Home Blog Page 2080

„დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება” – შალვა პაპუაშვილი

დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება. ამ ორგანიზაციებს აქვთ მარგინალური მხარდაჭერა საზოგადოებაში და მათი როგორც საარჩევნო შედეგით, ისე სხვა მხრივ მხარდაჭერა გასაგებია რაც არის. პრობლემა ისაა, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ „გირჩის“ შემთხვევაში, რომ დაფინანსება ხდება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით. „დროასაც“ აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი „ენჯეო“ და პირდაპირ პარტიაში საზღვარგარეთიდან შედის ფული. ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი ისაა, რომ ეს ფული არის სხვადასხვა წყაროდან. ეს არის როგორც კეზერაშვილისგან, ისე რუსეთიდან დაფინანსება. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი არის არეულობის მოწყობა, რადიკალიზმი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა, რომლის ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, ეს დონორები ამ ორგანიზაციებს გაემიჯნონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს”- არჩილ თალაკვაძე აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაზე

შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან საკითხი ეხება უბრალო ადამიანების – ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმოსვლას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს სანქციები თავის დროზე რუსეთმა ცალმხრივად დააწესა და ახლაც ცალმხრივად გააუქმა.

„ჩვენთვის პირველ რიგში პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს და გაუგებარი და მიუღებელია ის მოთხოვნა, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ სანქციები დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს. არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ახლა რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის მხარდაჭერა და გადავადების გარეშე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლიანად აქვს დამსახურებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

“ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ”

მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? , – ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველების საქართველოში ჩამოსვლას შეუწყობს ხელს, ასევე დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„დღეს ჩვენ გვიწევს იმაზე საუბარი, რის ირგვლივ არის ხელოვნურად მწვავე და პრაგმატული შეფასებებიც. რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის 149 ბრძანებულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებოდათ ე.წ. ვიზა. მიხეილ სააკაშვილი თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟოზე რუსს ტურისტებს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდა და ბოთლი ღვინით უმასპინძლდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს პოლიტიკური მიზანი და მიღებული გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ რუსებს უფრო კარგად უნდა გაეცნოთ ქართული სახელმწიფო, დაეგემოვნებინათ ღვინო, მინერალური წყლები და დამტკბარიყვნენ ბუნებით. ანუ დღემდე რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი იყო ლარსის გამშვები პუნქტიდან, ან მესამე ქვეყნიდან. დღეს რუსეთის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია უფრო თავისუფლად. ამ შემთხვევაში არჩევანი აქვს თავად შემომსვლელს (ეს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ რუსეთის) შემოვიდეს ლარსიდან სახმელეთო გზით, თუ ავიარეისით. ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ძირითადად ვერაფერი ვერ შეცვალა (ისევ ის არის, რაც იყო). მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? ჩვენ უნდა აღვნიშნოთ მთავარი – მსოფლიოში ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს რუსეთში (ცხრაასი ათასი მოქალაქე). ამ გადაწყვეტილებით 900 ათას მოქალაქეს მარტივად შეეძლება ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, თუ ადრე შემოდიოდნენ ლარსის გამშვები პუნქტიდან ან მესამე სახელმწიფოდან, რომელიც დაკავშირებული იყო ფინანსურ შესაძლებლობებთან, დღეს შეუძლიათ შემოვიდნენ თავისუფლად. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ 900 ათასი ადამიანის წინაშე სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება. კონსტიტუციური ვალდებულებაა, დიასპორასთან სახელმწიფო ინარჩუნებდეს ურთიერთობას. გზის გახსნით პრინციპში, იმ სტუდენტებისათვისაც გამარტივდა რუსეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც განათლების მიღების პრიორიტეტად ასახელებენ რუსეთს. რატომ? – იმიტომ რომ მედიცინის თვალსაზრისით ვიცით, ძალიან განვითარებულია და ვისაც ევროპაში ან ამერიკაში არ აქვს წასვლის საშუალება, მისთვის მარტივია, რომ წავიდეს რუსეთში. მეტსაც გეტყვით, ყოველწლიურად რუსეთს სასწავლო კვოტა (ქართველების მიღების კვოტა) 500-მდე გაზრდილი აქვს (ეს არ არის პატარა ციფრი). ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორის აღნიშვნა. ჯერ კიდევ აუთვისებელ სიტუაციაში დაანგარიშდა, ტურისტულ ნაკადის შემოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მიიღებს ნახევარ მილიარდ დოლარს წლის განმავლობაში (ესეც ხომ ეკონომიკური ფაქტორია). უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა, ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ გვყავს მეზობლები (რუსეთი არის ჩვენი მეზობელი). თურქეთი არის მწარმოებელი ქვეყანა და მათ ნაკლებად სჭირდებათ ჩვენი პროდუქცია. რაც შეეხება რუსეთს, შესაძლებელია, რომ ჩვენმა გლეხმა იხეიროს (მარტივად რომ ვთქვათ) რუსულს ბაზარზე გასვლით. ამ გადაწყვეტილებით (კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, არის რუსეთის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება) სარგებელს პოულობს ქართველი გლეხი, ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მარტივი გზით დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ეკონომიკური ფაქტორიც. ამის მიუხედავად, არც ჩემი პირადად და არც სახელისუფლო გუნდის (მე ვიცი) პოზიცია არ იცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ეს იქნება მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. მაგრამ, ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, – უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

საქართველოს ხვალ ხავიერ კოლომინა ეწვევა

საქართველოს ხვალ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა.

კოლომინა თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოდის და საქართველოს გარდა ის სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

ვიზიტის მიზანსა და შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ხავიერ კოლომინა ხვალ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ისაუბრებს, როდესაც დღის მეორე ნახევარში ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც თიბისი ჯგუფი ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თიბისი ბანკმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით თიბისის პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

თიბისიმ EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლი ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში თიბისი წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.

ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, თიბისი კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეცხრედ მიიღო. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.

ღონისძიებაზე EBRD-იმ თიბისის მეორე – წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო.

2022 წელს თიბისისა და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო.

თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.

R

“საქართველოს სახელმწიფოებრიობა მორიგ ჯერზე დგება დარტყმის ქვეშ” – ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, „ქართული ოცნების“ ხელით და რუსეთის ინტერესებით, მორიგ ჯერზე დგება დარტყმის ქვეშ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ემიჯნება ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკას, არამედ უპირისპირდება მას.

„აშშ, ევროკავშირი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოები ატარებენ ერთიან პოლიტიკას აგრესორი, გენოციდის მომწყობი რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. საქართველოს ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს და სანქცირებულ რუსულ ბიზნესებს. ამით საქართველოს ხელისუფლება არამხოლოდ ემიჯნება დანარჩენი მსოფლიოს გაერთიანებულ, სწორ პოლიტიკას, არამედ უკვე უპირისპირდება მას. თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო საფრთხე საქართველო გამხდარიყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის თვალსაზრისით. ეს ვნახეთ ჩვენ და დაადასტურა კიდეც ეს ხელისუფლებამ. ამ უგუნური ნაბიჯით ხელისუფლება დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის უსაფრთხოებას. მე აღარ ვარ მხოლოდ იმ აზრზე, რომ ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, არამედ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საბოტაჟი, სახელმწიფოებრიობაზე მიმდინარეობს დარტყმა და ეს არის საგანგაშო ვითარება – კურსის ცვლილება, რომელიც ძალიან დიდ რისკებს უქმნის საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. დასავლეთთან იზოლაცია ნიშნავს, რომ ჩაიკეტება სივრცე, რომელიც გაიხსნა, იგივე უვიზო მიმოსვლა, განათლების, მკურნალობის მიღების, დასაქმების შესაძლებლობა, ეს ყველაფერი არის დარტყმის ქვეშ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა მორიგ ჯერზე “ქართული ოცნების” ხელით და რუსეთის ინტერესებით დგება დარტყმის ქვეშ,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

“შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ,”- განაცხადა მილერმა.

რუსეთის ძალები შეტევას განაგრძობენ – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 454-ე დღე

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაახლოებით 204 360 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 480 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 789 ტანკს, 7 419 ჯავშანტექნიკას, 3 318 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309 საბრძოლო თვითმფრინავს და 295 ვერტმფრენს, 6 139 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 864 უპილოტო საფრენ აპარატს, 433 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 015 ფრთოსან რაკეტას.

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის 4 ირანული Shahed-ის დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

“წინასწარი ინფორმაციით. ღამით მტერმა დარტყმისთვის Shahed-ის 4 დრონი გამოიყენა, ყველა ჩამოაგდეს. ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ.

როგორც გენშტაბის მიერ ამ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ქალაქები ბახმუტი და მარინკა ფრონტის ხაზზე კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი განაგრძობდა უკრაინის სხვა ოლქებზე იერიშებსაც. ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასევე რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქების ქალაქებზე. ოკუპანტებმა ასევე ცეცხლი გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით. არიან დაშავებული მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე 11 დარტყმა განახორციელეს. უკრაინულმა მხარემ გაანადგურა ოკუპანტების საბრძოლო მასალების ოთხი საწყობი, ასევე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ათობით საარტილერიო საშუალება, რადიოლოკაციური სადგური.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა სულ გაანადგურეს „შაჰიდის“ ტიპის 23 დრონი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა, ცხრა სადაზვერვო დრონი, ჩამოაგდეს „მი-24“-ის ტიპის ვერტმფრენი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

„რაც შეეხება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას F-16-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე“, – აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან. „მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას“, – დასძინა მილერმა.

მისი თქმით, უკრაინელებს გარკვევით ეუბნებიან, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 მაისს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც გამოიდარებს, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომში, დღისით +25, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +26 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +13, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

“დიდი ალბათობით თურქეთში მარადიულ პრეზიდენტად ისევ ერდოღანი მოგვევლინება” – ზურაბ მარშანია

დიდი ალბათობით მეზობელ თურქეთში მარადიულ პრეზიდენტად ისევ ერდოღანი მოგვევლინება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ მარშანია წერს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში თურქეთში ქურთების პრობლემა გამწვავდება.

“რას შეცვლის ეს ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში? არაფერს. თავის სანუკვარ ოცნებას, ოსმანთა იმპერიის აღდგენასა და ფადიშახობას რეჯეფ ბეი მაინც ვერ მიაღწევს. დარჩება თურქეთი ნატოში, მაგრამ ვერ შევა ევროკავშირში. ისევ ეცდება ერდოღანი დასავლეთსა და რუსეთ/ჩინეთს შორის ლავირებას გამორჩენის მიზნით და კვლავ ვერაფერს მიიღებს.

გამწვავდება თურქეთში ქურთების პრობლემა. ერთობ საეჭვოდ მოჩანს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია და ყარაბაღის პრობლემის მოგვარება, რაშიდაც (რუსეთისაგან განსხვავებით) თურქეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული. მაშ რა ხეირს მიიღებს თურქეთი ავტორიტარიზმის მორიგი კონვულსიისაგან მარადიული პრეზიდენტის სახით? მხოლოდ დიდ ხვიშტს! თუმცა, თურქეთი, რომლის უამრავი ღირსეული მოქალაქე უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს, გამონაკლისი არ არის.

არსებობს ერთი უნივერსალური კანონზომიერება. სახელმწიფო შეიძლება ძლიერი იყოს სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. მასში შეიძლება ცხოვრობდნენ ბევრი დემოკრატიისა და დასავლური ფასეულობებისადმი ერთგული ადამიანები, მაგრამ სანამ ამ სახელმწიფოში ყოვლად ბნელი და გონებასუსტი ამომრჩევლების რიცხვი ჭარბობს, დემოკრატია და უკეთესი ცხოვრება მხოლოდ უტოპიად დარჩება. აი ასეთია თურქეთისა და რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია, ჩვენი სამშობლოს – საქართველოს ხვედრი. ზემოთაღნიშნულ კონტექსტში მხოლოდ სკოლაში ნასწავლი ეს სიტყვები მახსენდება: “ერთ ბედქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ”- წერს ზურაბ მარშანია.

“შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ – მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

“ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს” – პრემიერი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა.
პრემიერი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს.

„ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ.

ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს,”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

Мемориальный турнир по волейболу имени Левана Девдариани

21 мая этого года при организации мэрии Гардабанского муниципалитета и содействии и поддержке Государственной службы по делам ветеранов, в спортивном зале третьей средней школы Гардабани состоялся открытое первенство по волейболу, посвященное памяти Левана Девдариани, погибшего во время российско-грузинской войны 2008 года.

Турнир проходил в соответствии действующих правил Международной федерации волейбола (FIVB).

В этом году за победу соревновались семь команд. В финальном поединке друг с другом сражались команды “Чолури” и “Лукосанди”. Титул чемпиона этого года достался последнему (“Лукосанди”).

Обладатели призовых мест были награждены призами, учрежденными мэрией Гардабани, которые им вручил заместитель мэра Гардабанского муниципалитета Фуад Мирзоев, а начальник управления Квемо картли Государственной службы по делам ветеранов, Леван Гоголаури, членам команд, которые заняли первое, второе и третье места, вручил медали и грамоты ведомства, ну а чемпиону этого года был вручен специальный кубок Госслужбы.

Мемориальный турнир по волейболу имени героя российско-грузинской войны 2008 года, Левана Девдариани, по инициативе мэрии Гардабанского муниципалитета, был учрежден в 2016 году и в нем участвуют спортсмены из разных регионов.

24-летний капрал Леван Девдариани родился в селе Зесхо Лентехского муниципалитета. Ему было 6 лет, когда его семья сменила место жительства, и переехала в Гардабани. В 2008 году он окончил университет; Леван Девдариани не был призван в армию. До окончания университета, весной 2007 года он по своей воле сам явился в военный комиссариат; для четвертой пехотной бригады был объявлен прием и Леван по контракту вступил в ее ряды.

Солдат, погибший в борьбе за территориальную целостность Грузии похоронен на братском кладбище Мухатгверди. Леван Девдариани посмертно был награжден орденом Вахтанга Горгасали I степени.