“დიდი ალბათობით თურქეთში მარადიულ პრეზიდენტად ისევ ერდოღანი მოგვევლინება” – ზურაბ მარშანია

316
spot_img

დიდი ალბათობით მეზობელ თურქეთში მარადიულ პრეზიდენტად ისევ ერდოღანი მოგვევლინება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ მარშანია წერს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში თურქეთში ქურთების პრობლემა გამწვავდება.

“რას შეცვლის ეს ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში? არაფერს. თავის სანუკვარ ოცნებას, ოსმანთა იმპერიის აღდგენასა და ფადიშახობას რეჯეფ ბეი მაინც ვერ მიაღწევს. დარჩება თურქეთი ნატოში, მაგრამ ვერ შევა ევროკავშირში. ისევ ეცდება ერდოღანი დასავლეთსა და რუსეთ/ჩინეთს შორის ლავირებას გამორჩენის მიზნით და კვლავ ვერაფერს მიიღებს.

გამწვავდება თურქეთში ქურთების პრობლემა. ერთობ საეჭვოდ მოჩანს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია და ყარაბაღის პრობლემის მოგვარება, რაშიდაც (რუსეთისაგან განსხვავებით) თურქეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული. მაშ რა ხეირს მიიღებს თურქეთი ავტორიტარიზმის მორიგი კონვულსიისაგან მარადიული პრეზიდენტის სახით? მხოლოდ დიდ ხვიშტს! თუმცა, თურქეთი, რომლის უამრავი ღირსეული მოქალაქე უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს, გამონაკლისი არ არის.

არსებობს ერთი უნივერსალური კანონზომიერება. სახელმწიფო შეიძლება ძლიერი იყოს სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. მასში შეიძლება ცხოვრობდნენ ბევრი დემოკრატიისა და დასავლური ფასეულობებისადმი ერთგული ადამიანები, მაგრამ სანამ ამ სახელმწიფოში ყოვლად ბნელი და გონებასუსტი ამომრჩევლების რიცხვი ჭარბობს, დემოკრატია და უკეთესი ცხოვრება მხოლოდ უტოპიად დარჩება. აი ასეთია თურქეთისა და რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია, ჩვენი სამშობლოს – საქართველოს ხვედრი. ზემოთაღნიშნულ კონტექსტში მხოლოდ სკოლაში ნასწავლი ეს სიტყვები მახსენდება: “ერთ ბედქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ”- წერს ზურაბ მარშანია.