Home Blog Page 2088

ლეგენდარული რიშარ გალიანო თბილისშია – ნომერ პირველი აკორდეონისტი დღეს კონცერტს გამართავს

23 მაისს,  რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული მუსიკოსი – რიშარ გალიანო,  სოლო კონცერტს სახელწოდებით, PASSION GALLIANO გამართავს. გასტროლისა და საღამოს ორგანიზებას კომპანია Dec&Art Events-ი უზრუნველყოფს.

იტალიური წარმოშობის, ფრანგი აკორდეონისტის გალიანოს ოსტატობა ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, 2006 წლიდან დღემდე, რიშარ გალიანოსთბილისის პრესტიჟულ საკონცერტო თეატრების სცენებზე ექვსი კონცერტი აქვს გამართული სრული ანშლაგით.  ყოველ ჯერზე გალიანოსა და მის ბრწყინვალე მუსიკოსებს აღტაცებაში მოჰყავდათ თავბრუდახვეული მსმენელი.

23 მაისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, რიშარ გალიანო პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის მელოდიას “ტანგო ერთისთვის”, აკორდეონისა და კამერული ორკესტრისთვის.

50 წელზე მეტია გავიდა მას შემდეგ რაც, მსოფლიოში მრავალი ჯილდოს მფლობელმა იტალიური წარმოშობის, ფრანგმა აკორდეონისტმა რიშარ გალიანომ თავისი სოლო კარიერა დაიწყო, ისეთ ფრანგ შემსრულებლებთან მუშაობის შემდეგ, როგორებიც იყვნენ კლოდ ნუგარო, ბარბარა, ჟულიეტ გრეკო, ჟორჟ მუსტაკი, სერჟ რეჯანი, შარლ აზნავური და ალენ ლეპრესტი.

50  წელია რიშარ გალიანო პოპულარიზაციას უწევს აკორდეონის მუსიკას და ეს მუსიკალური ინსტრუმენტი კვლავ პრესტიჟული გახადა მსოფლიოს წამყვან  სიმფონიური ორკესტრებისთვის.

რიშარ გალიანომ თავის შემოქმედებაში კლასიკური და ეთნიკური მუსიკა საუცხოოდ  დაუკავშირა ერთმანეთს. გალიანოს მუსიკაში ყველა მუსიკალური ჟანრი იყრის თავს;

წარმოშობით იტალიელი, რიშარ გალიანო, საფრანგეთის ლაჟვარდოვან  სანაპიროზე ნიცაში დაიბადა. ხმელთაშუაზღვის ფოლკლორი თან ახლავს მის 13 კილოგრამიან აკორდეონს. 23 მაისს რიშარ გალიანო  ტრადიციული შანსონის, ფრანგული ჯაზის, ტანგოს, ბალადის და კლასიკური იმპროვიზაციებით  გამდიდრებული სოლო  პროგრამით  წარდგება მსმენელის წინაშე რუსთველის თეატრის სცენაზე.

რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ასეთი რანგის მუსიკოსი საქართველოში პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის კომპოზიციას სახელწოდებით ,,ტანგო ერთისთვის“.

კომპოზიცია პანდემიის დროს დაიწერა და რიშარ გალიანოს, მისმა ქართველმა აგენტმა ანი ლაღიძემ  სამუშაო ვერსია გაუგზავნა. აი, როგორი იყო მისი პასუხი: ,,ქართველი კომპოზიტორის  ნატალია თოთიბაძის  ,,ტანგო ერთისთვის“  ულამაზესია. ვფიქრობ ამ კომპოზიციის ჩემს სოლო პროგრამაში შეტანას, და შესრულებას ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  თბილისში  გასტროლის დროს.

ნატალია თოთიბაძე, უკვე არაერთი წელია რაც მუსიკალურ ასპარეზზე გამოვიდა, ის წერს მუსიკას როგორც კლასიკურ ჟანრში, ასევე  ავტორია არაერთი ცნობილი სიმღერისა, რომელიც ქართველ მსენელს ძალიან უყვარს. წერს მუსიკას კინოსა და თეატრისთვის.

კონცერტზე ,,ტანგო ერთისთვის” კამერულ ორკესტრთან ერთად შესრულდება, რომელსაც დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.

“რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი. საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება მიუღია. იყო ცალმხრივად დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, კითხვაზე საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს იყო ჩვეულებრივი „ფეიკი“, რომელიც ასევე „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არ არის საუბარი. საუბარია, რომ იყო კომერციული რეისი თუ მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, ვალდებულია, სრული, თავისუფალი წვდომა მისცეს იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. სომხეთი არის ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და თავი რომ დავანებოთ ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს ზოგადად, სომხეთთან დაკავშირებით, ჩვენი საერთაშორისო კონვენციით ვალდებულებაა, სომხეთს ჰქონდეს წვდომა შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, სრულად ტრანზიტული და სომხეთის იყო. გემი არ იყო არც სანქციების, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა – კვლევა

ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა, ხოლო 11% მსუქანია.

ამავე კვლევის თანახმად, ბავშვებში ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი დაბალია.

„ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა (ბიჭების 30% და გოგონების 26%), ხოლო 11% მსუქანია. დაბალია ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წევრებს სადეპუტატო კითხვებს უგზავნის – დეტალები

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს და ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვებს მთავრობის წევრებს უგზავნის.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ ისაუბრეს.

როგორც მათ აღინიშნეს, კითხვები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს გაეგზავნებათ.

დეპუტატები განმარტავენ, რომ „ჯორჯიან ეარვესი” და ავიაციის სამოქალაქო სააგენტო დამოუკიდებლად მოლაპარაკებების წარმოებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ვინ და როდის აწარმოა ეს მოლაპარაკებები.

„ფაქტია, ამ მოლაპარაკებებში განხილული იყო ტექნიკური უზრუნველყოფა, უსაფრთხოების საკითხები აეროპორტებში, დრო, როცა უნდა შესრულებულიყო პირველი რეისი. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ასეთი საკითხი გადაწყდა გაიაშვილის და სამოქალაქო სააგენტოს დონეზე. ამიტომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და ღიად გვითხრას ქართველ ხალხს, რა მოლაპარაკებებშია რუსეთთან და რა არაფორმალური არხები გამოიყენეს. ფაქტია, ლავროვის შვილი „ეფესბეს“ დაცვის გარეშე არ დადის, ფაქტია, რომ იყო ეს წინასწარი შეთანხმება, რომ ლავროვის შვილი ჩამოვიდა, ფრენები აღდგა. ყველაზე უფრო საზიანოა ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტის დაგეგმვა, რომელიც მოლაპარაკებების საგანია”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა ღიად იკვეთება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

„აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი გასცეს საზოგადოებას როგორ ახდენს სახელმწიფოს მიტაცებას დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ, როგორ იყო ის, რომ პრემიერი ეახლა ბატონ გაიაშვილს, სანამ ფრენები აღდგებოდა, როგორ შემოდის სანქცირებული ლავროვის შვილი ქვეყანაში და საერთოდ, როგორ აპირებს ეს ხელისუფლება საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და გავაღწიოთ ევროპულ ოჯახში მშვიდობიანად. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ რისი სურათიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა აქუბარდიამ.

„ლელოს” დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოლაპარაკებებს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოქალაქეების და პარლამენტისგან დაფარულად აწარმოებს, რომელიც პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელია.

„ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია და ამას ემსახურება სადეპუტატო კითხვების გაგზავნა, რომელზე პასუხიც სამართლებრივად სავალდებულოა და პასუხის არ გაცემა იწვევს პასუხისმგებლობებს, მათ შორის, ეს შეიძლება დასრულდეს იმპიჩმენტით. ამიტომ ვითხოვთ პასუხებს – როდის, რა მანდატით და რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვინ არის მასში ჩართული? საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება სერიოზული საფრთხეები და ვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აქვს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატები განმარტავენ, რომ დაელოდებიან კითხვებზე პასუხებს, რის შემდეგაც განიხილავენ ასევე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას.

“მივმართავთ ხელისუფლებას კითხვით, რა ფარული მოლაპარაკებები და შეთანხმებები მიმდინარეობს რუსეთთან”

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთისკენ ახალი მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა და სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა, ვერ მოხდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე.

დეკანოიძის განცხადებით, შვიდი დეპუტატი კითხვებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე.

„ხაზს ვუსვამ – ეს არის საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ, შვიდი დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია მათ შორის ფრენების გახსნაზე, საზღვაო ტვირთების მიმოსვლის აღდგენაზე და ასევე სანქცირებული პირების შემოსვლაზე. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდებოდა თუ არა და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესების მიმართულებით და რაც ასევე, ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ექსპანსიას ააქტიურებს რუსეთთან. ჩვენი მთავარი კითხვა საქართველოს ხელისუფლებისადმი არის შემდეგი: რა ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმებები და ექსპანსიის გაფორმება მიმდინარეობს რუსეთთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია” – შალვა პაპუაშვილი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია და არა არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ერთად უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. ჩვენ გვაქვს ზეპირი კომუნიკაცია სხვადასხვა დედაქალაქში, ასევე ბრიუსელთან კომუნიკაციით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიცით, რომ არის პოზიტიური შეფასებები. მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმის, ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით და ომბუდსმენთან დაკავშირებით. ის „ენჯეოები“, რომლებიც თვითონ ვერ გახდნენ ომბუდსმენები, ახლა დგანან და აფასებენ როგორც შეუსრულებელ რეკომენდაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“ვერ ვიტყოდი, რომ დიდმა შვიდეულმა მაინცადამაინც დიდ წარმატებას მიაღწია” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე მყოფი ზელენსკის პასუხი ბახმუტის რუსების მიერ აღების შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს ახალი გენერაციის, “მეოთხე თაობის” , როგორც მას ხშირად უწოდებენ – “დიფუზიურ ომთან”; გარკვეულწილად, ესაა თითქოსდა იგივე მდგომარეობა, რაც პირველ მსოფლიო იმპერიალისტურ ომში შეიქმნა: ტერიტორიის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, ვის უფრო დიდ ხანს ეყოფოდა რესურსი და ვინ უფრო მეტად გაძლებდა; შეგახსენებთ, ავსტრია უნგრეთისა და გერმანიის კაპიტულაციამდე თუნდაც ერთი დღით ადრე სწორედ ისინი აკონტროლებდნენ საომარი თეატრის უმეტეს ტერიტორიას და არა ანტანტა.

მაგრამ დღევანდელი იმპერიალისტური ომის – რაც ასევე, ოღონდ პოსტ-იმპერიების მიერ, კვლავაც მთელი მსოფლიოს გადასანაწილებლად წარმოებს, განსხვავება იგივე პირველ მსოფლიო ომთან ესაა: სამხედრო მოქმედებათა თეატრია არა მთელი კონტინენტი ან მით უმეტეს, მთელი მსოფლიო, არამედ ერთი მონაპირე ქვეყანა; მეტიც: მეომარ მხარეთა სტრატეგიული ინტერესიცაა, რომ არაფრით დაუშვან “საომარი ლელოს” გაფართოება და საბრძოლო მოქმედებათა გავრცელება უკრაინის ფარგლებს გარეთ;

აშკარაა: ეს უკვე პოსტ-ომია, ანუ პოსტ-ინდუსტრიული და პოსტ-მოდერნული ეპოქის პირველი მსოფლიო ომი; ომი, როგორც აშკარად ჩანს – იმპერიალისტურია, მაგრამ მისი შედეგები ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთისა თუ უკრაინის სამხედრო ძალების მიერ უფრო მეტ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებასთან, მეტიც – იმაზეც კი არა, ვის უფრო დიდ ხანს ეყოფა რესურსი; არამედ გადამწყვეტია – “გამარჯვების აღქმების” შექმნა; სწორედ ამას მიუთითებდა თავად შეკითხვაცა და ზელენსკის პასუხიც; საერთოდაც – მთელი ეს პოსტ-მოდერნული, დიფუზიური ომის სცენარიც, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება: ყველა რესურსი, მათ შორის, უწინარესად – სამხედროც, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება, რათა ყველაფრის, ე.ი. ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, მოწინააღმდეგის დამარცხების და საკუთარი “სიმართლის” გამარჯვების აღქმა შეიქმნას;

ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყოდი, რომ დიდმა შვიდეულმა მაინცადამაინც დიდ წარმატებას მიაღწია; ისინი ცდილობენ შექმნან აღქმა, რომ თითქოსდა ეს დიდი შვიდეული “შესანიშნავი შვიდეულია”, რომელიც კალვერას ბანდისგან, ე.ი. პუტინის რუსეთისგან აგრესიის მსხვერპლად ქცეულ სოფელს, ანუ – უკრაინას, იცავს; ყველა ხედავს, რომ ამ “შესანიშნავი შვიდეულის” კრისი, ე.ი. ბაიდენი, ისევე როგორც სხვა წევრები, არათუ სულაც არ აპირებს სოფლისათვის თავი გაწიროს, არამედ სწორედაც პირიქით: სწირავენ სოფელს, რათა კალვერა ჰააგაში ყურით მიათრიონ ანდა ის მოუსავლეთში გადაიხვეწოს; ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აგრესორი პუტინი კალვერა არ არის, არამედ უფრო ამას – კრისი ბაიდენიც კალვერაა.

ვინ მოიგებს ამ პოსტ-ომს? ეჭვი მაქვს ის, ვინც ეს დიფუზიური სცენარი დაწერა; დიფუზიურობა კი ესაა – კალვერა კრისია და კრისი კალვერა. საცოდავი სოფელი კი ბოლომდე დაქცეული სოფელია. სოფლელებისგან სოფელი რომ დაიცლება, მერეღა გამოჩნდება დიდი დიფუზიონერი, რომელიც ადამიანი, შესაძლოა, სულაც არ იყოს.

თიბისის უნიკალური შეთავაზება –  5 000 000 ლარი ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად

თუ გაქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს – პირველად საქართველოში, თიბისი ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს.

თიბისი ბიზნესის გუნდმა განსაკუთრებული შეთავაზება შექმნა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბაზარზე. შენ შეგიძლია მიიღო იდეის დაფინანსება 200,000 ლარამდე. ამისთვის კი არ გჭირდება ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ასევე, არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. რაც მთავარია შეგიძლია ისარგებლო 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით.

სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა შენი იდეა იყოს ინოვაციური და მომზადებული გქონდეს პროექტის ბიზნეს გეგმა.

„თიბისიმ ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდასაჭერად, უნიკალური შესაძლებლობა გააჩინა, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმოადგინოს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დავეხმარებით. რა თქმა უნა, უნდა ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის, დაამუშავებს და მხოლოდ ის მიიღებს ჩვენ მხარდაჭერას, რომლის რეალურ ბიზნესად ქცევის პოტენციალი წინასწარ დადასტურდება,“ – ამბობს თიბისის მცირე და საშუალოო ბიზნესის განვითარების ლიგის ხელმძღვანელი ვეფხვია ლომინაშვილი.

პირველ ეტაპზე, ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად თიბისიმ 5 000 000 ლარი გამოყო – გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იჩქარე, შემოტანე განაცხადი დაფინანსების მისაღებად.

დეტალებს გაეცანი აქ: სტარტაპ იდეა

 

R

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია „სკატი“ განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ სკატის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.

2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1’330’861 ვიზიტი) აღდგენილია 82 % – ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +178%-ია.

რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +124 % -ით (209’569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +460%-ია.

“უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის მცდელობა არასწორია” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა მიმდინარე ეტაპზე აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

პარლამენტში გამოსვლისას რიში სუნაკმა ლეიბორისტების ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს უპასუხა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა.

მან ბრიტანეთს მოუწოდა მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მოწოდებებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის მშვიდობა, მაგრამ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ომი გაგრძელდება და უფრო და უფრო გაუარესდება“, – განაცხადა კორბინმა.

სუნაკმა მის საპასუხოდ თქვა, რომ ის არ იზიარებს კორბინის განცხადებას.

„რუსეთმა განახორციელა უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა. მან ჩაიდინა საშინელი სამხედრო დანაშაულები და ამაზე სწორი და ერთადერთი პასუხი არის რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინიდან. კონფლიქტის უბრალოდ გაყინვის მცდელობა, არასწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს რიში სუნაკი.

„დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება” – შალვა პაპუაშვილი

დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება. ამ ორგანიზაციებს აქვთ მარგინალური მხარდაჭერა საზოგადოებაში და მათი როგორც საარჩევნო შედეგით, ისე სხვა მხრივ მხარდაჭერა გასაგებია რაც არის. პრობლემა ისაა, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ „გირჩის“ შემთხვევაში, რომ დაფინანსება ხდება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით. „დროასაც“ აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი „ენჯეო“ და პირდაპირ პარტიაში საზღვარგარეთიდან შედის ფული. ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი ისაა, რომ ეს ფული არის სხვადასხვა წყაროდან. ეს არის როგორც კეზერაშვილისგან, ისე რუსეთიდან დაფინანსება. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი არის არეულობის მოწყობა, რადიკალიზმი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა, რომლის ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, ეს დონორები ამ ორგანიზაციებს გაემიჯნონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს”- არჩილ თალაკვაძე აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაზე

შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან საკითხი ეხება უბრალო ადამიანების – ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმოსვლას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს სანქციები თავის დროზე რუსეთმა ცალმხრივად დააწესა და ახლაც ცალმხრივად გააუქმა.

„ჩვენთვის პირველ რიგში პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს და გაუგებარი და მიუღებელია ის მოთხოვნა, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ სანქციები დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს. არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ახლა რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის მხარდაჭერა და გადავადების გარეშე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლიანად აქვს დამსახურებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.