Home Blog Page 2045

„2008 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილმა სწორად თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, როცა აღადგინა სამხრეთ ოსეთის საზღვრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა.

„ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომ ჰქონდეს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას საფრთხეებს თავიდან ააცილებს. ამისთვის არსებობენ უსაფრთხოების სამსახურები, უსაფრთხოების პოლიტიკა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ უმძიმეს რეგიონში, უმძიმეს სამეზობლოში და ასეთ დროს არის რისკები. ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ქვეყანას ეს რისკები თავიდან ააცილოს, რაც სამი სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა იქიდან გამომდინარე, რომ შეცდომები იქნა დაშვებული. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორად თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, როცა აღადგინა სამხრეთ ოსეთის საზღვრები. 90-იანი წლების დასაწყისში კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული, რასაც მაშინ ყველა აღიარებდა და ეს დღემდე აღიარებულია. 90-იანი წლების დასაწყისში საზოგადოებაც არ იყო მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის, უამრავი კატასტროფული შეცდომა იყო დაშვებული, რამაც გამოიწვია ის უმძიმესი შედეგები, რაც არ დამდგარა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. მაშინდელი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო კატასტროფული შეცდომები, რომლებიც იყო დაშვებული კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ამას მოჰყვა 1991-93 წლებში უმძიმესი პრობლემები. 2008 წელზე საუბარი საერთოდ არ მინდა. უმძიმესი ავანტიურა იყო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი წავიდა. გახსოვთ, რომ შემდეგ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებული აქვს, რომ მან დაიწყო ომი ცხინვალში. ამას ხელი თავად მოაწერა. 2008 წელს არცერთ შემთხვევაში საქართველოში ომი არ იქნებოდა, მაშინ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო. რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას მუდმივი მუშაობა სჭირდება. უსაფრთხოების დაცვა გჭირდება არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პირველ რიგში, პრობლემური მეზობლებისგან. სწორი პოლიტიკა უნდა გქონდეს, რათა თავი დაიცვა არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პირველ რიგში, სწორედ პრობლემური მეზობლებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „როგორ აიცილებდით თავიდან?“, – ირაკლი კობახიძე პასუხობს: „ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ის ტერიტორიების დაბრუნებაზე პირდაპირ დაპირებებს გასცემდა. დევნილებს დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს აფხაზეთში შეხვდებოდნენ. მას უმძიმესი რიტორიკა ჰქონდა. სამხრეთ ოსეთის საზღვრები აღადგინა. გარდა ამისა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა. ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა – ერთი იყო სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი“.

ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” რუსებს მოსკოვზე შტურმისთვის იბირებს – The Times

ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“  მებრძოლი  „ცეზარი“აცხადებს, რომ ათასობით ადამიანს სურს შეურთდეს რუს პარტიზანებს, რათა  გააგრძელონ თავდასხმები რუსეთ-უკრაინის საზღვართან, ვიდრე მათი ძალები რაოდენობრივად ისე არ გაიზრდება, რომ მოსკოვზე შტურმი დაიწყონ.

ამის შესახებ The Times წერს

„ჩვენ გვაქვს სერიოზული შესაძლებლობები. გვაქვს ნაღმტყორცნები, ჯავშანმანქანები, „სტინგერები“, პერსონალური ანტისატანკო კომპლექსები და უპილოტო დაზვერვის მაღალეფექტიანი ქვედანაყოფები“, – განაცხადა  ლეგიონის მებრძოლმა.

მისი თქმით, ლეგიონს 500-დან 1000 მებრძოლამდე ჰყავს.

მისივე სიტყვებით, ისინი გეგმავენ გაზარდონ წევრბის რაოდენობა, რათა რაც შეიძლება მეტი რუსი აღუდგეს წინ დიქტატორ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს.

„ცეზარმა“ აღნიშნა, რომ მოხალისეები დაიკავებენ რუსეთის ტერიტორიის მცირე ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება მოსკოვზე შეტევისთვის პლაცდარმი.

