“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს”

80
spot_img

წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული პოლიციის დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

„ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის, დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე. დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს. წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა. ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის. თქვენ ყოველდღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში არა ერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების მაღალი პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში. თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს. პოლიციის დღეს და პოლიციელების დღეს, დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მწუხარება გამოთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების გამო.

„დღეს აგრეთვე, ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს იმ შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასათვის თვალსაჩინოა – ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნავი პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი. ვამაყობთ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი. სახელმწიფო თქვენ გვერდით დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.