“ქოციც” და “ნაციც” თუ გლანძღავს, აი, მაშინ ხარ ნორმალური ადამიანი” – გია ხუხაშვილი

318
spot_img

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ასპექტებზე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდ და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენაზე. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს და ამას ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რადგან ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საიმედო არაფერი უთქვამს, თუმცა, თვლიან, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი აქცენტები გაკეთდა.

მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წინა გამოსვლებთან შედარებით, ახლა პრეზიდენტს შედარებით შერბილებული ტონი ჰქონდა, რაც “ხალხის რეაქციამ უზრუნველყო”. ეს შეფასება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, – მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის, რომლის თქმითაც, „კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი საქართველოშიც ასე დაბალანსებულად ისაუბრებს”.

მდინარაძის თქმით, მთავარია, ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ოპოზიცია უკმაყოფილოა ერთადერთი რამის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა.

შერბილებული ტონი კი, უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმა რეაქციამ. ალბათ სალომე ზურაბიშვილს უნდა ავუხსნათ, რომ როცა გამოდის საქართველოს პარლამენტში, ასევე 26 მაისის ღონისძიებაზე, – ეს ყველაფერი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის. თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ უცხოელებმა საქართველოში გამოსვლები გაიგონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლით, ბოლომდე კმაყოფილი არც ოპოზიციური სპექტრი აღმოჩნდა.

„პრეზიდენტის გამოსვლაში დამაკლდა ის, თავად რა ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, იყოს მედიათავისუფლება, – აქ ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„კარგი იყო პრეზიდენტის გამოსვლა – უკრაინის მხარდაჭერა, ზელენსკის მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება და იმის თქმა, რომ ყველაზე პროევროპულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც დამაკლდა – თავად რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, არ იყოს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია და იყოს მედიათავისუფლება. პრეზიდენტი უმაღლესი ტრიბუნიდან კანდიდატის სტატუსს ითხოვს, მაგრამ როცა ოლიგარქიულ მმართველობაზე არ აკეთებს მინიშნებას, ეს უცნაურია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რეალურად როგორი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში, როგორ წარმოჩინდა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და რა შანსები აქვს მას ევროკავშირისკენ სწრაფვის კუთხით, – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტიკის ექსპერტ – გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.

“საკმაოდ ზომიერი გამოსვლა იყო”, – ასე შეაფასა ექსპერტმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ჩვენთან საუბარში.

„მას ნათქვამიც ჰქონდა, რომ ერთია, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური გარჩევები, დებატები და მეორეა – საერთაშორისო ტრიბუნა, – სადაც, შიდა პოლიტიკა უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს. დიახ, ჩვენ, ძირითადად უნდა ვისაუბროთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორზე. ვფიქრობ, სწორედ ამ ჭრილში გააკეთა მან ყველაფერი, რაც სწორიც იყო“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა გადამწყვეტია, ვინაიდან, ევროპაში ყველას კარგად ესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს“.

როგორც ხუხაშვილი განმარტავს, შესაძლოა, ევროპარლამენტში, პირადად პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოსწონთ, მაგრამ, მათ პრობლემები აქვთ ჩვენს ხელისუფლებასთან, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას ატარებენ.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპარლამენტარებს არ ჰქონდათ მოსმენილი ის მწვავე გამოსვლები, რაც მანამდე, თუნდაც 26 მაისს ჰქონდა პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში. ამ გამოსვლამ არც გადაჭარბებული იმედები არ უნდა მოგვცეს და არც იმედგაცრუების საფუძველი გვაქვს. შესაძლოა, პირადად პრეზიდენტის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა ევროპული გაგებით, თუმცა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, არ მგონია ამას ჰქონდეს.

ზოგადად, როცა ნეიტრალური გამოსვლა გაქვს, გამოდის ისე, რომ ორივე მხარე გლანძღავს.

ისე, საქართველოში ნორმალური ადამიანის განმარტება იცით როგორია? “ქოციც” და “ნაციც” რომ გლანძღავს, აი მაშინ ხარ ნორმალური ადამიანი. ახლა ხელისუფლება ხალხს ეფარება და აცხადებს, რომ ხალხის პრეზიდენტზე გაბრაზებამ განაპირობა მისი შერბილებული ტონი. რეალურად, ხალხი არაფერ შუაშია. მდინარაძემ ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ვითომ ხალხი მათ უჭერს მხარს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

/თამუნა დუღაშვილი/