Home Blog Page 2075

გაცოცხლებული სახარებები- ირაკლი ფარჯიანი

19 აპრილიდან, ,,ათინათის” კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას – „სახარებები” – უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემაა. დამთვალიერებელს შეეძლება ფარჯიანის სახარებათა ზუსტი ასლი თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ვიდეოინსტალაციის მეშვეობით ნახოს.

დღეს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მხატვრის შვილთან, სოფო ფარჯიანთან ერთად გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულა.

ირაკლი ფარჯიანის „სახარებები” რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს. ნამუშევრები უნიკალურია ფერებითაც, რადგან შესრულებულია ირაკლი ფარჯიანის მიერ მიგნებული სპეციალური ტექნიკით, რაც საღებავების თავისებური დამუშავებით ფერების მიღებას გულისხმობს.

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული მხატვრობის წინამძღოლია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ფარჯიანის „სახარებები” შუა საუკუნეების გავლენებსა და იმავდროულად, თანამედროვე კულტურის ნიშნებს ატარებს. აქ თანაარსებობს ხელნაწერი რელიგიური წიგნის კანონიკური იკონოგრაფია და მხატვრის საავტორო ინტერპრეტაცია. საბჭოთა საქართველოში შეიქმნა ირაკლი ფარჯიანის მიერ სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგიც დღემდე არ არსებობს.

ირაკლი ფარჯიანის სახარებების ფაქსიმილე გამოცემა საქართველოში ექსკლუზიურად ჩამოაქვს კომპანია “Smart Innovations”-ს.

გამოფენა ,,ათინათის” კულტურის ცენტრში 19 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელდება.

რატომ არ დაურეკა საჭირო დროს სი ძინპინმა ვოლოდიმირ ზელენსკის – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი”

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში” (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია „რატომ არ დაურეკა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“ (ავტორი – ვივიან ვანგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთი ოდესღაც უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და კიევისაგან ქერს, სიმინდს და იარაღს ყიდულობდა. ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტის პირობებში იბადება კითხვა: ისევ თუ არსებობს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის?

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შორის უკანასკნელად სატელეფონო საუბარი იანვარში გაიმართა, როცა მხარეებმა ერთმანეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს, ასევე დააფიქსირეს „პოლიტიკური ნდობის გაღრმავება“ და „მტკიცე მეგობრობა“. ამ მოვლენიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ჩინეთის ახლო პატნიორის – რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მას შემდეგ სი ძინპინი, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე თხოვნის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტს არც ერთხელ არ დალაპარაკებია. შეიძლება ითქვას, რომ პეკინსა და კიევს შორის ის „საღი და სტაბილური ურთიერთობა“, რომლის შესახებაც თავის დროზე ორივე ლიდერი აცხადებდა, დღეს შორეულ მოგონებადღა რჩება.

საკითხი – როდის დაელაპარაკება სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის და საერთოდ, მოისურვებს თუ არ „ცისქვეშეთის“ ლიდერი მასთან საუბარს (მიუხედავად იმისა, რომ მათი კონტაქტი დასავლელ ლიდერებსაც სურთ), იმ გაურკვეველ რეალობას ასახავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ფონზეა შექმნილი. ადრე უკრაინა-ჩინეთს შორის ურთიერთობა ფართოვდებოდა და მტკიცდებოდა, დღეს კი ორივე მხარე „პოლიტიკურად ჟონგლიორობს“ და ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან კიდეც.

კიევს ჩინეთისაგან თითქოსდა რაღაცის იმედი აქვს – იქნებ პეკინმა მოსკოვი უკანდახევაში დაარწმუნოსო, თუმცა უკრიანას მშვენივრად ესმის, რომ ჩინეთმა უკვე მოახდინა თავისი პოზიციის დემონსტრირება – სი ძინპინს არ სურს ასეთი ნაბიჯის გადადგა და პირიქით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს. უკრაინაში ჩინეთის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა სულ უფრო ნეგატიური ხდება.

პეკინს, თავის მხრივ, სურს ომის მიმართ თითქოსდა ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნოს. ზელენსკისთან საუბარი სი ძინპინის საერთაშორისო ავტორიტეტს კიდევ უფრო განამტკიცებდა, მაგრამ პეკინი ომს „შუალედურ ბრძოლად“ თვლის სამომავლო მსოფლიო წესრიგის მისაღწევად, რომლის დროსაც ბარიკადების ერთ მხარეს აშშ დგას, მეორე მხარეს კი – ჩინეთი და რუსეთი. პეკინის აზრით, უკრაინა მთლიანად დასავლეთის ნებას ემორჩილება და მასთან პირისპირ საუბარი არაფრის მომტანი არ იქნება.

ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ უკრაინას დღეს ჩინეთისათვის ისეთი ეკონომიკური მიმზიდველობა აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა.. ამჟამად უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული ჩინური ინვესტიციები განადგურებულია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინა მომავალში“, – ამბობს ჯუ ფენი, ნანკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, – ამიტომაც იბადება კითხვა: არსებობს თუ არა დღეს ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობა?“.
2017-2021 წლებში ჩინეთ-უკრაინის ვაჭრობის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა და „ცისქვეშეთი“ კიევის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. უფრო მეტიც – 2019 წელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩინეთის წლად“ გამოაცხადა. ჩინური კომპანიები კიევის მეტროს ახალ სადგურებს აშენებდნენ, ფართოვდებოდა იარაღით ვაჭრობაც… ჩინეთმა თავისი პირველი ავიამზიდი უკრაინისგან შეიძინა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი, ჩამოწერილი გემის სახით (შემდეგ პეკინმა გაარემონტა და მწყობრში ჩააყენა).

ფართოვდებოდა კავშირები კულტურის სფეროშიც: პეკინის პარკში დგას უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლი. ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა სწავლობს ჩინეთის უნივერსიტეტებში…

თუმცა იმ პერიოდშიც არსებობდა არაერთგვაროვნული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიევსა და პეკინს შორის. ჩინეთი თავს იკავებდა რუსეთის კრიტიკისაგან ყირიმის ანექსიის გამო. თავის მხრივ, უკრაინაზე გავლენას ახდენდა ამერიკაც – ვაშინგტონი კიევისაგან პეკინთან დისტანციის დაცვას ითხოვდა. სწორედ ამ ზეწოლის გამო 2021 წელს უკრაინამ უარი განაცხადა ჩინეთისათვის 3,6 მილიარდი დოლარის პროდუქციის (აეროკოსმოსური ტექნიკის) მიყიდვაზე
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ჩინეთის პოზიცია მკაფიო გახდა – პეკინმა კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდა კარგად აითვისა, პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვა „შეჭრა“ და ა.შ. ჩინური მასმედია აქებს და ადიდებს რუსულ იარაღს, იქმნება პოპულარული ვიდეოთამაშები, აკრიტიკებენ უკრაინის მთავრობას, რომელიც მთლიანად დასავლეთის ნებას ასრულებს.

უკრაინა ასეთ სიტუაციაში ფრთხილად მოქმედებს: კიევმა პოზიტიურად შეაფასა ჩინეთის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც დასავლეთმა გააკრიტიკა და რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. კიევი თვლის, რომ დღეისათვის ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს.

„მაგრამ უკრაინელები – როგორც მთავრობა, ისე უბრალო ხალხიც, სულ უფრო მეტად გულგატეხილნი რჩებიან ჩინეთის პოლიტიკით“, – ამბობს იური პოიტა კიევის კვლევითი ცენტრიდან „ახალი გეოპოლიტიკა“. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩინეთის მიმართ ნეგატიური განწყობის მქონეთა რაოდენობამ 2021 წლიდან 18%-ით მოიმატა.

რასაკვირველია, სი ძინპინის მოსკოვურმა ვიზიტმა, რომლის დროსაც პეკინმა კრემლთან მტკიცე თანამშრომლობა დაადასტურა, უკრაინელებს კიდევ უფრო გაუტეხა გული. „უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთთან დამოკიდებულებაში დიდ ილუზიებში იყო. ახლა ვხედავ, რომ ეს ილუზიები თანდათან იფანტება, განსაკუთრებით პეკინის მოსკოვთან დაახლოების ფონზე“, – ამბობს იური პოიტა.

