“ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება” – გია ვოლსკი

159
spot_img

ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ისაუბრონ, შეიძლება თუ არა ამის დემარშად მონათვლა, თუ ეს იქნება საქმიანი განხილვა.

“უმჯობესია შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ, რას იტყვიან ელჩები, ვიცე პრემიერი რა პასუხს გასცემს და საერთოდ, შეიძლება თუ არა, მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა, თუ განხილვა იქნება საქმიანი? მე ვფიქრობ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყველას: ფრენების აღდგენა, ისევე როგორც შეჩერება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და შენი მხრიდან გარკვეული რეჟიმის დაწესებას, როცა ფრენების აღდგენის შემდეგ, ფრენები წყდება, ჰქვია კონკრეტული სახელი, ეს არის სანქციები და მას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. ასე რომ, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში სანქციების რეჟიმში შესვლა… ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც გააჩნიათ და სერიოზულ და მასშტაბურ სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ. ასე რომ ამ თემის განხილვა აუცილებელია და ვფიქრობ, პროცესია, რომლის განმავლობაში, მუდმივი კონსულტაციები უნდა გვქონდეს მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, როგორ დამთავრდება, მერე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს  ხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.