Home Blog Page 2069

“ჯერ საკუთარ პარტიაში შეუძლიათ გამოიძიონ როგორ ჩაიდეს სასამართლო სისტემა ჯიბეში”- ამირან სალუქვაძე

“ნაცმოძრაობის ლიდერებს, ექს-ჩინოვნიკებს მოაყოლეთ მაშინდელ სასამართლოსთან მათი ურთიერთობების მთელი ანატომია. რთულია, თუ რეალურად რაიმე სასიკეთოს გაკეთების სურვილი გაქვთ?,”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

“კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” საგამოძიებო კომისია რაში ესაჭიროება, როცა ჯერ საკუთარ პარტიაში შეუძლიათ გამოიძიონ როგორ ჩაიდეს სასამართლო სისტემა ჯიბეში.

სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი, მისი მოადგილეები, გენპროკურორი, შსს მინისტრები და მათი მოადგილეები, ყველანი ცოცხლები არიან. შეიკრიბონ საკუთარ ოფისში და გამოიძიონ როგორ, რა მეთოდებით, რა მიზნით ახდენდნენ სასამართლოზე ზეწოლას. ჩამოწერონ გვარები, ფაქტები, საქმეები…

მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე შეუძლიათ გამოიძიონ ვისი იდეა იყო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რათა სხვაგვარი განაჩენი ვერ დამდგარიყო, როგორ გაიტანეს საკანონმდებლო ცვლილება, ვინ მისცა ხმა და ა.შ.

ნაცმოძრაობის ლიდერებს, ექს-ჩინოვნიკებს მოაყოლეთ მაშინდელ სასამართლოსთან მათი ურთიერთობების მთელი ანატომია. რთულია, თუ რეალურად რაიმე სასიკეთოს გაკეთების სურვილი გაქვთ?

 

ასევე გამოიძიეთ ვინ, ვისი დავალებით და რატომ ითხოვდა 2013 წელს მოსამართლეთა ძველი შემადგენლობის დატოვებას.

ანუ, თუ მართლა რაიმეს გამოძიება გსურთ, ამისათვის არც პარლამენტის შენობა გჭირდებათ, არც მოსამართლეები, არც კომისია. ჯერ საკუთარ წიაღში გამოიძიეთ.

ეს რომ გააკეთოთ, მაშინ საკუთარ თავს უნდა გამოუტანოთ პოლიტიკური განაჩენი. შესაბამისად საკუთარი წარსულის წინააღმდეგ არც კომისიაში წახვალთ.

თქვენი ლიდერი ამბობს, თქვენც ასე ფიქრობთ, რა დროს გირგვლიანიაო, ხომ ასეა? მაშინ სასამართლოს რა მორალით ეხებით?

მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კეზერაშვილის მიერ კორუფციული გზით ნაშოვნი მილიონებით ანტი-კორუფციული მოძრაობა დააფინანსოთ. თქვენი მხრიდან სასამართლოს წიაღში ქექვა იგივეა, რაც კეზერაშვილის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

აი ამ მოსაზრებებს ვეყრდნობოდი, როცა დავწერე 2-3 დღის წინ, რომ კომისია თქვენ გჭირდებათ კლოუნადისთვის, სასამართლო სისტემის და პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად.

რა თქმა უნდა სასამართლოს ირგვლივ აჟიოტაჟი არის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი.

ესაა რეალობა, თორემ სასამართლო სისტემის კონკრეტული პერსონები ღრუბლებზე მახატია. ჯერ პოლიტიკური დამკვეთებიდან დაიწყეთ, ანუ საკუთარი თავიდან”- წერს ამირან სალუქვაძე.

https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/pfbid02vN3MBiTcfeyN3pbLPFBrrLsCha5rdc3KzW4qoRkpdxFAgLAFMviTahFC7vw7QvCBl

,,იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება”- დეგნანი კეზერაშვილზე

კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საშუალება არ მქონდა ქოლცენტრებზე BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა…. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

“ოპოზიცია ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს“ – რატომ არ უნდა „ქართული ოცნებას“ საგამოძიებო კომისიის შექმნა

„ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ იგივე აღარ არის, რაც აქამდე იყო და კეზერაშვილის სკანდალის შემდეგ მით უმეტეს ვერ იქნება,“- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არეულობაა. თბილისში ნიკა მელიას პოლიტიკური ოფისის გახსნას 15 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ოპოზიციურმა პარტიამ თქვა, ყველას აქვს უფლება დამოუკიდებელი პარტია ჩამოაყალიბოს, თუმცა მიუღებელია ენმ-ის სახელით ამავე პარტიაზე თავდასხმები.

აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით), არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!,”- წერს ნიკა მელია.

ლევან ხაბეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის საკითხზე უნდა კონცენტრირდნენ.

„თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ, მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. თავმჯდომარედ ამირჩია ხალხმა და პასუხისმგებლობა ხომ მაქვს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

აღნიშნული მოვლენების პარალელურად, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე.

„ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.

– რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის ორად გაყოფა? როგორ აისახება ეს მათ იმიჯზე და დაკარგავს თუ არა ამომრჩეველს?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ფიქსირებული ამომრჩეველი ჰყავს. აქ უბრალოდ ამ ამომრჩევლების გაყოფაზე იქნება საუბარი, ანუ ვინ რამდენ პროცენტს წაიღებს. ჩემთვის ისედაც, დღემდე გაუგებარია „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ უნდა დაუჭიროს კაცმა მხარი, მაგრამ ნახევარ მილიონამდე ადამიანია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათ მხარს უჭერს. საუბარი იმაზე, რომ ამომრჩევლების ნაწილი უარს იტყვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ძალიან საეჭვოა. სანამ იარსებებენ ძირითად ბირთვს მაინც შეინარჩუნებენ. დავუშვათ, თუ ორად გაიყოფა და მელია ცალკე გავა (ვფიქრობ, ჯერ არ გააკეთებს და არ გადადგამს ნაბიჯს) გაიყოფა იმ პროპორციით, როგორიც მელიას და ხაბეიშვილის მხარდაჭერა იყო. შეიძლება გადათამაშდეს კიდეც, რადგან ხაბეიშვილის დაპირებები „გამოკიდებული“ დარჩა. შესაძლოა, მელიას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე ხაბეიშვილს. მაგრამ თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ კეზერაშვილის ამბავი და სხვა მოვლენები მოხდება პარტიაში, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი უარს ეტყვის და ა.შ. – ასეთი მოვლენები არ განვითარდება. უფრო სავარაუდოა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა და შესაბამისად – ამომრჩეველიც. დღეს ეს გაყოფა რომ მოხდეს, ორივე ნაწილი არჩევნებში ბარიერს გადალახავს. 5% ბარიერის გადალახვის პრობლემა მათ არ უნდა შეექმნათ, მელია იქნება ეს, თუ ხაბეიშვილი.

– რატომ მოითხოვს ოპოზიცია დაჟინებით საგამოძიებო კომისიის შექმნას?

– ოპოზიცია ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს. შესაძლოა ამას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მოჰყვეს, მაგრამ არსებობს თვალსაზრისი, რომ ასე საკუთარი მოქმედების სტრატეგია და პროპაგანდა ააგოს. ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს ეს და სწორადაც იქცევა, რადგან მათი ვალი სწორედ ესაა. თან სასამართლოს თემა ყოველთვის მტკივნეული იყო და რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს თავის სასიკეთოდ?!

– „ქართულ ოცნება“ ეწინააღმდეგება საგამოძიებო კომისიის შექმნა. რატომ არ აწყობთ და რა შეიძლება მივიღოთ ამ კომისიის შექმნის შემდეგ?

– რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს კომისიის შექმნას – აქაც ძალიან ბუნებრივი თემაა, რადგან კომისია იმას მოახერხებს (თუ კარგად იმუშავა), რომ ამ 4 პირის მიმართ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს ამოიღებს და დადებს. თუ კომისია შეიქმნა ამაში დარწმუნებული ვარ. ისედაც შეუძლია რომ ეს ოპოზიციამ გააკეთოს, მაგრამ, როცა კომისია შეიქმნება, იქ უკვე ვალდებულებაა, რომ ყველა მათგანი მივიდეს და შესაბამის კითხვებს გასცეს პასუხი. თუ არასამთავრობო სექტორი აიღებს ან თუნდაც საპარლამენტო ჯგუფი, ვალდებულებაა უკვე იმის, რომ მივიდეს მოსამართლე და რომელიმე პირი, რომ მისცეს განმარტებები. ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ კომისია არ შეიქმნას და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გამოიყენებს, რომ მის შექმნას ბოიკოტი გამოუცხადოს და იზოლირება გაუკეთოს.

/ ნინო ოთარაშვილი /

ბულგარეთმა უკრაინიდან მარცველეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტი დროებით აკრძალა

ბულგარეთმა უკრაინიდან მარცველეულისა და სხვა სასურსათო პროდუქტების იმპორტი დროებით აკრძალა.

ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გალაბ დობევმა განაცხადა.

„მთავარი მიზეზი ის არის, რომ გასულ წელს ე.წ. სოლიდარობის კორიდორების მიუხედავად, სურსათის მნიშვნელოვანი მოცულობა ქვეყანაში დარჩა და დაარღვია  სურსათისა და ვაჭრობის ჯაჭვები, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ან კიდევ გაძლიერდება, რაც სრულიად შესაძლებელი სხვ ქვეყნების მიერ დაწესებული ანალოგიური აკრძალვების შემდეგ, ეს შესაძლოა, ბულგარეთის ბიზნესისთვის მძიმე შედეგებით დამთავრდეს“, – გნაცხადა დონევმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს პოლონეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციებს.

„ბულგარეთი რჩება უკრაინის მიმართ სოლიდარული. მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაკოტრება ამას ხელს ვერ შეუწყობს“, – განაცხადა დონევმა.

მანამდე ანალოგიური ზომები მიიღეს პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა, ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად, გუშინ პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანზიტის განბლოკვას.

ევროპის ოთხი ქვეყნის განცხადებით, მათ მიერ უკრაინული პროდუქტების იმპორტის აკრძალვის მიზეზი არის ის, რომ ტრანზიტისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებოდა, რამაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფება გამოიწვია და ფერმერები დააზარალა.

ბრიტანეთში ინფლაცია დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია კვლავ ორნიშნა ნიშნულზე რჩება და მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის დონემ 10.1% შეადგინა.

თებერვალში მაჩვენებელი 10.4%-ზე იყო და გასულ თვეში ინფლაციის 9.8%-მდე კლებას მოელოდნენ.

მარტში ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის ფასები შემცირდა და სწორედ ამან განაპირობა ინფლაციის კლება, თუმცა კვეთრი, ორნიშნა იყო ზრდა საკვების, დასვენებისა და კულტურის კატეგორიებში – მაგალითად, პურისა და მარცვლეულის ფასები წლიურად 19.1%-ითაა გაზრდილი.

ინფლაცის მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირება ინგლისის ეროვნულ ბანკს აიძულებს, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს. ბანკში იმედოვნებდნენ, რომ ინფლაციური წნეხი შემცირდებოდა, თუმცა საბაზო ინფლაციის ინდექსი, რომელიც სურსათისა და ენერგიის მერყევ ფასებს გამორიცხავს, უცვლელად, 6.2%-ზე დარჩა, რაც განაკვეთების შესამცირებლად მეტად მაღალი მაჩვენებელია.

ამჟამად, ბრიტანეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ზეა. ეროვნული ბანკის მომდევნო სხდომაზე კი 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნია, რომ ბრიტანეთში ფასები სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნელა იკლებს და ის დასავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ინფლაციის ორნიშნა დონე ფიქსირდება.

ქალაქ ჯვარში ქალს სარეცხის გაფენისას აივანი ჩამოენგრა

ქალაქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, აივნის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი აივანზე სარეცხს ფენდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული სხვადასხვა მოტეხილობით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია იმყოფებოდა. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და დახმარებით მთავრობას მიმართავენ.

“რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?”

კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

„ნუთუ სრულმასშტაბიანი ომი არ არის საკმარისად სისხლიანი, რომ მსოფლიო ლიდერებმა სწრაფად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები? კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესზე ბრალდებულმა სიტყვის თქმის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გაითვალისწინა და თორნიკე გამხვეტელაშვილი დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე გამხვეტელაშვილი ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5170 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5197 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7651 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ” – დიმიტრი მედვედევი

„გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინის დახმარება სურთ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა, კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო.

საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის უახლოეს მეზობლებში – ჩვენს პარტნიორ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში?“ – აღნიშნა მედვედევმა.

“რუსული ოცნება” “გაუქმებულია-გაუქმებულია” – ლევან ხაბეიშვილი

“რუსული ოცნება” “გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, სხდომათა დარბაზიდან “გარბიან“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ოპოზიციის “ბოიკოტი” გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟია.

“რუსული ოცნება” “გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, “გარბიან” სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და “ოცნება” კვორუმს აგდებს – სხდომას შლის. ოპოზიციის “ბოიკოტი” გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ “ბოიკოტს”, აპროტესტებენ პარლამენტს… თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო “კლანის” რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან. დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ ასცდება“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა, ტაბლოზე მხოლოდ 52 დეპუტატი დაფიქსირდა. შედეგად კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიზნით არ აპირებდნენ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციის გავლას.

სისხლის ტესტით ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე დაფიქსირდეს

რაც უფრო ადრე მოხდება ალცჰაიმერის დაავადების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, მით უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს ამის ადვილი და საიმედო მეთოდი. თუმცა, ახალი კვლევის წყალობით, ეს დაავადება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე შეიძლება დაფიქსირდეს სისხლის მარტივ ტესტში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ახალი მოდელი სწორია.

მკვლევრებმა სისხლში შაქრის მოლეკულა დაუკავშირეს ამილიოდ ბეტას და ტაუ-ცილების არანორმალურ დაგროვებას, რაც ალცჰაიმერისთვის არის დამახასიათებელი. ეს ცილები თავის ტვინში გროვდება და ნეირონებს კლავენ.

ამ კონკრეტული მოლეკულის, შუაზე გაყოფილი N-აცეტილგლუკოზამინის შემჩნევის შედეგად, მეცნიერებს შეიძლება მიეცეთ ალცჰაიმერის მაღალი რისკის ამოცნობის კარგი გზა. ამ მოლეკულას გლიკანი ჰქვია, ცილების ზედაპირზეა მოთავსებული და გავლენას ახდენენ მათ მუშაობაზე.

„შაქრის მოლეკულებისგან აგებული სტრუქტურების, გლიკანების როლი შედარებით შეუსწავლელი სფეროა დემენციის კვლევებში. ჩვენს კვლევაში ვაჩვენეთ, რომ სისხლში გლიკანების დონე დაავადების განვითარებისას ადრეულ ეტაპზევე იცვლება“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის ნევროლოგი რობინ ჟიუ ჟუ.

მკვლევრებმა შეისწავლეს 233 ადამიანის მონაცემები; ეს ადამიანები მონაწილეობდნენ დაბერებისა და მოვლის შვედეთის ეროვნულ კვლევაში. პირველი მონაცემები 2001-2004 წლებშია შეგროვებული, შემდეგი დაკვირვებები კი 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეთა ასაკის მიხედვით, დადგენილი ინტერვალებით.

როგორც მონაცემებმა აჩვენე, ინდივიდებს, რომლებსაც სისხლში გლიკანებისა და ტაუ-ცილების შესაბამისი დონე ჰქონდათ, ორჯერ მაღალი ჰქონდათ ალცჰეიმერის ტიპის დემენციის განვითარების რისკი. ასეთი კავშირი მანამდეც იყო შემჩნეული ხერხემლის ცერებროსპინალურ სითხეში, მაგრამ სისხლის ტესტები გაცილებით ადვილად ჩასატარებელია.

თუკი ეს დასკვნები საბოლოოდ ალცჰაიმერის სკრინინგ-ტესტად იქცა, მკვლევრებს სხვა კრიტერიუმების დამატებაც სურთ, მაგალითად, APOE4 გენის ძებნა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკთან.

„ასევე ვაჩვენეთ, რომ მარტივი სტატისტიკური მოდელი, რომელიც მხედველობაში იღებს სისხლში გლიკანების და ტაუ-ცილების დონეს, რისკის გენი APOE4 და მეხსიერების ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ ალცჰაიმერის დაავადების 80-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებისთვის, პირველი სიმპტომების, მაგალითად, მეხსიერების დაკარგვის განვითარებამდე თითქმის ათი წლით ადრე“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოქიმიკოსი სოფია შედინ ვაისი.

უცნობია, რატომ აჩვენებენ გლიკანის მოლეკულები ალცჰაიმერის ნიშნებს ტვინის დაზიანების დაწყებამდე, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც სამომავლო კვლევებმა უნდა შეისწავლოს უფრო ღრმად.

მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერისგან განკურნების ან მისი ეფექტების უკუქცევის საშუალება ჯერ არ გვაქვს, არსებობს მისი სიმპტომების მართვის გზები; ასეთმა აღმოჩენებმა კი შეიძლება უფრო ახლოს მიგვიყვანოს იმის გაგებასთან, რატომ ჩნდება ალცჰაიმერი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

საბოლოოდ კი ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მარტივი ტესტების მცირე სერიით, ძლიერ ზუსტად მოხდეს ალცჰაიმერის რისკის პროგნოზირება. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მკვლევრები ამჟამად პირველადი ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობენ.

კვლევა Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ki.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო