ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” რუსებს მოსკოვზე შტურმისთვის იბირებს – The Times

83
spot_img

ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“  მებრძოლი  „ცეზარი“აცხადებს, რომ ათასობით ადამიანს სურს შეურთდეს რუს პარტიზანებს, რათა  გააგრძელონ თავდასხმები რუსეთ-უკრაინის საზღვართან, ვიდრე მათი ძალები რაოდენობრივად ისე არ გაიზრდება, რომ მოსკოვზე შტურმი დაიწყონ.

ამის შესახებ The Times წერს

„ჩვენ გვაქვს სერიოზული შესაძლებლობები. გვაქვს ნაღმტყორცნები, ჯავშანმანქანები, „სტინგერები“, პერსონალური ანტისატანკო კომპლექსები და უპილოტო დაზვერვის მაღალეფექტიანი ქვედანაყოფები“, – განაცხადა  ლეგიონის მებრძოლმა.

მისი თქმით, ლეგიონს 500-დან 1000 მებრძოლამდე ჰყავს.

მისივე სიტყვებით, ისინი გეგმავენ გაზარდონ წევრბის რაოდენობა, რათა რაც შეიძლება მეტი რუსი აღუდგეს წინ დიქტატორ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს.

„ცეზარმა“ აღნიშნა, რომ მოხალისეები დაიკავებენ რუსეთის ტერიტორიის მცირე ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება მოსკოვზე შეტევისთვის პლაცდარმი.

ცეზარი აღნიშნავს, რომ ლეგიონში ყველა მებრძოლი რუსეთის მოქალაქეა: „ჩვენ არ ვართ დამნაშავეები და არც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“. ჩვენ ყველა ვართ რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი ჩვენგანი ადრე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძლაებში“, – ამბობს „ცეზარი“.

22 მაისს, რუსეთის, ბელგოროდის ოქლის გუბერნატორ, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონის რაიონის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა.

ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

უკრაინული მხარე  აცხადებდა, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებდა და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ ქმნიდა.

აღნიშნული ჯგუფების განცხადებით, მათი მიზანია, უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.