჩუგოშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„კონკრეტულად ამ ვიზიტებში, საქართველოს პრეზიდენტი, 49-ე მუხლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა საქართველოს. ის არ წარმოადგენდა მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. ის წარმოადგენდა საქართველოს სამივე მნიშვნელოვან პირებთან შეხვედრაში. საფრანგეთი და გერმანია, ფაქტობრივად, გადამწყვეტი ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა აზრსაც უდიდესი გავლენა აქვს [სტატუსის მინიჭების] გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.