ცეზარი აღნიშნავს, რომ ლეგიონში ყველა მებრძოლი რუსეთის მოქალაქეა: „ჩვენ არ ვართ დამნაშავეები და არც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“. ჩვენ ყველა ვართ რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი ჩვენგანი ადრე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძლაებში“, – ამბობს „ცეზარი“.

22 მაისს, რუსეთის, ბელგოროდის ოქლის გუბერნატორ, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონის რაიონის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა.

ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

უკრაინული მხარე  აცხადებდა, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებდა და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ ქმნიდა.

აღნიშნული ჯგუფების განცხადებით, მათი მიზანია, უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

“პარტია დავტოვე არა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის, არამედ კონკრეტული მიზეზების გამო” – ხატია დეკანოიძე

სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ვისმენდი მძიმე ბრალდებებს ჩემი და რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ყველას შეახსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა არა პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად, არამედ ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

„გუშინ საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან უკვე სოციალურ ქსელებში გაგრძელდა ვნებათაღელვა. თავიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებელ დეპუტატებს, „ხალხის ძალას“ და პარტიას „საქართველოსთვის“ მისცა საშუალება, შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი, ძალიან დიდი უსამართლობა იყო, როდესაც მე და ბატონ რომანს არ მოგვეცა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება. თაიმლაინი იყო შემდეგი – როდესაც საპროცედურო კომიტეტზე განხილულ იქნა ეს საკითხი, იქვე იყო დაფიქსირებული, რომ შესაძლებელია, ცვლილებები მოხდეს ისე, რომ პარტიის ნაცვლად დაემატოს ბლოკი, რადგან ხაზს ვუსვამ, ეს იყო ნამდვილად უსამართლობა, ისევე როგორც ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძლევენ ვიცე-სპიკერის კვოტას. ვიდრე ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და ისინი იყვნენ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრები, მანამდე მე და ბატონმა რომანმა დავაინიცირეთ და შევიტანეთ ცვლილებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ვისმენდი მძიმე ბრალდებებს ჩემი და ბატონი რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია. ყველას შევახესენებ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია დავტოვე არა იმისთვის, რომ კონკრეტულად პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მინდოდა, პარტია დავტოვე კონკრეტული მიზეზების გამო. ეს მიზეზები იციან ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა, ჩემმა მეგობრებმა და ახლანდელმა მეგობრებმაც. ამ მიზეზებზე ვისაუბრე საჯაროდ. ამიტომ თუ ფრაქციას, რომლის დაშლის არცერთი ინტერესი ჩემთვის არ არის საინტერესო, აქვს შიში, რომ ამ ცვლილებების შემდეგ, ეს ფრაქცია დაიშლება, ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, დიდ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფრაქციაში არიან. ნამდვილად, ძვირფასო კოლეგებო, რადგან ამ ფრაქციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თუ პარტიას დატოვებენ და ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას არ გააკეთებენ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გამო, ამას გააკეთებენ სხვა მიზეზების გამო. ძალიან უხერხულია იმ ადამიანებისგან მოსმენა, განსაკუთრებით, ვინც მე და ბატონ რომანს ძალიან კარგად იცნობს. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში სულ რამდენიმე თვეა, შემოვიდნენ, ბატონ რომანს გუშინ აქ, ამ ტრიბუნაზე ასე ესაუბრებოდნენ, ძალიან ვწუხვარ ამაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

“ომის დაწყებიდან ორ კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე”- ირაკლი კობახიძე

არ მესმის ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა, იგივე გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ ნატო-სკენ სწრაფვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი თუ საუბრობს ომის დაწყების მიზეზებზე, რატომ არ შეიძლება ამ თემაზე საქართველოშიც ისაუბრონ.

„ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? ან პრემიერს, ან მე, ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. თუმცა, საინტერესო რა არის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საკუთარი აგენტები, გამოაგორეს ძველი, ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები. გამოაგორეს სცენაზე ლორა თორნთონი, საერთოდ არ გვახსოვდა, NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი. გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გამოიყვანეს სცენაზე და ყველას ალაპარაკეს სრული აბსურდი, იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.

“საქართველო ევროკავშირზე და რუსეთზე დადებულ ფსონებს იცავს” – Politico

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქცია განთავსებულია ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ევროკავშირზე და რუსეთზე დადებულ ფსონებს იცავს“ (ავტორი – ჯეიმი დიტმერი).

„ქართული არეული პოლიტიკის გათვალისწინებითაც კი, დამოუკიდებლობის დღის ზეიმი თავისუფლების მოედანზე საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური იყო: ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის წინაშე ისეთი სიტყვებით გამოვიდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ დუელიანტებს ჰგავდნენ“, – ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში, რომელშიც ვრცლადაა მიმოხილული საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთთან და ევროკავშირთან მიმართებით.

„დღეს საქართველო, როგორც ჩანს, ცხოვრების ყველა სფეროში არის პოლარიზებული – ყოველდღიურ პოლიტიკაში, ფასეულობებში და რასაკვირველია, მთავრობის კურსთან მიმართებით – რას აკეთებს და რას არ აკეთებს.

მთავრობის კრიტიკოსების აზრით, დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა მეზობლებისაგან გაირიყოს და მარტო დარჩეს: როცა თვით პრომოსკოვური ორგანიზაციის – „ოდკბ“-ის წევრებიც კი მოსკოვისადმი გულგრილები ხდებიან, საქართველო ამ დროს კრემლთან მეგობრულ განწყობას ამჟღავნებს“, – წერს ავტორი, რომელიც ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძეს ესაუბრება, რომლის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის კურსს რეალურად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს. თითქმის იგივე აზრი აქვს პროფესორ გია ნოდიას: „მთავრობის საქმიანობას ერთი ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] წარმართავს, მაგრამ ის ღიად არ მოქმედებს. არავინ იცის, როგორია მისი გათვლები. მართალია, კრიტიკოსები ამბობენ, რომ იგი თითქოსდა მოსკოვიდან კონტროლდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი განცხადება გადაჭარბებულია. მე უფრო ვფიქრობ, რომ მას მოსკოვის ეშინია რაღაც მიზეზის გამო“, – ამბობს გია ნოდია.

მთავრობის მომხრეების თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს – გარდა იმისა, რომ ფრთხილი პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს, 20008 წელს მომხდარი ომის სახით, რომლის შედეგად რუსეთის არმიამ სულ რაღაც ხუთ დღეში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ანუ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის) ოკუპირება მოახდინა. „ქართული ოცნების“ აზრით, მოსკოვთან კიდევ ერთ ასეთ დაპირისპირებას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ სიცრუეს ავრცელებს, როცა „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ პარტიად წარმოსახავს.

„ჩვენ არ გადაგვიდგამს არანაირი ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთისკენ გადახრად შეიძლება ჩაითვალოს. თუ თქვენ ჩვენ პოლიტიკას უფრო ღრმად ჩაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ის ყოველთვის თანმიმდევრულია. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება მანამ, სანამ მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიები დეოკუპირებული არ იქნება და სანამ კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს“, – ამბობს გიორგი სამხარაძე სტატიის ავტორთან საუბრის დროს, – „ჩვენი მთავრობა ყოველთვის ანიშნებს მოსკოვს, რომ კრემლი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანში, რაც ჩვენთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს“. ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა – დღესაც ისეთივე კრიტიკულია, როგორიც უკრაინაში შეჭრამდე იყო“.

