ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

171
spot_img

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია „სკატი“ განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ სკატის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.

2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1’330’861 ვიზიტი) აღდგენილია 82 % – ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +178%-ია.

რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +124 % -ით (209’569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა +460%-ია.