ასე რომ, პეკინმა საეჭვოა კიევთან დაახლოება დაიწყოს. მართალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა, მაგრამ არც უკრაინულ და არც ჩინურ მხარეს არ განუცხადებიათ ორ ქვეყანას შორის რაიმე კავშირების გაფართოების პერსპექტივაზე.

ჩინელი ექსპერტების მტკიცებით, ამჟამად იმ პირობებში, როცა არც უკრაინა და არც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისაკენ არ იხრებიან, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან მაინცდამაინც დიდი სარგებელი არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამერიკა უკრაინას აფრთხილებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასია.

„ისე არავინ იფიქროს, რომ ჩვენ კონტაქტებს თავს ვარიდებთ. საკითხი ასე დგას: რაზე უნდა ილაპარაკონ ლიდერებმა?”, – ამბობს ვან ივეი, პეკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. „ზელენსკი, ალბათ, სატელეფონო ზარს იმას უკავშირებს, რომ ჩინეთი რუსეთს ჯარის უკან გაყვანას მოსთხოვს, მაგრამ ეს ხომ აბსოლუტურად არარეალურია“.

ურთიერთობების გაურკვევლობას გრძნობენ ისეთი რიგითი ადამიანებიც, როგორიც 32 წლის უკრაინელი ანტონ მატუსევიჩია – იგი შანხაიში უკვე 8 წელია ცხოვრობს, თავისი ბიზნესი ააწყო და ცოლად ჩინელი ქალი ჰყავს. მისი თქმით, ჩინელების უმეტესობა მხარს რუსეთს უჭერს. „შევეცადე უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილიყო, ჩავატარე კულტურული ღონისძიებები დახმარების მიზნით, მაგრამ… ძნელია ადამიანთა აზრის შეცვლა. ვნახოთ, მსგავს აქციებს სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, – ამბობს ანტონ მატუსევიჩი, მაგრამ მას სულ უფრო მეტი ეჭვი შეაქვს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, ჩინეთში ცხოვრების თაობაზე: „ვხედავ, რომ ჩინური სისტემა და საზოგადოება უკრაინას არ თანაუგრძნობს, არ ეხმარება… და თუ პეკინი მოსკოვისათვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, მაშინ იძულებული ვიქნები ჩინეთიდან სხვაგან წავიდე. არსებობს საზღვარი, რომლის გადაკვეთა, ჩვენ, უბრალოდ არ შეგვიძლია“, – ხაზს უსვამს ანტონ მატუსევიჩი.

წყარო

“ევროკავშირი ვერ განავითარებს ნორმალურ ურთიერთობას ჩინეთთან, თუ პეკინი არ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე”

ევროკავშირი ვერ განავითარებს ნორმალურ ურთიერთობას ჩინეთთან, თუ პეკინი არ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს ის, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და დაასრულოს ომი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და კვლავ ვაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თავიდან უნდა ავიცილოთ ცივი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ნეიტრალური პოზიციის დაკავება შეუძლებელია, რადგან თუ არ განვასხვავებთ აგრესორს და მსხვერპლს, ეს აგრესორის მხარეს დადგომას ნიშნავს.

შეგახსენებთ, მანამდე ჩინეთში განაცხადეს, რომ ქვეყანა არ მიყიდის იარაღს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ მხარეებს და დაარეგულირებს სამხედრო საქონლის ექსპორტს.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მარტივია

თიბისი დაზღვევა სამ წელზე მეტია ადამიანებს უმარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. აპის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ სწარაფად და მარტივად ჩაეწერონ ექიმთან, მიიღონ მიმართვა და ნახონ ინფორმაცია კლინიკებსა თუ სპეციალისტებზე. ამჯერად, პროცესის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ჩვენს მომხმარებლებს რამდენიმე სიახლეს ვთავაზობთ.

მედიკამენტებზე მიმართვის მიღება ოჯახის ექიმის გარეშე

ჩვენს მომხმარებლებს მედიკამენტების შეძენამდე ოჯახის ექიმთან ვიზიტი მიმართვის მისაღებად აღარ სჭირდებათ. ამისთვის საკმარისია აპში აირჩიოთ “მიმართვის მოთხოვნა”, შემდეგ – “მიმართვა მედიკამენტებზე” და ატვირთოთ სპეციალისტის მიერ გამოწერილი დანიშნულების ფოტო. მიმართვაზე დასტურს SMS-ის სახით მიიღებთ.

10 ვიწრო სპეციალობის ექიმი 50-ზე მეტ კლინიკაში

ჩვენს პროვაიდერ კლინიკებში ოჯახის ექიმის მიმართვა სპეციალისტებთან ვიზიტისთვისაც აღარ გჭირდებათ. მარტივად, აპით მოითხოვეთ მიმართვა ექიმთან. ამ სერვისით სარგებლობა 50-ზე მეტ კლინიკაში შემდეგ სპეციალისტებთან შეგიძლიათ:

  • მამოლოგი
  • უროლოგი
  • ორთოპედი
  • ნევროლოგი
  • ჰემატოლოგი
  • გინეკოლოგი
  • პროქტოლოგი
  • დერმატოლოგი
  • ტრავმატოლოგი
  • ოფთალმოლოგი

ჩაწერა რეიმანში სპეციალისტებთან

 განსხვავებით სხვა პროვაიდერებისგან, რეიმანის კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან და კვლევაზე აპით შეგიძლიათ ჩაწერა.

მომსახურების მიღების გამარტივებული სქემა

თუ ჩვენს რომელიმე პროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის დანიშნულებით რომელიმე სამედიცინო სერვისით სარგებლობა მოგიწევთ, მიმართვის მოთხოვნა აღარ გჭირდებათ. საკმარისია რეგისტრატურაში აცნობოთ, რომ თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სასურველ ექიმთან შესვლას მაქსიმუმ 20 წუთში შეძლებთ.

თიბისი დაზღვევა განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კიდევ მეტად გამარტივებას. ყველა სერვისით სარგებლობისთვის გადმოწერეთ აპი.

(R)

უცხოური ვალუტის კურსი 19 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5197 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5197 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ის ხალხი, ვინც წილის მფლობელი იქნება, ავტომატურად გახდება ქართული ჯარისა და გერმანელი პენსიონერების ძარცვით შეძენილი ქონების თანამფლობელი”

„2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია,“ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, დავით კეზერაშვილსაც აქვს გათვლა, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ წარმოჩნდეს, როგორც ჟურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდეს საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი „სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო“.

„დავით კეზერაშვილი – უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. 2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია“ მას შემდეგ, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. (ტელეკომპანია საქართველო, თავის მხრივ, ფლობდა 51% – ს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში). ჩატარდა კრება, რომელიც ტელევიზიით გადიოდა. წილები დიდი ზარ-ზეიმით, 40 სუბიექტზე გადანაწილდა. შემდეგ რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. რეალურად კი იქ რაიმე ქონებაზე არც იყო საუბარი, უბრალოდ იფიქრეს, რომ ამ ტრიუკის ჩატარების შემდეგ რუსთავი 2 წარმოჩნდებოდა, როგორც ჟურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდებოდა საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი “სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო”. სავარაუდოდ კეზერაშვილიც ამ ილეთის გამეორებას აპირებს, ხოლო ის ხალხი, ვინც იმ წილის მფლობელი გახდება ავტომატურად იქნება ქართული ჯარისა და გერმანელი პენსიონერების ძარცვით შეძენილი ქონების თანამფლობელი,“ – წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით.

