“საქართველოს სახელმწიფოებრიობა მორიგ ჯერზე დგება დარტყმის ქვეშ” – ანა ნაცვლიშვილი

57
spot_img

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, „ქართული ოცნების“ ხელით და რუსეთის ინტერესებით, მორიგ ჯერზე დგება დარტყმის ქვეშ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ემიჯნება ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკას, არამედ უპირისპირდება მას.

„აშშ, ევროკავშირი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოები ატარებენ ერთიან პოლიტიკას აგრესორი, გენოციდის მომწყობი რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. საქართველოს ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს და სანქცირებულ რუსულ ბიზნესებს. ამით საქართველოს ხელისუფლება არამხოლოდ ემიჯნება დანარჩენი მსოფლიოს გაერთიანებულ, სწორ პოლიტიკას, არამედ უკვე უპირისპირდება მას. თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო საფრთხე საქართველო გამხდარიყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის თვალსაზრისით. ეს ვნახეთ ჩვენ და დაადასტურა კიდეც ეს ხელისუფლებამ. ამ უგუნური ნაბიჯით ხელისუფლება დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის უსაფრთხოებას. მე აღარ ვარ მხოლოდ იმ აზრზე, რომ ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, არამედ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საბოტაჟი, სახელმწიფოებრიობაზე მიმდინარეობს დარტყმა და ეს არის საგანგაშო ვითარება – კურსის ცვლილება, რომელიც ძალიან დიდ რისკებს უქმნის საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. დასავლეთთან იზოლაცია ნიშნავს, რომ ჩაიკეტება სივრცე, რომელიც გაიხსნა, იგივე უვიზო მიმოსვლა, განათლების, მკურნალობის მიღების, დასაქმების შესაძლებლობა, ეს ყველაფერი არის დარტყმის ქვეშ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა მორიგ ჯერზე “ქართული ოცნების” ხელით და რუსეთის ინტერესებით დგება დარტყმის ქვეშ,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

“შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ,”- განაცხადა მილერმა.