მართლაცდა, საქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთავრობამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და კიევს სრული სოლიდარობა გამოუცხადა: პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, თბილისმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა 25 ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს. საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების თხოვნით მიმართეს, რომლის საფუძველზე სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

საქართველოს მთავრობის აზრით, თუ საქართველო შეუერთდება დასავლეთის მიერ ბოლო დროს გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, ან თვითონ დააწესებს რაიმე დამატებით ემბარგოს, ასეთი ნაბიჯით ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება. „თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რაღაც სანქციებს მივუერთდებით, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებთ, დაზარალდება ჩვენი ხალხის ინტერესები“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე და ხაზი გაუსვა, რომ რადგან რუსეთისათვის საქართველოსთან ვაჭრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქართული სანქციები მოსკოვზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
და მაინც, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულწილად იცავს თავის პოლიტიკას რუსეთთან და თავს იზღვევს: სამშაბათს ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მოსკოვის პოზიცია გაიმეორა – მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზად ნატოს გაფართოება და მასში უკრაინის გაწევრიანების მცდელობა დაასახელა.

გია ნოდიას ეჭვი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს „ხიდების საბოლოო დაწვა“ არც რუსეთთან და არც ევროპასთან. საბოლოო ჯამში, მისი მოქმედება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგით იქნება განსაზღვრული: „იგი ოპორტუნისტია. არ მჯერა, რომ მას რაიმე პოლიტიკური ხედვა აქვს. ის ძალიან უცნაური პიროვნებაა. რა თქმა უნდა, მას ხელისუფლების შენარჩუნება სურს, რაც პოლიტიკოსისთვის უჩვეულო და დასაძრახი არ არის, მაგრამ მან ისიც იცის, რომ საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა. იგი ძალას პატივს სცემს. როგორც ჩანს, მან დაასკვნა, რომ დასავლეთი გარკვეულწილად დასუსტდა, ვლადიმერ პუტინი კი მარშით მიდის… მას ჰქონია, რომ კრემლისთვის ევროპას და ამერიკას ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ“, – ამბობს გია ნოდია..

მაგრამ როგორც დავით დარჩიაშვილი – ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი და ექს-დეპუტატი – თვლის, რომ რუსეთთან დაახლოებას ბიძინა ივანიშვილისათვის ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს. „მას და მის კლანურ მომხრეებს ასეთი აზროვნება ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ჰქონდათ“, – ამბობს ექს-პარლამენტარი.

ბიძინა ივანიშვილისათვის ის რეფორმები, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით უნდა გაატაროს, ცხოვრებას გაართულებს. სწორედ ამიტომ მისთვის და მისი გარემოცვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პროგრესული არ არის – იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებენ საჯაროდ“, – აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი.

წყარო

“ალცჰაიმერის დაავადების პრევენცია შესაძლებელია” – ქეთი შავლიაშვილის ბლოგი

სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობითა და სტრესის მართვით, ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაა შესაძლებელი, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

მისივე განმარტებით, ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების 90%-ზე მეტი დაკავშირებულია ცხოვრების სტილის მოდიფიცირებად ფაქტორებთან და მხოლოდ გენებით არ არის განპირობებული.

“ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი ან განმსაზღვრელი გენები (ანუ ის გენები, რომლებიც, თუ გვაქვს, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად გამომჟღავნდება ალცჰაიმერის დაავადებით), შეადგენს ალცჰაიმერის ყველა შემთხვევის მხოლოდ დაახლოებით 3%-ს!

ეს გენებია პრესენლინ-1 (PSEN1), პრესენლინ-2 (PSEN2), ალცჰაიმერის წინამორბედი პროტეინი (APP), რომლებიც, მათ მატარებელ ადამიანებში, ადრეულ ასაკშივე იწვევენ სიმპტომებს.

ალცჰაიმერის დანარჩენი შემთხვევები დაკავშირებულია ეპიგენეტიკასთან, ანუ ცხოვრების სტილის ფაქტორებით განპირობებულ, გენების კომპლექსურ ურთიერთქმედებასთან, რაც ძირითადად მოდიფიცირდება.
ეს ფაქტორებია:

– სწორი კვება
– ვარჯიში
– განტვირთვა (სტრესის მართვა)
– სრულყოფილი, აღდგენითი ძილი
– შემეცნებითი აქტივობის ოპტიმიზაცია (შემეცნებითი რეზერვის შექმნა)

ანუ, მეცნიერება ამბობს, რომ სწორი კვებით, ნუტრიენტების და მინერალების დეფიციტის აღმოფხვრით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, სტრესის მართვით და ტვინის ოპტიმიზაციით, ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების 90%-ზე მეტის პრევენციაა შესაძლებელი.

