“ალცჰაიმერის დაავადების პრევენცია შესაძლებელია” – ქეთი შავლიაშვილის ბლოგი

176
spot_img

სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობითა და სტრესის მართვით, ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაა შესაძლებელი, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

მისივე განმარტებით, ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების 90%-ზე მეტი დაკავშირებულია ცხოვრების სტილის მოდიფიცირებად ფაქტორებთან და მხოლოდ გენებით არ არის განპირობებული.

“ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი ან განმსაზღვრელი გენები (ანუ ის გენები, რომლებიც, თუ გვაქვს, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად გამომჟღავნდება ალცჰაიმერის დაავადებით), შეადგენს ალცჰაიმერის ყველა შემთხვევის მხოლოდ დაახლოებით 3%-ს!

ეს გენებია პრესენლინ-1 (PSEN1), პრესენლინ-2 (PSEN2), ალცჰაიმერის წინამორბედი პროტეინი (APP), რომლებიც, მათ მატარებელ ადამიანებში, ადრეულ ასაკშივე იწვევენ სიმპტომებს.

ალცჰაიმერის დანარჩენი შემთხვევები დაკავშირებულია ეპიგენეტიკასთან, ანუ ცხოვრების სტილის ფაქტორებით განპირობებულ, გენების კომპლექსურ ურთიერთქმედებასთან, რაც ძირითადად მოდიფიცირდება.
ეს ფაქტორებია:

– სწორი კვება
– ვარჯიში
– განტვირთვა (სტრესის მართვა)
– სრულყოფილი, აღდგენითი ძილი
– შემეცნებითი აქტივობის ოპტიმიზაცია (შემეცნებითი რეზერვის შექმნა)

ანუ, მეცნიერება ამბობს, რომ სწორი კვებით, ნუტრიენტების და მინერალების დეფიციტის აღმოფხვრით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, სტრესის მართვით და ტვინის ოპტიმიზაციით, ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების 90%-ზე მეტის პრევენციაა შესაძლებელი.

სხვა ფაქტორები, რომლებსაც არსებული კვლევები ალცჰაიმერის განვითარებასთან აკავშირებენ და რომელთა პრევენცია ან მართვა შესაძლებელია, არის: განათლების დონე, სოციალური კავშირები და ურთიერთობები, ცერებროვასკულარული დაავადება, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, გარკვეული ინფექციური დაავადებები, გარემო ტოქსინები, ღრძილების ქრონიკული ანთება, ჰიპოთირეოზი, ძილის აპნოე”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.