ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქცია განთავსებულია ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ევროკავშირზე და რუსეთზე დადებულ ფსონებს იცავს“ (ავტორი – ჯეიმი დიტმერი).
„ქართული არეული პოლიტიკის გათვალისწინებითაც კი, დამოუკიდებლობის დღის ზეიმი თავისუფლების მოედანზე საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური იყო: ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის წინაშე ისეთი სიტყვებით გამოვიდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ დუელიანტებს ჰგავდნენ“, – ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში, რომელშიც ვრცლადაა მიმოხილული საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთთან და ევროკავშირთან მიმართებით.
„დღეს საქართველო, როგორც ჩანს, ცხოვრების ყველა სფეროში არის პოლარიზებული – ყოველდღიურ პოლიტიკაში, ფასეულობებში და რასაკვირველია, მთავრობის კურსთან მიმართებით – რას აკეთებს და რას არ აკეთებს.
მთავრობის კრიტიკოსების აზრით, დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა მეზობლებისაგან გაირიყოს და მარტო დარჩეს: როცა თვით პრომოსკოვური ორგანიზაციის – „ოდკბ“-ის წევრებიც კი მოსკოვისადმი გულგრილები ხდებიან, საქართველო ამ დროს კრემლთან მეგობრულ განწყობას ამჟღავნებს“, – წერს ავტორი, რომელიც ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძეს ესაუბრება, რომლის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის კურსს რეალურად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს. თითქმის იგივე აზრი აქვს პროფესორ გია ნოდიას: „მთავრობის საქმიანობას ერთი ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] წარმართავს, მაგრამ ის ღიად არ მოქმედებს. არავინ იცის, როგორია მისი გათვლები. მართალია, კრიტიკოსები ამბობენ, რომ იგი თითქოსდა მოსკოვიდან კონტროლდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი განცხადება გადაჭარბებულია. მე უფრო ვფიქრობ, რომ მას მოსკოვის ეშინია რაღაც მიზეზის გამო“, – ამბობს გია ნოდია.
მთავრობის მომხრეების თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს – გარდა იმისა, რომ ფრთხილი პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს, 20008 წელს მომხდარი ომის სახით, რომლის შედეგად რუსეთის არმიამ სულ რაღაც ხუთ დღეში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ანუ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის) ოკუპირება მოახდინა. „ქართული ოცნების“ აზრით, მოსკოვთან კიდევ ერთ ასეთ დაპირისპირებას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ სიცრუეს ავრცელებს, როცა „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად წარმოსახავს.
„ჩვენ არ გადაგვიდგამს არანაირი ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთისკენ გადახრად შეიძლება ჩაითვალოს. თუ თქვენ ჩვენ პოლიტიკას უფრო ღრმად ჩაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ის ყოველთვის თანმიმდევრულია. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება მანამ, სანამ მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიები დეოკუპირებული არ იქნება და სანამ კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს“, – ამბობს გიორგი სამხარაძე სტატიის ავტორთან საუბრის დროს, – „ჩვენი მთავრობა ყოველთვის ანიშნებს მოსკოვს, რომ კრემლი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანში, რაც ჩვენთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს“. ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა – დღესაც ისეთივე კრიტიკულია, როგორიც უკრაინაში შეჭრამდე იყო“.
მართლაცდა, საქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთავრობამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და კიევს სრული სოლიდარობა გამოუცხადა: პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, თბილისმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა 25 ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს. საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების თხოვნით მიმართეს, რომლის საფუძველზე სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
საქართველოს მთავრობის აზრით, თუ საქართველო შეუერთდება დასავლეთის მიერ ბოლო დროს გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, ან თვითონ დააწესებს რაიმე დამატებით ემბარგოს, ასეთი ნაბიჯით ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება. „თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რაღაც სანქციებს მივუერთდებით, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებთ, დაზარალდება ჩვენი ხალხის ინტერესები“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე და ხაზი გაუსვა, რომ რადგან რუსეთისათვის საქართველოსთან ვაჭრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქართული სანქციები მოსკოვზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
და მაინც, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულწილად იცავს თავის პოლიტიკას რუსეთთან და თავს იზღვევს: სამშაბათს ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მოსკოვის პოზიცია გაიმეორა – მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზად ნატოს გაფართოება და მასში უკრაინის გაწევრიანების მცდელობა დაასახელა.
გია ნოდიას ეჭვი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს „ხიდების საბოლოო დაწვა“ არც რუსეთთან და არც ევროპასთან. საბოლოო ჯამში, მისი მოქმედება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგით იქნება განსაზღვრული: „იგი ოპორტუნისტია. არ მჯერა, რომ მას რაიმე პოლიტიკური ხედვა აქვს. ის ძალიან უცნაური პიროვნებაა. რა თქმა უნდა, მას ხელისუფლების შენარჩუნება სურს, რაც პოლიტიკოსისთვის უჩვეულო და დასაძრახი არ არის, მაგრამ მან ისიც იცის, რომ საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა. იგი ძალას პატივს სცემს. როგორც ჩანს, მან დაასკვნა, რომ დასავლეთი გარკვეულწილად დასუსტდა, ვლადიმერ პუტინი კი მარშით მიდის… მას ჰქონია, რომ კრემლისთვის ევროპას და ამერიკას ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ“, – ამბობს გია ნოდია..
მაგრამ როგორც დავით დარჩიაშვილი – ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი და ექს-დეპუტატი – თვლის, რომ რუსეთთან დაახლოებას ბიძინა ივანიშვილისათვის ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს. „მას და მის კლანურ მომხრეებს ასეთი აზროვნება ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ჰქონდათ“, – ამბობს ექს-პარლამენტარი.
ბიძინა ივანიშვილისათვის ის რეფორმები, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით უნდა გაატაროს, ცხოვრებას გაართულებს. სწორედ ამიტომ მისთვის და მისი გარემოცვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პროგრესული არ არის – იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებენ საჯაროდ“, – აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი.