“ჯერ არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ პრეზიდენტს, ახლა კი შეწყალების წერილებს უწერენ” – არჩილ თალაკვაძე

86
spot_img

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უღირსი დამოკიდებულება აჩვენა. ჯერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს, არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ და დღეს შეწყალების წერილებს უწერენ, ეხვეწებიან, რომ მათი თანაგუნდელები შეიწყალოს. ასეთი თავმოყვარეობა დაკარგული პოლიტიკური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერები, რომლებიც წარსულში უმძიმეს დანაშაულებში არიან ბრალდებულები, დღეს კი რიგ შემთხვევაში ბიზნესსა და ჟურნალისტებს არიან ამოფარებულები.

„პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოებას ცალსახად ვუთხარით. ჩვენ არ ვაპირებთ უთანხმოება, თუ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული პოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებად გადავაქციოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, მთლიანად სახელმწიფო იდგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყველამ ერთად გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება.

ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ის გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას, იმ არჩევანს, რომელიც ჩვენი საერთო არჩევანია.

მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი {ნიკა გვარამიას საქმეზე} მაგრამ, მე ვიცი, რა თქვა მან გვარამიასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან ობიექტური იყო. მან თქვა, არ სჯერა, რომ გვარამიას შეწყალება მოემსახურება დეპოლარიზაციას, პირდაპირ თქვა, რომ შეწყალება – არ შეწყალება პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი ბრძოლა. იცით, რომ სამართლებრივ ბრძოლაში სასამართლომ გადაწყვეტილებები მიიღო. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ აბსოლუტურად უღირსი დამოკიდებულება აჩვენეს, როდესაც ჯერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს, მას არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ და დღეს შეწყალების წერილებს უწერენ, ეხვეწებიან, რომ შეიწყალოს მათი თანაგუნდელები. ასეთი თავმოყვარეობა დაკარგული პოლიტიკური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერები, რომლებიც წარსულში უმძიმეს დანაშაულებში არიან ბრალდებულები და დღეს რიგ შემთხვევაში პარტიებს, ბიზნესს და ჟურნალისტებს არიან ამოფარებულები, გვარამიაც მათ შორის არის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.