„ხაზგასასმელია, რომ, კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნას მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილია, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ნოემბრამდე. საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ სსსმ ბავშვებისთვის, ვისაც 6 წელი უსრულდებათ 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. ცვლილების შემდეგ 1 ნოემბრამდე დაბადებულ სსსმ ბავშვებს მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე. მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“14 მაისის არჩევნები ყველაზე მწვავე და დაძაბული იქნება რეჯეფ ერდოღანისთვის” – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნები – თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2023 წელს“ (ავტორი – ნექტარია სტამული), რომელშიც გაანალიზებულია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთის პრეზიდენტისათვის – რეჯეფ თაიპ ერდოღანისათვის არჩევნებს, რომლებიც 14 მაისს უნდა ჩატარდეს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ახლოვდება ასი წლისთავი პირველი საერო რესპუბლიკის შექმნიდან, რომელსაც პრეზიდენტი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი („თურქთა მამა“) ხელმძღანელობდა და თუ ისევ რეჯეფ ერდოღანი გაიმარჯვებს, ის მიიღებს მანდატს უფრო აქტიურად გააგრძელოს 85 მილიონიანი ქვეყნის განვითარების გეოსტრატეგიული კურსი. დასავლეთში შიშობენ, რომ პრეზიდენტი, თავისი გაფართოებული უფლებამოსილებით, სამომავლოდ დააჩქარებს თურქულ სახელმწიფოს გადაქცევას რელიგიურ, კონსერვატიულ ქვეყნად.

არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვისაც: ვისაც პრეზიდენტად აირჩვენ, მასზე იქნება დამოკიდებული თურქეთის როლი ნატოში, ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან, პოზიცია უკრაინის ომის მიმართ, მიგრაციული პოლიტიკა, სიტუაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

მოსალოდნელია, რომ 14 მაისის არჩევნები ყველაზე მწვავე და დაძაბული იქნება რეჯეფ ერდოღანის მმართველობის 20 წლის განმავლობაში – მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თანაც კატასტროფული შედეგების გამომწვევი მიწისძვრის შემდეგ.

რეჯეფ ერდოღანი წინ უნდა აღუდგეს ოპოზიციას, რომელსაც ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს – „თურქი განდი“ – და რომელიც ქვეყნის მოსახლეობას დიდ გარდაქმნებს პირდება. ბოლო გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს გაუსწრო, მაგრამ რეჯეფ ერდოღანი საარჩევნო ბრძოლებში გამოწრთობილი პოლიტიკოსს წარმოადგენს, მის ხელშია  სახელმწიფოს მართვის ბერკეტები და მთელი სახელისუფლო ინსტიტუტები.

„თუ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, მოხდება გადასვლა ავტორიტარული ერთპიროვნული მმართველობიდან გუნდურ მუშაობაზე, რაც დემოკრატიული განვითარების პროცესს უზრუნველყოფს“, – ასეთ კომენტარს უკეთებს სამომავლო არჩევნების სავარაუდო შედეგებს უნალ ჩევიკოზი – ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში.

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ შეძლებს ევროკავშირში თურქეთში გაწვრიანების პროცესის „გამოცოცხლებას“, რომელიც ჩიხში ჯერ კიდევ 2018 წელს შევიდა – ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსიდან გადახვევის გამო, როცა შეჩერდა ლიბერალური რეფორმების გატარება, სასამართლოს დეპოლიტიზაციის პროცესი და შეიზღუდა მასმედიის თავისუფლება.

ოპოზიციური ბანაკი ასევე აცხადებს, რომ შეასრულებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ორი ცნობილი ადამიანის – პროქურთული დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სელაჰატინ დემირთაშისა და უფლებადამცველ ოსმალ კავალის – საპყრობილედან გათავისუფლებას ითვალისწინებს. „ეს იქნება ნიშანი ჩვენი ევროპული მოკავშირეებისათვის და დასავლეთისათვის, რომ თურქეთი დემოკრატიის გზას უბრუნდება“, – განმარტავს უნალ ჩევიკოზი.

„მაგრამ შეწყვეტილი მოლაპარაკების განახლება ევროკავშირში გასაწევრიანებლად ახალი პრეზიდენტისა და მისი გუნდისათვის იოლი არ იქნება: თურქეთის პოლიტიკურ სპექტრში ანტიდასავლური განწყობა ძალიან ძლიერია“, – თვლის ვოლფგანო პიკოლი, რისკების ანალიზის შემსწავლელი კომპანიის Teneo-ს თანადამფუძნებელი. მისი აზრით, საგარეო პოლიტიკა დამოკიდებული იქნება ახალი სავარაუდო კოალიციური ხელისუფლების სიმტკიცეზე – ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ იმის გარდა, რომ ყველას რეჯეფ ერდოღანის დამხობა სურს. თანაც საშინაო პრობლემები იმდენია, რომ შეიძლება მათ საგარეო პრობლემები დაჩრდილონ.

