„თუ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოსახლეობის ბედზე ასე ზრუნავს, მაშინ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ მან სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – ამის შესახებ სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორია მალანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„თუ სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოებაზე საუბრობს, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. რა არის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი? ასევე, მინდა შევახსენო ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ აფხაზეთის საშინაო საქმეებში და დღის წესრიგში ჩარევა დაუშვებელია“, – ამბობს მალანია.
წინა დღეს სალომე ზურაბიშვილს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მათი თქმით, ზურაბიშვილი „სასურველის რეალურად გასაღებას ცდილობს“.
ცნობისთვის, 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი არ იყიდება და ის იმ ხალხის მხარეს დგას, რომელიც სოხუმში საპროტესტო აქციას მართავს და დე ფაქტო მთავრობის გადადგომას მოითხოვს.