“რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი” – შალვა პაპუაშვილი

75
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი. საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება მიუღია. იყო ცალმხრივად დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, კითხვაზე საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს იყო ჩვეულებრივი „ფეიკი“, რომელიც ასევე „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არ არის საუბარი. საუბარია, რომ იყო კომერციული რეისი თუ მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, ვალდებულია, სრული, თავისუფალი წვდომა მისცეს იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. სომხეთი არის ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და თავი რომ დავანებოთ ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს ზოგადად, სომხეთთან დაკავშირებით, ჩვენი საერთაშორისო კონვენციით ვალდებულებაა, სომხეთს ჰქონდეს წვდომა შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, სრულად ტრანზიტული და სომხეთის იყო. გემი არ იყო არც სანქციების, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.