თავის მხრივ არც ევროკავშირი არ არის მზად თურქეთის მიღებაზე იფიქროს – განსაკუთრებით გარკვეული ქვეყნების ჯგუფი, პირველ რიგში კი საფრანგეთი და ავსტრია, რომლებიც მკვეთრად არიან განწყობილნი მოლაპარაკების განახლების წინააღმდეგ. „ისინი მტკიცედ თვლიან, რომ თურქეთი თავის კურსს ატარებს, რომელიც არანაირად არ ეთანხმება საერთოევროპულ საგარეოპოლიტიკურ პრინციპებს, – ამბობს ასლი აიდინტაშბაში, ბრუკინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, – თუ ოპოზიცია შეძლებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს, გასაგებია, რომ ის პროევროპულ კურსს გამოაცხადებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რითი უპასუხებს მას ევროპა – იქნება ეს გაწევრიანება თუ უსაფრთხოების ახალი ჩარჩოები, რომელშიც თურქეთი იქნება ჩართული“.

„აშკარაა, რომ თავის დროზე ორივე მხარე – ევროკავშირიც და თურქეთიც – ერთმანეთით იმედგაცრუებული დარჩა“, – აღნიშნავს ყოფილი თურქი დიპლომატი სინან ულგენი, კარნეგის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – ანკარამ და ბრიუსელმა ვერ მოახერხეს ერთნაირი მიდგომების შემუშავება საბაჟო და სავიზო რეჟიმის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, მიგრაციის მიმართ.

უნალ ჩევიკოზის თქმით, პრეზიდენტისა და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი მეთაური და მთავრობა გადახედავს ევროკავშირთან ამჟამად მოქმედ 2016 წლის ხელშეკრულებას მიგრაციასთან დაკავშირებით. „ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა  უნდა შეიცვალოს. ევროპელები თურქეთს იმ „აუზად“ განიხილავენ, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები შეიძლება „დააგროვო“. თურქეთი ასეთ სიტუაციას მეტად ვეღარ მოითმენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრები გავაღებთ და ჩვენთან თავმოყრილ მიგრანტებს ევროპისაკენ გავუშვებთ, მაგრამ საერთო მიგრაციული პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია“.

წინასაარჩევნო კამპანიისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს თურქეთის დამოკიდებულება აშშ-სთან და ნატოსთან. ამას წინათ ანკარამ მოხსნა ანტიფინური ვეტო და ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ამ მხრივ შვედეთსაც აღარ ექნება რაიმე წინააღმდეგობა.

თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2019 წელს, როცა ანკარამ რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეიძინა. ვაშინგტონის აზრით, რუსული იარაღი პოტენციურად საფრთხეს უქმნის თურქეთის საჰაერო სივრცეში მყოფ ამერიკულ თვითმფრინავებს. „რუსული სამხედრო გადახრის“ გამო აშშ-მა თურქეთი ავიაგამანადგურებელ „ფანტომ-35“-ის (F-35) პროგრამიდან გარიცხა და ანკარას რიგი სანქციები დაუწესა.

ამას წინათ ქემალ ქილიჩდაროღლუ ანკარაში აკრედიტებულ აშშ-ის ელჩს ჯეფრი ფლეიკს შეხვდა. ამ ფაქტმა პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი პირდაპირ „გააცოფა“ და ამერიკელი დიპლომატის მოქმედება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად და წინასაარჩევნო პროცესის „ხელშემშლელად“ შეაფასა. „ელჩს ვაფრთხილებთ, რომ მას კარს დავუხურავთ… შეერთებულ შტატებს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ“, – თქვა განრისხებულმა რეჯეფ ერდოღანმა.

შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტია თურქეთის ურთიერთობა რუსეთთან უკრაინის კონფლიქტის ფონზე. როგორც ცნობილია, ომის დაწყების დროს ანკარამ შუალედური პოზიცია აირჩია – ერთი მხრივ, თურქეთი იარაღს აწვდის უკრაინას (ცნობილი დრონების „ბაირაქტრების“ სახით), მეორე მხრივ, უარს აცხადებს რუსეთის საწინააღმდეგო დასავლური სანქციებისადმი მიერთებაზე. იმავდროულად ანკარა, გაეროსთან ეგიდით, შუამავლად გამოდის უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხში, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით, „უსაფრთხო დერეფნით“ ხორციელდება.

ხაზს უსვამს რა რუსეთთან თავის სტრატეგიულ დამოკიდებულებას, რეჯეფ ერდოღანი ვარაუდობს, რომ თურქეთი შეიძლება ნატოს ის ერთადერთი წევრი-ქვეყანა იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, 27 აპრილს ეწვევა – რუსული სახელმწიფო კომპანიის „როსატომის“ მიერ აგებული ატომური ელექსტროსადგურის საზეიმოდ გახსნის დროს.

უნალ ჩევიკოზის თქმით, თურქეთი, რასაკვირველია, ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შუამავლობის კურსს გააგრძელებს და უკრაინას დაეხმარება, მაგრამ აქცენტს მკვეთრად გააკეთებს დასავლეთისკენ – ისე, როგორც ნატოს წევრს შეეფერება: „ჩვენ ამით ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და რუსეთს შევახსენებთ, ვისთან აქვს საქმე“, – განმარტავს პრეზიდენტობის კანდიდატის მრჩეველი.

„ყველა ხედავს, რომ დღეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ბევრად განსაზღვრავს ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ერდოღანის დამოკიდებულება ერთმანეთთან. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, – ასე თვლის ყოფილი თურქი დიპლომატი სინან ულგენი. „არცერთ თურქ ლიდერს არ ჰქონია მსგავსი ახლო ურთიერთობა რუსეთის მმართველებთან. ვფიქრობ, რომ რუსეთთან დამოკიდებულება დისტანცირებული უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ანკარა ანტირუსულ სანქციებს უნდა შეუერთდეს, მაგრამ ურთიერთობა გამჭვირვალე უნდა გახდეს“.

თურქეთის არჩევნებს უკავშირდება სირიის საკითხიც: როგორც ცნობილია, თურქეთში ასობით ათასი სირიელი მიგრანტია თავმოყრილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სირიელ მიგრანტებს უკან, სირიაში დააბრუნებს – „ჩვენ სირიასთან კავშირებს აღვადგენთ და დამასკოს ეკონომიკის აღდგენაში დავეხმარებით, ანუ შევქმნით მიგრანტებისა და ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საფუძველს“, – ამბობს უნალ ჩევიკოზი.

მაგრამ ანალიტიკოსი ვოლფანგო პიკოლი დარწმუნებულია, რომ სირიელების ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ლაპარაკი იმას ჰგავს, როცა „სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა“ ხდება. „სირიელები თურქეთში უკვე ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, მათი შვილები თურქულ სკოლებში სწავლობენ… განა ასე ადვილია ნებაყოფლობით სირიელების უკან დაბრუნება? ოპოზიციის ეს დაპირება ძალიან საეჭვოდ გამოიყურება და არა მგონია შესრულდეს“.

თურქეთისა და საბერძნეთის – ნატოს წევრი ქვეყნების – ერთმანეთთან საკმაოდ არასასიამოვნო დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია, თუმცა ბოლო დროს ანკარასა და ათენს შორის მორიგი დათბობის მოწმენი ვართ: თურქეთი თანახმაა ხმა მისცეს საბერძნეთს  გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის ადგილი დაიკავების საკითხში, ხოლო თავის მხრივ, საბერძნეთი მხარს დაუჭერს თურქეთის კანდიდატურას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელად.

დათბობის კიდევ ერთი ნიშანია ორი მეზობელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ნიკოს პანატიოგოპულოსისა და ჰულუსი აკარის შეხვედრა ანკარაში. მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა „იმედისმომცემი“ განცხადებები ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების „მეგობრობის ზღვებად“ გადაქცევის თაობაზე. თურქეთი და საბერძნეთი აპირებენ ეგეოსის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე დროებითი მორატორიუმი დააწესონ.

