Home Blog Page 2033

,,ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში” – უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი

სტრატეგიული დისკუსია გვჭირდება ევროკავშირის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ, – განაცხადა უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ.

უნგრელი ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნულ დისკუსიამდე ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების პროცესის წინსვლის ან კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ.

“გვჭირდება უკრიანის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით სტრატეგიული დისკუსიის პერიოდი და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში”, – აღნიშნა უნგრელმა მინისტრმა.

,,საარჩევნო წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ენმ – ს მტრული შინაარსი”- მათიკაშვილი

შესაძლოა ხავსის მოჭიდების პროცესში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გაუგებარი ხელმძღვანელობა ჩამოუყალიბებელი პლატფორმებით ფიქრობდნენ, რომ მათთან ალიანში მყოფ პოლიტიკურ ძალებს მისცენ რესურსი და გადაალახვინონ ხუთპროცენტიანი ბარიერი გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური არსებობის ბოლო პერიოდს გადის. მითუმეტეს, „გორბის“ კვლევები გაკეთებულია მანამდე, ვიდრე ქვეყნისთვის ეს [ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე] პოზიტიური მესიჯი გახმოვანდებოდა. ეს მოცემულობა კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოუპოვებს „ქართულ ოცნებას“, მეტად მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ამორტიზირება. შესაძლოა ხავსის მოჭიდების პროცესში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გაუგებარი ხელმძღვანელობა ჩამოუყალიბებელი პლატფორმებით ფიქრობდნენ, რომ მათთან ალიანში მყოფ პოლიტიკურ ძალებს მისცენ რესურსი და გადაალახვინონ ხუთპროცენტიანი ბარიერი გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციებით. 5%-იანი ბარიერის გადალახვა ნიშნავს იმას, რომ მინიმალური მხარდაჭერა გაგაჩნია საზოგადოებაში, რომ შეძლო და შენი პარტიის რამდენიმე წევრი მაინც გაიყვანო პარლამენტში. საარჩევნო წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ მტრული შინაარსი, რომელიც საკუთარი ქვეყნის, ხალხის და მისი ევროპული მომავლის მიმართ გააჩნია და მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიწევს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

,,ოპოზიცია პარლამენტის შემოსვლის დღიდან ბოიკოტშია”- ელისაშვილი

ზოგიერთი ოპოზიციონერის სიცანცარე ჩემთვის აუხსნელია, თქვეს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სტატუსი მოეცათო, სამუშაო ჯგუფებში შემოვიდნენ და ეს იქნება მათი მუშაობა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტის შემოსვლის დღიდან ბოიკოტშია.

„სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი ჩემი კოლეგა ჩადის. პარლამენტში რაც შემოვიდნენ, ყოველდღე იძახიან, რომ უნდა გავიდნენ და სულ ბოიკოტში იყვნენ, ოღონდ იმ ბოიკოტში რატომ იყვნენ კაცმა რა იცის და სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ერთად დასხედით და იმუშავეთო. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რამდენიმე საათი ჯდომა არ ეხალისება, მაგრამ ქვეყნის მომავალს ასე სჭირდება და ეს გვითხრეს, ასე დაგვავალეს. ზოგიერთი ოპოზიციონერის სიცანცარე ჩემთვის აუხსნელია. შემოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და ეს იქნება მათი მუშაობა“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მშენებლობა მიმდინარეობს ( ფოტოები)

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკეიტმოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან, ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა.

ახალი პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმისა და მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონულ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

 

,,ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული”- ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი. თანხა მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, რაც პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს.

„მიმდინარე წელს, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოვყავით 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი. ამასთან, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ქართული მხარის ვალდებულებაში მოიაზრება სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალის პორტამდე მიყვანა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტების მიმართულებით 2024 წელს გათვალისწინებულია 67 მლნ ლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება;

დასრულდება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია;

დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილია მილიარდ 519 მილიონი ლარი” – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებებზე.

აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული დამხარება თითოეულ ბავშვზე 2020 წელს შეადგენდა 50 ლარს, ხოლო წელს პირველი ივლისიდან მისი ოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი და 200 ლარს შეადგენს. გარდა ბავშვთა დახმარებისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებებისთვის გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. გასულ წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესაბამისად, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემელი იზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების გასაცემელი 20 ლარის ოდენობით; ჯამში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემლებზე 2024 წელს მიიმართება 365 მლნ ლარზე მეტი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარებების ფარგლებში, 2024 წელს, ასევე, იზრდება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოცულობაც.

„საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ძირითადი კატეგორია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრები, ასევე, 9 აპრილს დაზარალებულები არიან. აღნიშნული საკითხი დაყენებულ იქნა ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვისას და გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სუბსიდიის ზრდა. მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო სუბსიდია თანხობრივად დაყოფილია 3 კატეგორიად და მომდევნო წელს დაგეგმილია სამივე კატეგორიის გაზრდა, კერძოდ: 7- ლარიანი სუბსიდია იზრდება 40 ლარამდე; 22 ლარიანი სუბსიდია განისაზღვრება 60 ლარით; 44 ლარიანი სუბსიდია იზრდება 80 ლარამდე.

გარდა ზემო აღნიშნულისა, სოციალური დახმარებების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში პირველადი შეფასებით, ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესყიდული იქნება მათთვის საჭირო საცხოვრებელი ფართები, სადაც ამ ოჯახებს და მათ მცირეწლოვან ბავშვებს, შეეძლებათ ღირსეულ პირობებში ცხოვრება. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 25 მილიონი ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, ხუციშვილმა ჯანდაცვის პროგრამებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება, სადაც 2024 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლეა გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, გაფართოვდება ქრონიკული დაავადებების პროგრამა და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებით; დაიწყება ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, რაც ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა; ასევე, მედიკამენტების მწარმოებლებთან მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში, ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება; გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სრულყოფილ კურსზე ხელმისაწვდომობას; პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა.

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 90 მილიონ ლარზე მეტი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

გარდაცვლილები გადმოასვენეს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაიმართება. 5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენებს კი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

“სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა” -გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა, ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას წარადგენს.

ამასთან, გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ იზრდება ყველა საარჩევნო წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი.

„თქვენი მოხსენებიდან გავიგეთ, რომ ყველას ყველაფერი ეზრდება და ძალიან საამაყოდ მიგაჩნიათ ამ წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური ბიუჯეტის წარმოდგენისას ნათქვამი თქვენი სიტყვები, მაგრამ ერთი პატარა რამე შეგეშალათ. ნუთუ, ერთადერთი დარგი, რომელსაც ზრდა ნული თეთრით აქვს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამა. 50 მილიონი ჰქონდა შარშან, 50 მილიონი ექნება მომავალ წელს, ზრდა – ნული, ჩაგრავთ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს. კეთილი ინებეთ და ბიუჯეტის ხელახლა შემოტანის დროს, 10-15 მილიონი გაუზარდეთ, ვინაიდან მომავალ წელს მედიკამენტების და იჯარის ფასებიც გაიზრდება, უარესდება და უარესდება იგივე თუნდაც, მკურნალობის ხარისხი, ვინაიდან ხარისხიანი წამლების ჩანაცვლება ხდება იაფი წამლებით. უბრალოდ, სირცხვილია, რომ ერთადერთი დარგი, რომელსაც ფულს არ უმატებთ, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროა.

ფაქტობრივად, გაძარცვა ქვეყანა იუსტიციის სამინისტრომ, თითქმის, 300 მილიონი ლარი გაქვთ გადახდილი 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ადვოკატების მომსახურებაში. რა ხელშეკრულებებს დებთ ისეთებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში კომპანიებს ქირაობთ, რომლებმაც, თქვენს მიერ გაფუჭებული საქმეები უნდა გამოასწორონ. შეკითხვა, 80 მილიონი დოლარი – ეს საადვოკატო მომსახურება არაა, ადვოკატმა წაიღო ფული და წააგო – 80 მილიონი დოლარი, რომელიც თქვენ „ინტერრაოსთან“ წააგეთ, ეს ბიუჯეტში რატომ არ არის ჩადებული, რა მოლაპარაკებები გაქვთ ამ „ინტერრაოსთან“, იქნებ გაგვაგებინოთ.

მესამე კითხვა, რატომ იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდი, ყოველთვის იყო 50, 55, 40 მილიონი ლარი, ახლა 80 მილიონი ლარი გახადეთ. მთავრობის სარეზერვო ფონდის ანალიზს თუ დააკვირდებით, ყოველ სარჩევნო წელს იზრდება“, – განაცხადა გოცირიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაცის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან.

საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ.

შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის.

“საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ფარცხალაძე მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა”

ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასეთ რამეს იძიებდეს, აბსოლუტურად ბუნებრივია, ამიტომ აშშ-ს ელჩის განცხადება ლეგიტიმურია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა.

„ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ფარცხალაძე საკუთარ თავს არ წარმოადგენდა ამ საქმეში, ის წარმოადგენდა რეჟიმს, ეს არის პრობლემა. ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა. საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ის მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა. ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ელჩის, რობინ დანიგანის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8932 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8836 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა”- ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება ინფლაციის მკვეთრი დასტაბილურება, რასაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ.

„პანდემიიდან მოყოლებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვნად დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, რამაც მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021-2022 წლებში არსებული ინფლაცია, ძირითადად, განპირობებული იყო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის კომპონენტებით, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების გამო, 2023 წელს ინფლაციის ტემპის შემცირებაში უკვე დადებითი გავლენა მოახდინეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.