სხვა ფაქტორები, რომლებსაც არსებული კვლევები ალცჰაიმერის განვითარებასთან აკავშირებენ და რომელთა პრევენცია ან მართვა შესაძლებელია, არის: განათლების დონე, სოციალური კავშირები და ურთიერთობები, ცერებროვასკულარული დაავადება, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, გარკვეული ინფექციური დაავადებები, გარემო ტოქსინები, ღრძილების ქრონიკული ანთება, ჰიპოთირეოზი, ძილის აპნოე”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.

“საქართველო დიდ საფრთხეში ჩააგდეთ” – ფადი ასლი  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

“11 წლის მანძილზე ეს მესამე ღია წერილია, რომელსაც გწერთ; რამაც შთამაგონა ამ წერილის დაწერა არის ის, თუ როგორ გადაწყვიტეთ ერთპიროვნულად და ცალმხრივად საქართველოს კურსის ცვლილება ევროპიდან რუსეთისკენ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80% სურს ქვეყნის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა.

საქართველოს ევროპული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული; გარდა ამისა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი ევროკავშირთან, რომელმაც ქართველ ხალხს ასევე მიანიჭა უვიზო რეჟიმი.

15 წელზე მეტი ხნის მანძილზე ასრულებდა საქართველო ევროკავშირის ბევრ რეგულაციას და ნერგავდა კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაერთიანებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნეს კლიმატისთვის, მაგრამ ყველა დაინტერესებულ მხარეთა შორის იყო ერთსულოვანი შეთანხმება, რომ ამ ფასის გადახდა ნამდვილად ღირდა.

2022 წლის ერთ დილას თქვენ გაიღვიძეთ და გადაწყვიტეთ შეგეჩერებინათ ევროპული ინტეგრაცია და ქვეყანა გაგეხადათ რუსეთის ვასალი; ამით არღვევთ რა საქართველოს კონსტიტუციას, უგულვებელყოფთ ქართველების 80%-ის სურვილსა და ოცნებებს, სანაგვეზე ისვრით ყველა იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ წლების მანძილზე გაიღო, რათა ევროკავშირის კანონმდებლობა დაეცვა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, თავადაც რომ ესწრებოდით, თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დასახული იმ მიზნების მიღწევის საშუალება იყო, რომლებიც თქვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერეთ და აქედან გამომდინარე რამოდენიმე კვირაში ვინც თქვენ აგირჩიათ, ხმა მისცა თქვენს ევროპულ დღის წესრიგს.

ახლა, როდესაც სრულად შეცვალეთ მიმართულება და ცდილობთ ჩვენ ყველანი რუსეთში წაგვიყვანოთ ნაცვლად ევროპისა, თქვენმა პარტიამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ვინაიდან თქვენ ეწინააღმდეგებით თქვენსავე საარჩევნო პროგრამას და თქვენი ამომრჩევლების ევროპულ არჩევანს, ეს კი სრულიად არალეგიტიმურად აქცევს თქვენს მთავრობას, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას ახდენს.

ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის მანძილზე, თქვენ საზოგადოება დაყავით და პოლარიზება მოახდინეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბით; შეგახსენებთ, რომ ის ქართველი მმართველები, რომლებიც ისტორიას ახსოვს, ნამდვილად არ არიან ისინი, ვინც თავისი ხალხი ისე დაყო, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ნამდვილად არიან ის მმართველები, რომლებმაც თავიანთი ხალხი გააერთიანა ერთი დროშის ქვეშ, ასეთები კი იყვნენ ფარნავაზ I, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი V და დავით II.