„საინტერესოა, რომ მაისში ორივე ქვეყანაში არჩევნები, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე დღეს უნდა ჩატარდეს, რაც ანკარისა და ათენისათვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის“, – ამბობს უნალ ჩევიკოზი. მისი აზრით, ამით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამჟამად შექმნილი დაძაბული სიტუაცია, კონტინენტური შელფის გამოყენებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად განეიტრალდება.

ყოფილი თურქი დიპლომატის სინან ულგენის თქმით, „კვიპროსის პრობლემის მიმართ ანკარის ნეგატიური მიდგომა პოზიტიურად შეიცვლება. აგრესიულ ტონს უფრო ლოიალური ჩაანაცვლებს, რაც საშუალებას მისცემს ორივე მეზობელს უთანხმოებისა და დავების გადაწყვეტაში დიპლომატიურ სტილს დაუბრუნდნენ“.

წყარო

მესუთ იოზილი თურქეთის პარლამენტში იყრის კენჭს

თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი მესუთ იოზილი, რომელმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თურქეთის პარლამენტში იყრის კენჭს.

თურქული მედიის ცნობით, 34 წლის იოზილი, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა მიმდინარე წლის მარტში დაასრულა, გადაწყვიტა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სახელით იყაროს კენჭი.

იოზილსა და ერდოღანს ახლო მეგობრობა აკავშირებთ, 2019 წელს იოზილის ქორწილში ერდოღანი საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

სხვადასხვა წელს იოზილი მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა, კარიერის ბოლო წლები კი თურქეთში – „ფენერბახჩესა“ და „ისთანბულ ბაშაკშეჰირში“ გაატარა. გერმანიის ნაკრების მაისურით იოზილს 92 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ლელო“ მხარს დაუჭერს იმ კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს ვითარებას, რომელშიც იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი”

„ლელოს“თავიდანვე გაცხადებული აქვს, რომ მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც იმყოფება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული კომისია არ არის სააკაშვილის უდანაშაულობის ან დამნაშავეობის დამდგენი კომისია.

„ეს კომისია თუ შეიქმნება, იქნება იმ პირობებისა და გარემოებების შემსწავლელი, რომელშიც აღმოჩნდა პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაშია“, – განმარტა დავით უსუფაშვილმა.

“კეზერაშვილი ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის სხვისთვის გადაცემა უნდა შეფასდეს არა გადაფორმებად, არამედ „ტელევიზიის გადამალვად“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კეზერაშვილი ცდილობს, ტელევიზიას საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას.

„თავისუფალი ჟურნალისტიკა შეუთავსებელია იმასთან, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს მედიის საქმიანობას. ამიტომ, ეს უნდა შეფასდეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემად ან გადაფორმებად, არამედ ტელევიზიის გადამალვად. ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას, რათა ამ მედიამ აქამდე დასახული ამოცანების შესრულება გააგრძელოს. საბოლოო ჯამში, საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. როგორც არ უნდა ეცადოს კეზერაშვილი, რომ პარტიის ან მედიის უკან დაიმალოს, საზოგადოებისთვის სიმართლე ცნობილია და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.

“ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს, ყურადღებას იმსახურებს”

ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს, ყურადღებას იმსახურებს და რუსეთი მზად არის მას მოუსმინოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო ინიციატივების კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს და უნდა განვიხილოთ. რუსეთი მზად არის ამისთვის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინის კონფლიქტის წახალისების ნაცვლად საუბარი მის მოგვარებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყონ. მან მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტში ჩართულები არ არიან, აიღონ პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების წინსვლაზე და რუსეთს მიაწოდონ „მინიმალური პირობები“ ამ კონფლიქტის დასასრულებლად. გარდა ამისა, ლულა და სილვამ წამოაყენა ინიციატივა, უკრაინაში არსებული სიტუაციის განსახილველად „დიდი ოცეულის“ მსგავსი ფორმატი შეიქმნას.