„რამდენად ისარგებლებენ ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრები თბილისის აეროპორტის ტრანზიტული მომსახურებით, სტამბოლის აეროპორტის ნაცვლად?“ – ეს საკითხია განხილული თურქულ გაზეთ Turizm Gazetesi-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შეუძლია თუ არა თბილისის აეროპორტს სტამბოლის აეროპორტის ჩანაცვლება ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრებისათვის“, რომელშიც ვკითხულობთ:
„სტამბოლის აეროპორტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები იმ ევროპული ავიარეისებით სარგებლობდნენ, რომლებიც, დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთის აეროპორტებიდან ვერ სრულდებოდა.
ქართველების განზრახვა ამ დღეებში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგა და ორივე მხარემ ერთმანეთის აეროპორტები ფრენებისათვის გახსნა, დადგა საკითხი თბილისის აეროპორტის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების თაობაზე. ამ მიზნით, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაცხადა, რომ განზრახული აქვს რუს მგზავრებს ევროპაში (მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკაში და სალონიკში) წასასვლელად პირდაპირი რეისები შესთავაზოს, თბილისის აეროპორტის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ტრანზიტით.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად პროექტი ექსპერიმენტული იქნება, გარკვეული გამოსაცდელი ვადით: თუ მოთხოვნა იქნება და რუსი მგზავრებისათვის ბილეთის ფასი მისაღები იქნება, ავიარეისები გაგრძელდება.
არაადეკვატური სტანდარტები
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების თქმით, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრების ტრანზიტული მომსახურებისათვის არასაკმარისია: მართალია, აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი აქვს, მაგრამ ის არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც საერთაშორისო ავიაჰაბს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის მენეჯერის აზრით, „არის ეჭვები, რომ ტრანზიტი საქართველოს გავლით ისეთი კომფორტული არ იქნება, როგორიც თურქეთის გავლით. მაგრამ თუ ქართული ავიაკომპანია რუს მგზავრებს გადასხდომის უკეთეს მოკლე დროს შესთავაზებს, ან უფრო სწრაფ მარშრუტს, ან ტვირთის პრიორიტეტულ, დაჩქარებულ მომსახურება-მიღებას, ან პრობლემატური სიტუაციების დროს კომპენსაციის მიღების გარანტიებს, მიმზიდველ ტარიფებს, მაშინ ასეთ შემთხვევაში რუსი მოგზაურები, დიდი ალბათობით, თბილისის აეროპორტით ნამდვილად ისარგებლებენ“.
ტუროპერატორთა მოლაპარაკებები…
რასაკვირველია, რუსული ტურისტული ოპერატორები ერთმანეთს აზრს უზიარებენ, თუ რამდენად შესაძლებელია Georgian Airways-სთან მოლაპარაკება ფრენების განხორციელების თაობაზე – მაგალითად, რუსული ტუროპერატორი „ინტურისტი“ განიხილავს იტალიაში ავაიმოსვლის შესაძლებლობას ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავებით.
კიდევ ერთი რუსული ტურისტული კომპანია Fun & Sun აცხადებს, რომ სწავლობს ავიარეისების იტალიაში, საბერძნეთში და საფრანგეთში შესაძლო განხორციელების გარემოებებს.
… და ქართველების პროტესტი
მოსკოვიდან ევროპის ქალაქებში ფრენა, თბილისის აეროპორტში გადასხდომით, სავარაუდოდ, საშუალოდ 7-11 საათს გაგრძელდება. თუმცა ფრენების განხორციელებას შეიძლება ხელი პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუშალოს: საქართველოში ევროკავშირის მომხრეები პროტესტს აცხადებენ ხელისუფლების მოქმედების მიმართ, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ავიაკომპანიებს ფრენების განახლებაზე დათანხმდა“.