თქვენ საქართველოში დააბრუნეთ კორუფცია, ნეპოტიზმი, შოვინიზმი, კლიენტელიზმი, უნიათობა, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა და ღალატი, ზურგში მახვილის ჩაცემით თქვენი ევროპელი და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც უდრეკად იდგნენ საქართველოს გვერდით სამი ათწლეულის მანძილზე და თქვენ კი საქართველო ვერცხლის ლანგრით მიჰგვარეთ მის დაუძინებელ მტერს.

2022 წელს, თქვენ მიზანმიმართულად მოახდინეთ რუსეთთან მთლიანი ეკონომიკური აქტივობის უპრეცედენტო მასშტაბის ზრდა, რაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 22%-ს ექვივალენტს წარმოადგენს, განსხვავებით 2003 წლისგან-9% და 2012 წლისგან-8%.

თქვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილების გამო, საქართველო დიდ საფრთხეში ჩააგდეთ, აქციეთ რა ქვეყანა ეკონომიკურ მძევლად რუსეთის მთავრობისა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, როცა მოესურვება, გააკოტროს და მოგუდოს ქვეყანა, თუ თქვენ ზედმიწევნით არ შეასრულებთ მათ ბრძანებებსა და ინსტრუქციებს.

საქართველოს გაკოტრება და მოგუდვა ძალიან ნაცნობი სცენარია, რომელსაც რუსმა ლიდერებმა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე რამოდენიმეჯერ მიმართეს ქვეყნის წინააღმდეგ და თქვენი გულუბრყვილობა, რომ რუსეთი ამჯერად არაფერს გვავნებს, მახსენებს ამ ციტატას: „სიგიჟის განმარტებაა, როდესაც იგივეს აკეთებ განსხვავებული შედეგების მოლოდინით“.

თქვენი პარტიის ლიდერებმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თქვენი მთავრობა რუსეთიდან ფრენების აღდგენას იმიტომ დათანხმა, თითქოს არ გსურდათ რუსეთის მთავრობის „გაბრაზება“; ეს არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო უკვე არის რუსეთის მთავრობის მძევალი და შანტაჟის მსხვერპლი.

თქვენსავე ლოგიკას რომ მივყვეთ, მიუღებელია გაბრაზება იმ რუსეთისა, რომელიც ჩვენი მშპ-ს 22% -ის ეკონომიკური ექვივალენტია, მაგრამ სრულიად მისაღებია გაბრაზება იმ დასავლეთისა, რომელიც ჯამურად წარმოადგენს ჩვენი მშპ-ს 40%-ის ეკონომიკურ ექვივალენტს. ეს გამორჩეულად ირაციონალური აზროვნებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს წარმატებულ ლიდერად და დიდებულ შორსმჭვრეტელად მიიჩნევს.

თქვენ შესაძლოა უარი თქვით დასავლეთზე და რუსეთს შესთავაზეთ საქართველო, გაცდუნათ რა რუსულმა დაპირებებმა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებდათ, თავად კი ეროვნულ გმირად გაქცევდათ, ეს კი ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის გარანტია იქნებოდა.

თუ მართლა დაიჯერეთ რუსული დაპირებები, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულუბრყვილო პოლიტიკოსი; მაგრამ, თუ თქვენ, ყველანაირი დაპირებების გარეშე, ქვეყანას რუსეთისკენ შეუცვალეთ კურსი, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კრიმინალური პოლიტიკოსი ქართველი ხალხის ოცნებების, იმედებისა და მისწრაფებების ჩაკვლისა და დიდი ხნით ქვეყნის რუსეთის ვასალად გადაქცევის გამო.

ეს იქნებოდა უპატიებელი ღალატი, არამხოლოდ ქართველი ხალხისა და მათი დასავლური მისწრაფებების მიმართ, არამედ ყველა იმ თავისუფალი კაცისა და ქალის ხსოვნის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაიღუპა, განსაკუთრებით კი იმ ურიცხვი კაცისა და ქალის, ჯარისკაცისა თუ სამოქალაქოს ხსოვნის მიმართ, რომლებიც რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა მოკლეს ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე.

თქვენ თავად საბჭოთა კავშირის პროდუქტი ხართ, სხვებზე უკეთ უნდა იცოდეთ, რომ რუსეთს არც მეგობრები და არც მოკავშირეები არ ჰყავს, რუსეთს მხოლოდ აგენტები და მსახურები ჰყავს; არ მჯერა, რომ რომელიმე ამაყ და თავმოყვარე ქართველს სურს რომელიმე ქვეყნის აგენტობა ან მსახურება განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის აგენტობასა და მსახურებას ეხება.

თქვენი პარტიის ლიდერები ყველას, ვინც თქვენს მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, აგენტობასა და უსამშობლოობას სწამებენ; ეს არის კომპულსიური ნარცისების სახელმძღვანელო, როდესაც საკუთარ მანკიერებებს სხვებს სწამებენ.

საქართველოში აგენტები მხოლოდ ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი და ქვეყანა პირადი კეთილდღეობისათვის მტერს მიჰყიდა და რომლებმაც ხალხის ევროპული ოცნება, თავისუფლება და მომავალი გაყიდა რუსეთის ვასალობაზე.

ერთადერთი უსამშობლო ხალხი ისაა, ვინც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს, მეორე დღესვე კი მტერს მიჰყიდის ქვეყანას და აგრეთვე ისინიც, ვინც თავიანთ კალამს, სიტყვებს, გაზეთებსა და ტელეარხებს მტერთან კოლაბორაციის გასაძლიერებლად ყიდის და ისინიც, ვინც ღალატობენ ხსოვნას იმ ათასობით ქართველი გმირისა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა და ყველაზე მეტად, უსამშობლოებს შორის ისინი არიან უსამშობლონი, ვინც საკუთარ ღირსებას, სინდისსა და ქართველების მომავალს 30 ვერცხლად ყიდის.

ბ-ნ ივანიშვილო, თქვენ და თქვენს მხლებლებს ძალიან მკაცრად განგსჯით ქართველი ხალხი და ისტორია,”-  ნათქვამია ფადის ასლის წერილში

 

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი მოღალატე ამ ქვეყნის, რომელმაც გუშინ პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა”- გიორგი ბოტკოველი

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი მოღალატე ამ ქვეყნის, რომელმაც გუშინ პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა.“ – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი,  გიორგი ბოტკოველი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატილსავში  ვიზიტს.

„ჩვენ რომ სულ არ მოგვესმინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე, ნებისმიერ ქართველს რომ მოესმინა და ვინც მოისმინა, დარწმუნებული ვარ ყველას შეექმნა ერთი წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მოღალატე ამ ქვეყნის, რომელმაც გააკეთა ის განცხადება, რომელიც არა მავნებლური იქნება რუსეთისთვის, არამედ, პირიქით, პირდაპირ რუსული პოზიცია გააჟღერა და ჩვენ რასაც ვისმენდით ამ პერიოდის განმავლობაში პუტინისგან, სწორედ ეს გაიმეორა და შეფასებებიც ანალოგიური და ლოგიკური მოყვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დავრწმუნდეთ და ჩამოვყალიბდეთ, რომ ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა და ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი.“ – აცხადებს გიორგი ბოტკოველი

“ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

აღნიშნული კომენტარით ვახტანგ გომელაურმა უპასუხა კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“.

„ამით გაიზარდა სტატისტიკა? თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენ ვმალავთ? სტატისტიკა დაკლებულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, თუმცა ხომ იცით, რა არის მათემატიკა? თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა დანაშაული, მოხდა, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას, არ მოხდეს, თუმცა სტატისტიკა არ გაზრდილა, დაკლებულია, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან მიმართებითაც“, – განაცხადა ვახტანგ  გომელაურმა.

