“პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია” – გია ვოლსკი

139
spot_img

პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია – მუქარა? მუქარა რითი?! რა რესურსით შეიძლება ვინმეს დაემუქრო?! მუქარებისა და ანგარიშსწორებების პერიოდი წავიდა, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ მომავალი წელიწადნახევარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება და ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„რაც შეეხება მუქარას, ობიექტურად რომ ვთქვა, მუქარა არ გამიგია, მაგრამ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის წევრს მის მიმართ კრიტიკა „წამოსცდება“ და მის პოზიციას არ გაიზიარებს, თუ ამას მუქარას დაარქმევს, მაშინ რაღაც კონიუნქტურული გათვლა აქვს რეალურად არა მუქარა, არამედ პლურალიზმი უნდა დავარქვათ აზრთა სხვადასხვაობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წევრების მისამართით განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უფლება პრეზიდენტს დაემუქრონ.

„მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას უგულებელყოფს, პრეზიდენტს ხალხის იმედი ექნება, რადგან, მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით.