Home Blog Page 2058

ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა რუსეთსა და ნატოს შორის ომის ალბათობა დაუშვა

ჩეხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, კარელ რჟეჰკამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის შესაძლებლობა არსებობს.

ჩეხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მომზადება და შეკავება მნიშვნელოვანია ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად.

„ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის, რაც ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარია, შეუძლებელი კი არა, შესაძლებელია“, – განაცხადა ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ცდილობენ მოემზადონ პოტენციური ინტენსიური კონფლიქტისთვის, რადგან „რუსეთი ახლა კონფლიქტის ტრაექტორიაზეა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან“.

„ჩეხეთი ნატოს წევრია და ამას მოაქვს სარგებელი, მაგრამ ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ამიტომ, თუ ომი დაიწყება, ჩეხი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა შეუერთდება ბრძოლას ალიანსის გეგმების შესაბამისად“, – განაცხადა მან.

დესტრუქციული ძალები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ კვლავ უბიძგებენ – გაგლოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის  ალან გაგლოევის  განცხადებით, დესტრუქციული ძალები კვლავ უბიძგებენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ.

 ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებული ცხინვალის  დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით,  ამის გამო ცხინვალმა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად ყველა აუცილებელი ზომა მიიღო.

გაგლოევმა  განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში.

„ჩვენი სამხედროები და მოხალისეები რუს სამხედროებთან ერთად საერთო ინტერესებს იცავენ და უკრაინის ნაციონალიზმს ებრძვიან, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტის როლს ასრულებს“, – განაცხადა გაგლოევმა.

გაგლოევმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე მუშაობით შემოიფარგლება.

გაგლოევის თქმით, ცხინვალმა მხარი დაუჭირა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანებას და იმედი გამოთქვა, რომ „მალე სამხრეთ ოსეთის ჯერიც მოვა“.

“მგონი, ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს” – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ, რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის, კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას დაწვრილებით ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და რომელსაც აქამდე ატარებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საქართველო არ ვუწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას და ეს ყველამ იცის.

„ცოტა უცნაურად შეიძლება, ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება, რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მგონი, პასუხს ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ასევე ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და კანონმდებელს, არის ის, თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხი. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან გაცხადებულ პოლიტიკას, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია, ჩვენმა პარტნიორებმა იციან. ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სანქციების გვერდის ავლა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს არის უპირველესად ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების პოლიტიკა და ჩვენი უსაფრთხოების გატარების პოლიტიკა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩები მინისტრს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარშს გადასცემენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან დაიწყო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ხვდებიან.

შეხვედრაზე მივიდა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და წევრი ქვეყნების წარმომადგელები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

უფრო მეტი დეტალი, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, დასრულებისას გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის თაობაზე რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე 10 მაისს გამოქვეყნდა.

მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

მეკობრეების ერთთვიანი ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა 2 მაისს, ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს.

მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოხსნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები გემთმფლობელი კომპანია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალური საკონსულოები. ნუკრი ბერიძეს და გენადი ჩიტაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდნენ და გათავისუფლება მიულოცეს.

ივანიშვილის ოლიგარქად შერაცხვა, რეალობაზე მეტად აღქმებს ეფუძნება – დავით ჩიხელიძე

„სტრატეგია აღმაშენებელმა ზეიმით გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკურმა გაერთიანებამ, Alde-მ მხარი დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას, გმობს მის მიერ გატარებულ პოლიტიკას, მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს 12 პუნქტი. რეზოლუციის ტექსტში ასევე ნახსენებია ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი. Alde მოუწოდებს მთავრობას გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, alde-ს რეზოლუციამ, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად დაადასტურა:

„თანმიმდევრულად მივყვეთ, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოზიციასთან, საქართველო საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, უერთდება სანქციებს, სანქციების დარღვევის ან გვერდის ავლის ერთი ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი როგორც პოზიცია, ასევე, ოპოზიცია არის, შესაბამისად რეზოლუცია ობიექტური რომ იყოს, ოპოზიცია აუცილებლად გაკრიტიკებული იქნებოდა, რადგან ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო ცხოვრებას. ივანიშვილის ოლიგარქად შერაცხვა, რეალობაზე მეტად აღქმებს ეფუძნება. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას, ობიექტური რეზოლუცია, არა გათავისუფლებას, არამედ საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვდა. თითოეული ადამიანი, რომელმაც რეზოლუციის ტექსტზე იმუშავა, ფარისეველი და ქვეყნის მტერია, რადგან ყოველი რეზოლუცია, რომელიც მმართველი გუნდის წინააღმდეგ არის მიმართული, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. alde-ს რეზოლუციამ, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად დაადასტურა“, – წერს ჩიხელიძე.

არ ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის დემოკრატიული პროცესები – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მომავლის განხილვა არ არის ჩემი კომპეტენცია, მოგეხსენებათ, დავტოვე ეს პარტია და, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პარტიაში შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, პარტიის განვითარებისთვის ეს მძიმე იქნება.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს არჩევნებს, თავიდანვე ჩემი პოზიცია იყო მკვეთრი, რომ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ისეთი პოლიტსაბჭოს არჩევნები, როგორიც ყრილობაზე ჩატარდა, არ უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება სხვა პროცესებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, და ნებისმიერ პარტიაში, შიდა დემოკრატია თუ არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის, პარტიის განვითარებისთვის. თვითონ პარტიის არჩევანია, როგორ გააგრძელებს ის მუშაობას. პოლიტსაბჭოს არჩევნები როგორც ჩატარდა იმ ყრილობაზე, მე ეს ვთქვი ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც დავტოვე პარტია. ამიტომ, შესაბამისად, არ ვთვლი, რომ ეს იყო დემოკრატიული და არ ვთვლი, რომ პარტიაში მიდის დემოკრატიული პროცესები. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, როგორ განვითარებას და რა კალაპოტს ჰპოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება” – გია ვოლსკი

ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ისაუბრონ, შეიძლება თუ არა ამის დემარშად მონათვლა, თუ ეს იქნება საქმიანი განხილვა.

“უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ, რას იტყვიან ელჩები, ვიცე პრემიერი რა პასუხს გასცემს და საერთოდ, შეიძლება თუ არა, მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა, თუ განხილვა იქნება საქმიანი? მე ვფიქრობ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას: ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და შენი მხრიდან გარკვეული რეჟიმის დაწესებას, როცა ფრენების აღდგენის შემდეგ, ფრენები წყდება, ჰქვია კონკრეტული სახელი, ეს არის სანქციები და მას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. ასე რომ, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში სანქციების რეჟიმში შესვლა… ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და სერიოზულ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ. ასე რომ ამ თემის განხილვა აუცილებელია და ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაში, მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, როგორ დამთავრდება, მერე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს  ხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

“პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია” – არჩილ თალაკვაძე

რეალურად, პრეზიდენტზე ორკესტრირებულ ზეწოლას და შეტევას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია. ვინც შეუძლიათ, ამ პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტის პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის გამოყენებას ცდილობს.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებდა და მას პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები – სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრული ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5823 ლარი ეღირება, ევრო – 2.7664 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1881 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5876 ლარი ღირდა, ევრო – 2.7752 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1985 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მაისს ამოქმედდება.

“ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი” – ქემალ ქილიჩდაროღლუ

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განვლილი არჩევნები ბოლო წლების ყველაზე უსამართლო პროცესად შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებზე მკაფიოდ გამოვლინდა ხალხის ნება ავტორიტარული მმართველობის ცვლილებისთვის.

„ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი. სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობა მობილიზებული იყო ერთი პოლიტიკური პარტიისთვის. ისინი ერთ კაცს გაუფინეს ფეხქვეშ. მე ვიბრძოდი, რათა თქვენ კეთილდღეობასა და სიმშვიდეში გეცხოვრათ. გავაგრძელებ ამის კეთებას“, – მიმართა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამომრჩევლებს.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ (YSK) განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.