“ჯერ არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ პრეზიდენტს, ახლა კი შეწყალების წერილებს უწერენ” – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უღირსი დამოკიდებულება აჩვენა. ჯერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს, არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ და დღეს შეწყალების წერილებს უწერენ, ეხვეწებიან, რომ მათი თანაგუნდელები შეიწყალოს. ასეთი თავმოყვარეობა დაკარგული პოლიტიკური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერები, რომლებიც წარსულში უმძიმეს დანაშაულებში არიან ბრალდებულები, დღეს კი რიგ შემთხვევაში ბიზნესსა და ჟურნალისტებს არიან ამოფარებულები.

„პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოებას ცალსახად ვუთხარით. ჩვენ არ ვაპირებთ უთანხმოება, თუ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული პოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებად გადავაქციოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, მთლიანად სახელმწიფო იდგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყველამ ერთად გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება.

ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ის გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას, იმ არჩევანს, რომელიც ჩვენი საერთო არჩევანია.

მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი {ნიკა გვარამიას საქმეზე} მაგრამ, მე ვიცი, რა თქვა მან გვარამიასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან ობიექტური იყო. მან თქვა, არ სჯერა, რომ გვარამიას შეწყალება მოემსახურება დეპოლარიზაციას, პირდაპირ თქვა, რომ შეწყალება – არ შეწყალება პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი ბრძოლა. იცით, რომ სამართლებრივ ბრძოლაში სასამართლომ გადაწყვეტილებები მიიღო. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ აბსოლუტურად უღირსი დამოკიდებულება აჩვენეს, როდესაც ჯერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სალომე ზურაბიშვილს, მას არალეგიტიმურად არჩეულს ეძახდნენ, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ და დღეს შეწყალების წერილებს უწერენ, ეხვეწებიან, რომ შეიწყალოს მათი თანაგუნდელები. ასეთი თავმოყვარეობა დაკარგული პოლიტიკური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერები, რომლებიც წარსულში უმძიმეს დანაშაულებში არიან ბრალდებულები და დღეს რიგ შემთხვევაში პარტიებს, ბიზნესს და ჟურნალისტებს არიან ამოფარებულები, გვარამიაც მათ შორის არის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

“ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან”- რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამშვიდდნენ და ფრაქციაში მშვიდად განაგრძონ მუშაობა.

„აბსურდია, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ადამიანების გარდა, სხვას არ ჰქონდა. ეს ვარიანტი გასწორდა, არ არის საჭირო ამ თემაზე ბევრი კამათი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“. დამშვიდდნენ, რადგან „ქართული ოცნების“ მიზანია განხეთქილების შეტანა.

ის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს თუ შევქმნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვება მოუნდებათ, ფრაქცია დაეშლებათ და ამაზე წუხან, მაშინ სამწუხარო ფაქტი იქნება და ფრაქციის გაძლიერებაზე იზრუნონ. „ქართული ოცნების“ მიზანი იყო „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების შეტანა. დამშვიდდნენ, „ქართული ოცნების“ ოინებზე ნუ წამოეგებიან. ფრაქციაში მშვიდად გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Netის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკები და სიახლეები, როგორებიცაა:

  • Microservice Architecture – Approaches, Principles, Best Practices
  • Code and Source Generators
  • GraphQL – Hot Chocolate
  • SignalR

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საშუალება გვქონდა ერთის მხრივ გაგვეღრმავებინა ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებით საინტერესო პრეზენტაციების და დემო პროექტების საშუალებით, მეორე მხრივ,  არაფორმალურ გარემოში პირისპირ გვესაუბრა პირად გამოცდილებებზე, ტექნიკებზე და მიგნებებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება და თითოეულმა დეველოპერის კმაყოფილების დონე ძალიან მაღალი იყო, ვიმედოვნებ რომ ხშირად შევძლებთ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.” – ჯუბო ფალელიშვილი, თიბისის .net დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.

თიბისი Tech Meetup-ის პირველი შეხვედრა 13 იანვარს თიბისი კონცეპტის სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.