“ვერ ვიტყოდი, რომ დიდმა შვიდეულმა მაინცადამაინც დიდ წარმატებას მიაღწია” – დავით ზარდიაშვილი

110
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე მყოფი ზელენსკის პასუხი ბახმუტის რუსების მიერ აღების შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს ახალი გენერაციის, “მეოთხე თაობის” , როგორც მას ხშირად უწოდებენ – “დიფუზიურ ომთან”; გარკვეულწილად, ესაა თითქოსდა იგივე მდგომარეობა, რაც პირველ მსოფლიო იმპერიალისტურ ომში შეიქმნა: ტერიტორიის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, ვის უფრო დიდ ხანს ეყოფოდა რესურსი და ვინ უფრო მეტად გაძლებდა; შეგახსენებთ, ავსტრია უნგრეთისა და გერმანიის კაპიტულაციამდე თუნდაც ერთი დღით ადრე სწორედ ისინი აკონტროლებდნენ საომარი თეატრის უმეტეს ტერიტორიას და არა ანტანტა.

მაგრამ დღევანდელი იმპერიალისტური ომის – რაც ასევე, ოღონდ პოსტ-იმპერიების მიერ, კვლავაც მთელი მსოფლიოს გადასანაწილებლად წარმოებს, განსხვავება იგივე პირველ მსოფლიო ომთან ესაა: სამხედრო მოქმედებათა თეატრია არა მთელი კონტინენტი ან მით უმეტეს, მთელი მსოფლიო, არამედ ერთი მონაპირე ქვეყანა; მეტიც: მეომარ მხარეთა სტრატეგიული ინტერესიცაა, რომ არაფრით დაუშვან “საომარი ლელოს” გაფართოება და საბრძოლო მოქმედებათა გავრცელება უკრაინის ფარგლებს გარეთ;

აშკარაა: ეს უკვე პოსტ-ომია, ანუ პოსტ-ინდუსტრიული და პოსტ-მოდერნული ეპოქის პირველი მსოფლიო ომი; ომი, როგორც აშკარად ჩანს – იმპერიალისტურია, მაგრამ მისი შედეგები ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთისა თუ უკრაინის სამხედრო ძალების მიერ უფრო მეტ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებასთან, მეტიც – იმაზეც კი არა, ვის უფრო დიდ ხანს ეყოფა რესურსი; არამედ გადამწყვეტია – “გამარჯვების აღქმების” შექმნა; სწორედ ამას მიუთითებდა თავად შეკითხვაცა და ზელენსკის პასუხიც; საერთოდაც – მთელი ეს პოსტ-მოდერნული, დიფუზიური ომის სცენარიც, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება: ყველა რესურსი, მათ შორის, უწინარესად – სამხედროც, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება, რათა ყველაფრის, ე.ი. ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, მოწინააღმდეგის დამარცხების და საკუთარი “სიმართლის” გამარჯვების აღქმა შეიქმნას;

ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყოდი, რომ დიდმა შვიდეულმა მაინცადამაინც დიდ წარმატებას მიაღწია; ისინი ცდილობენ შექმნან აღქმა, რომ თითქოსდა ეს დიდი შვიდეული “შესანიშნავი შვიდეულია”, რომელიც კალვერას ბანდისგან, ე.ი. პუტინის რუსეთისგან აგრესიის მსხვერპლად ქცეულ სოფელს, ანუ – უკრაინას, იცავს; ყველა ხედავს, რომ ამ “შესანიშნავი შვიდეულის” კრისი, ე.ი. ბაიდენი, ისევე როგორც სხვა წევრები, არათუ სულაც არ აპირებს სოფლისათვის თავი გაწიროს, არამედ სწორედაც პირიქით: სწირავენ სოფელს, რათა კალვერა ჰააგაში ყურით მიათრიონ ანდა ის მოუსავლეთში გადაიხვეწოს; ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აგრესორი პუტინი კალვერა არ არის, არამედ უფრო ამას – კრისი ბაიდენიც კალვერაა.

ვინ მოიგებს ამ პოსტ-ომს? ეჭვი მაქვს ის, ვინც ეს დიფუზიური სცენარი დაწერა; დიფუზიურობა კი ესაა – კალვერა კრისია და კრისი კალვერა. საცოდავი სოფელი კი ბოლომდე დაქცეული სოფელია. სოფლელებისგან სოფელი რომ დაიცლება, მერეღა გამოჩნდება დიდი დიფუზიონერი, რომელიც ადამიანი, შესაძლოა, სულაც არ იყოს.